გლობალური თაღლითური ქსელის შემქნელი, რომელმაც ევროპელ პენსიონრებს მილიარდ დოლარზე მეტი მოპარა, დიდი ბრიტანეთიდან კვიპროსში გაემგზავრა. „მისტერ კეზერაშვილს“ თან ახლავს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ტყეშელაშვილი. კვიპროსში გამგზავრებამდე „მისტერ კეზერაშვილმა“ „ფორმულას“ წილი დათმო და ალაპარაკებით დაიმუქრა. კერძოდ, ამბობს, რომ იტყვის ვინ მფრაველობს „ქოლცენტრებს“. კეზერაშვილმა თქვა, რომ აპირებს ბრიტანელი მოსამართლეების წინაშე დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა, თუმცა ამ დრომდე სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
როგორც ცნობილია, BBC-მ გამოააშკარავა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან დგანან. ბრიტანული მედიასაშუალების მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში პირველად გამოვლინდა, როგორც ამ თაღლითობის სქემა, ასევე ის ხალხი, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას. მთავარი ფიგურანტი კი დავით, იგივე „მისტერ კეზერაშვილია“, რომელმა არა მხოლოდ ევროპელი პენსიონრები გაძარცვა, არამედ ასეთივე წარამტებით გაძარცვა ქართული ჯარი და ძარცვავდა 2008 წელს, მაშინ, როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში იყო ჩართული. ყველა ამ „სიკეთესთან“ ერთად, კეზერაშვილი ჩართული იყო და არის იარაღის უკანონო ბიზნესში.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი კეზერაშვილი, უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული. მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ქართულმა საგამოძიებო სამსახურებმა გერმანელ კოლეგებთან აქტიურად მუშაობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში.
„ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი კეზერაშვილი, უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც, რა თქმა უნდა, კატასტროფულია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ, რომელმაც ჯერ ჯარი გაძარცვა, შემდეგ ბიზნეს ატერორებდა, ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით, არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა, მისმა კომპანიამ გაძარცვა პენსიონერები - მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული. ასე რომ, როცა ჩვენი ე.წ. რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, მინდა ჩვენ ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს, რა თქმა უნდა, სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კეზერაშვილის დანაშაულების შესახებ დიდი ხანია ცნობილია, თუმცა როცა BBC-დან იგებ და მხოლოდ ამის შემდეგ იჯერებ, ეს არის გოიმობა. მისი თქმით, ფული, რომლითაც კეზერაშვილი ტელევიზიას აფინანსებს, ბიზნესის რეკეტს, ჯარის და ევროპელი პენსიონერების ძარცვას ეფუძნება.
„კეზერაშვილი არის ოლიგარქი, მას სისხლიანი ფული აქვს ნაშოვნი. რის ხარჯზე? ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ჯარის გაძარცვა, ევროპელი პენსიონერების გაძარცვა და ვიღაცები მხოლოდ ახლა შეშფოთდნენ, როცა ეს ყველაფერი - მესამე ნაწილი - BBC-დან გაიგეს. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რის ხარჯზე აქვს კეზერაშვილს ფული ნაშოვნი. ეს არის ოლიგარქი თავისი სისხლიანი ფულით, შესაბამისად, ამ ადამიანისგან ფულის მიღება სხვადასხვა ფორმით, აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა“, - აცხადებს კობახიძე.
რაც შეეხება წილების გადაფორმებას, მისი თქმით, ეს, რა თქმა უნდა, ვითარებას არ ცვლის, „ფორმულა“ წაგებაზე მომუშავე ტელევიზიაა და შესაბამისად, მას სჭირდება მილიონობით ლარი იმისთვის, რომ ფუნქციონირება განაგრძოს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ კეზერაშვილი კვლავაც დააფინანსებს სისხლიანი ფულით ტელეკომპანია „ფორმულას“, შესაბამისად, წილების ფორმალური, თუ არაფორმალური გადანაწილებით არაფერი იცვლება.
