მოსამართლეთა მიმართ სოლიდარობის მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა. დიდი ალბათობით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება.
უმრავლესობის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ტრადიციულად, ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს მიმართა, რომ საგამოძიებო კომისიის თეორიულად შექმნის შემთხვევაში, თუ აპირებენ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, როგორც ოქროს მოწმის, ანუ მთავარი მოწმის დაბარებას? მისივე განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, კელი დეგნანის დაბარება საინტერესო იქნება, რადგან, მისი თქმით, საჯარო სივრცეში დასანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
კომისიის შექმნის ინიციატორისგან, ხათუნა სამნიძისგან შეეცადა პასუხი მიეღო უმრავლესობის წევრს, ანრი ოხანაშვილს კითხვაზე, 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით ან მოსამართლეების მხრიდან, შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, თუ სმენია და თუ გამოსულა ინიციატივით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და თუ ჰქონია ამის ინტერესი, ან სურვილი?
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატს პლენარულ სხდომაზე შეახსენა რა ხდებოდა 2012-მდე და რა ხდებოდა 2012 წლის შემდეგ, რამ გამოიწვია სტატისტიკური ცვლილება. კობახიძის განცხადებით, 2012 წლიდან სტატისტიკას რომ გადავხედოთ, იქნება ეს გამამართლებელი განაჩენები, წინასწარი პატიმრების მაჩვენებლები, გირაო, ჯარიმები და ა.შ. ამ მხრივ, რადიკალური ცვლილებაა სტატისტიკაში.
„პირველ რიგში, სტატისტიკით დავიწყებ შეკითხვის დასმას და მინდა, გკითხოთ, რამ განაპირობა ეს სტატისტიკა. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რა ხდებოდა 2012-მდე და რა ხდებოდა 2012 წლის შემდეგ. 2012 წლიდან სამჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი საქართველოში. ასევე სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, ხუთჯერ ნაკლებია ჯარიმების მოცულობა, 18-ჯერ შემცირდა გირაოს მაჩვენებელი, ორჯერ შემცირდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, რაც ასევე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემია. სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობას რაც შეეხება, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები რომ ავიღოთ, სამჯერ არის შემცირებული. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ამხელა ცვლილება, ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან, მიზეზი ის ხომ არ არის, რომ სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან? რას დაარქმევდით ამას, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება 2012 წლის შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვების ადრესატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძე უმრავლესობას მიმართა, რომ თუ თვლიან არანაირ ზეწოლას ადგილი არ აქვს და მურუსიძე დღეს წმინდანი გახდა, ასეთ შემთხვევაში შეისწავლონ. სამნიძის განცხადებით, 2012 წლამდე შეიქმნა საფუძვლები, იმისთვის, რასაც დღეს ვიმკით.
„ეს კომისია არ დაინიცირებულა მხოლოდ სანქციების პასუხად. ჯერ კიდევ დეკემბერში იყო ინიციატივა და ეს კომისია დარეგისტრირდა, მაგრამ სანქციების შემდეგ ეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ეს არის ერთადერთი საკითხი, სადაც ოპოზიცია არის ერთიანი და აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. იმედი მქონდა, რომ ამ საკითხში, არც ხელისუფლებისგან წამოვიდოდა ასეთი კითხვები, თურმე 2012 წლამდე რა ხდებოდა.
როცა ვამბობთ, რომ სისტემურ შესწავლაზე იქნება ორიენტირებული ეს კომისა, ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემურ პრობლემებს შეისწავლის და არა რომელიმე საქმეს. რომ მეკითხებით გირგვლიანთან დაკავშირებით, გირგვლიანთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ დასკვნა გამოიტანა. ამ სიტყვებსაც წაგიკითხავთ: „გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ საქმის ძირითადი გარემოებები“. ეს ითქვა და ამის გადახედვა გინდათ?
თუ თქვენ თვლით, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ აქვს და მურუსიძე დღეს წმინდანი გახდა, როცა თქვენ თვითონ ამბობდით, რომ წინა ხელისუფლების დროს უპრინციპო მოსამართლე იყო და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ახდენდა, შევისწავლოთ ეს. თუ არაფერი პრობლემა არ გაქვთ რატომ გეშინიათ?“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
კომისიის შექმნას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“ მაგრამ ერთი პირობით -მიზანშეწონილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელებს დეპუტატი, რომელსაც პარტიული კუთვნილება არ გააჩნია. როგორც თინა ბოკუჩავა აცხადებს, კომისიის მუშაობა დამოუკიდებელი უნდა იყოს.
„ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვუჭერთ აღნიშნულ კომისიას სრული შემადგენლობით. ვფიქრობთ, ამ კომისიის დამოუკიდებელი მუშაობა და აღმოფხვრა იმისა, რომ არსებობდეს რაიმე სპეკულაციის შანსიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებაში მაქსიმალურად ფართო სანდოობა ჰქონდეს. ვისურვებდი, თქვენც გესმოდეთ აღნიშნული საკითხი და ასე ხედავდეთ ამ კომისიის მნიშვნელობას“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქვეყანას არავითარი პერსპექტივა არ ექნება, თუ სასამართლო სასამართლოს არ დაემსგავსა. როგორც მან პარლამენტში სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვისას განაცხადა, ლევან მურუსიძე, ჩინჩალაძე იყო 2012 წლამდეც და ზუსტად მათი ხელით მართავდა ხელისუფლება სასამართლოს.
„ლევან მურუსიძე, ჩინჩალაძე რომ აზის ამ ქვეყანას თავზე და სასამართლო ჯიბეში ედოთ წინა ხელისუფლების და თქვენი ხელისუფლების დროსაც, ამის გარკვევა გვინდა. ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ პერსპექტივა არ ექნება ამ ქვეყანას, თუ სასამართლო სასამართლოს არ დაემსგავსა - სულ ასეთი ღატაკი და მაჩანჩალა იქნება, რადგან არც ინვესტორი გაგეკარება და არავინ, ამაზეა ლაპარაკი. არ შეიძლება ერთმანეთს ნაცარს ვაყრიდეთ ამ ხნის განმავლობაში, ვითომ არ ვიცით სასამართლოში რა ხდება, ვითომ ახლა გაიგეთ. თქვენ ხართ ხელისუფლებაში და სააკაშვილს თურმე ფული მოუპარავს, კარგით რა!“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
დიდი ალბათობით, დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, წესით, სასამართლო სისტემა როდესაც დაასრულებს თავის საქმეს, ამის შემდეგ იწყება საგამოძიებო კომისიისთვის საკითხის გადაცემის პროცესი. პირდაპირ საპარლამენტო კომისიიდან პროცესის დაწყება არც პრეცედენტია და არც ლოგიკით არ არის გამართლებული. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ პარლამენტი თავის თავზე იღებს სასამართლო სისტემის ფუნქციას.
„აქ ყველაფერი თავდაყირა ხდება. ოპოზიციამ დაასკვნა, რომ რახან ამერიკამ გააკრიტიკა საქართველო, მოდით ჩვენც ამ კრიტიკას ავყვებით და ამ კრიტიკაზე ამერიკულ ქულებს მაინც მივიღებთო. არც ისაა გამორიცხული, რომ თვითონ ამერიკულმა მხარემაც თქვას, რომ საპარლამენტო დონეზე გამოიკვლიეთ ეს საკითხიო. იმიტომ, რომ ბოლო პერიოდია ამერიკული მხარე უკვე ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ არც ერთ ლოგიკაში და არც იურიდიულ სანქციებში არ ჯდება. ამდენად, ძნელი სათქმელია რას იზამენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ოპოზიციის ნაბიჯები ამერიკისთვის თავმოწონებისკენ გადადგმული ნაბიჯებია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს მოიპოვოს პოლიტიკური კაპიტალი და ამისთვის აკეთებს ყველაფერს. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე დიდი ხანია მიდის ლაპარაკი და მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია იმ პირებზე, ვისზედაც აშშ-მა დააწესა სანქციები, აქიდან გამომდინარე, ოპოზიცია ეცდება, რომ ეს თემა გამოიყენოს.
„რა არის აქ გაუკვეველი, ან არაბუნებრივი, უბრალოდ, არ მესმის, ოპოზიცია ამას გამოიყენებს და სწორიც იქნება. რამდენად მოხერხდება კომისიის შექმნა, ეს სხვა თემაა. იმიტომ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ითხოვს კომისიის შექმნას. არა მგონია, რომ კომისიის შექმნის სურვილი ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ვნახოთ, რა იქნება. „ქართული ოცნება“ შეეცდება გააჯანჯლოს ეს პროცესი და იმ დროს გამოიტანს, როდესაც ნახავს, რომ ოპოზიციიდან 50 კაცი არ არის დარბაზში. რას მოიმოქმედებს ოპოზიცია ვერ გეტყვით.
როგორ ფიქრობთ, სასამართლო სისტემა გამართული გვაქვს და მურუსიძე ანგელოზია? არანაირი კეკლუცობა ეს არაა. კი, პოლიტიკური ქულების დაწერას