„კეზერაშვილი გააგრძელებს სისხლიანი ფულით „ფორმულას“ დაფინანსებას. მთლიანობაში ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობაზე“, კეზერაშვილი არის აქ ერთ-ერთი კრიმინალი, ეს პოლიტიკური პარტია მთლიანად შედგება ლიდერების დონეზე კრიმინალებისგან - ეს არის კეზერაშვილი, მერაბიშვილი, სააკაშვილი, თითოეული მათგანი უმძიმესი კრიმინალური წარსულის მქონეა. თუ ვინმეს უნდა, რომ კეზერაშვილამდე დაიყვანოს „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი წარსული, ეს არასწორია. ეს პარტია, ლიდერების დონეზე მთლიანად კრიმინალებისგან შედგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება იარაღის ბიზნესს, კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსთან გარკვეული ურთიერთობების სისტემა კეზერაშვილმა შექმნა. ამ სისტემის მიხედვით, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან იარაღი შემოდიოდა. ეს იყო საწყისი და პირველ რიგში, ეს იყო უკრაინული იარაღი. მისი თქმით, უკრაინის რადამ სპეციალური კომისია შექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორი ფორმით ხდებოდა ამ იარაღის მიწოდება.
„ლაპარაკი იყო გაზრდილ ფასებზე და ხარისხზე. იარაღი, რომელიც აქ ჩამოდიოდა, ზოგ შემთხვევაში იყო უხარისხო, ზოგ შემთხვევაში კი ძალიან გაზრდილი ფასებით იყო ნაყიდი. 2008 წლის ომის მონაწილე არტილერისტები მიყვებოდნენ, რომ მაგალითად, ბუკების ნაწილი იყო კარგი ხარისხის, მაგრამ ნაწილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, თუმცა ფასი გადახდილი იყო, როგორც სრულყოფილ პროდუქციაში. იყო ასევე სხვა შემთხვევები, როდესაც საქართველოსთვის ნაყიდი იარაღი აღმოჩნდებოდა მაგალითად, აფრიკის რომელიმე ქვეყანაში ან ირანში.
იყო ასეთი შემთხვევებიც, შემოტანილი იყო უხარისხო იარაღი მაღალ ფასებში ან მესამე ქვეყნისთვის იყო მიყიდული. იყო ყალბი კონტრაქტების შემთხვევებიც, კერძოდ, ფული გადახდილი იყო, მაგრამ არაფერი იყო წამოსული. ოფშორულ სისტემაში არსებული ფირმები, რომლებიც უამრავია, მონაწილეობდნენ ამ სისტემაში საერთაშორისო თაღლითურ ოპერაციებში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იარაღით ვაჭრობაში. კეზერაშვილი მოქმედებდა როგორც მთავრობის წევრი და რომ არ მიეცა სააკაშვილს ამის საშუალება, ვერ შეძლებდა. როგორც მერე გამოირკვა, ეს თანხა ხმარდებოდა პარტიას და არ არის გამორიცხული, ხმარდებოდა თვითონ სააკაშვილის საჭიროებებს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე, რომელიც კეზერაშვილის მინისტრობის წლებში საგარეო საქმეთა სამინისტორში მუშაობდა for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ კონკრეტული დეტალები არ იცის, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როცა მივიდა თავდაცვის სამინისტროში ნახა, რომ ბევრ კითხვებს ბადებდა იარაღის ის სისტემები, რომელიც იყო შეძენილი. მისი თქმით, აქ საუბარია არა მარტო უხარისხო იარაღის შერჩევაზე, არამედ როგორ იყო შერჩეული კონკრეტული ტიპის იარაღი.
„უკრაინაში შეძენილი იყო მოდულები, რომელიც არ გამოიყენეს. როგორც ჩანს, არ იყო იმ კატეგორიის, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო. გარკვეული თანხები იყო გადახდილი საარტირელიო სისტემებში. იგივე თურქეთიდან ჯავშანტრასპორტიორების შემოტანა - ისეთი შემოიტანეს, რომელიც მოითხოვდა დახვეწას და ა.შ. იმ წლებში თავდაცვის სამინისტროში იყო ჩაჩიბაია და კეთილი ინებოს და გასცეს პასუხი კითხვაზე - ეს იყო არაპროფესიონალიზმის, თუ დილეტანტობის ბრალი“, - აცხადებს კაპანაძე.
რაც შეეხება იარაღით ვაჭრობის სქემას, რომელშიც დავით კეზერაშვილის სახელი ფიგურირებს, კაპანაძე აცხადებს, რომ იარაღით ვაჭრობის საკითხი იმდენად ჩახლართულია, რომ მოითხოვს სკრუპულოზურ გამოძიებას.
„ჰაერიდან არ გაჩნდებოდა ეს ეჭვები. ეს ეჭვი დაკავშირებული არის კონკრეტულ მტკიცებულებებთან. მე ხომ ვერ გეტყვით სად გაიტანა ეს იარაღი, ან როგორ გაფორმდა, რადგან იმ წლებში თავდაცვის სამინისტროში არ ვიყავი. ჩემი ვარაუდია, რომ ასეთი ბრალდება ცარიელ ადგილზე არ ჩნდება. მანამდეც იყვნენ და მის შედეგაც იყვნენ მინისტრები! რატომ სხვებზე არ იძახიან და იძახიან კეზერაშვილზე? - ამიტომ არსებობს შესაბამისი ორგანოები ქვეყანაში. დღევანდელ ხელისუფლებისკენ გავიშვერდი ხელს - რა ვერ გამოიკვლიეს ამდენი ხანი? რა უდგას წინ კონკრეტული მტკიცებულების დადებას? ყველა საბუთს დადებდნენ რომ მოენდომებინათ. მხოლოდ ახლა დაიწყეს ფაცი-ფუცი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, რა კითხვებს დასვამს ლონდონის სასამართლო კეზერაშვილის მიმართ, ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება დამოკიდებული მარტო BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების მასალებზე. დიდი ალბათობით, იქნება სხვა მასალებიც, რომელიც უკვე ოფიციალური გამოძიებით იქნება მოპოვებული. ანჯაფარიძის შეფასებით, „ქოლცენტრების“ საქმემ ისეთი რეზონანსი შეიძინა, რომ ამით დაინტერესებული არიან სამართალდამცავი სტრუქტურები და რადგანაც საქმემ ასეთი მასშტაბური განზომილება მიიღო, დარწმუნებულია, რომ იქ საკმარისსზე მეტი მასალა იქნება იმისათვის, რომ ამ საქმეში ჩართული ყველა პირი იქნეს გამოვლენილი.
„მე, ცოტა არ იყოს, არ მესმის, თუმცა კეზერაშვილის და მის უკან მდგომი ადამიანების ბუნებიდან და ქცევის წესიდან გამომდინარე, მესმის მათი ლოგიკა. როგორც ჩვევიათ ხოლმე მათ აირჩიეს ასეთი გზა - საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა. ანუ, ჯერ ყველაფერი უნდა უარყონ და თუ გაუვათ - კარგი და თუ არადა, მერე უკვე შეეცდებიან რაღაცნაირად, ევროპელი პენსიონერების ძარცვის საქმე „ქოლცენტრების“ მეშვეობით გადაიყვანონ გაჭიანურებულ სტადიაში. გაწელონ საქმე იმის იმედით, რომ მსოფლიოში მომხდარი სხვა პროცესების ფონზე, ეს საქმე უკანა პლანზე გადაიწევს და არ იქნება ისეთი ხმაურიანი, როგორიც ახლა არის. შესაბამისად, საკონტროლო პაკეტის დათმობა, სასამართლოში სარჩელის შეტანა, რასაც კეზერაშვილი აპირებს, ემსახურება სწორედ ამას, რომ რაღაცნაირად ამ სკანდალის რეზონანსი ჩააცხრონ და შეამცირონ. დანარჩენი, როგორ განვითარდება პროცესები, ეს გამოძიებაზე იქნება დამოკიდებული და ამის პროგნოზირება ძალიან რთულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.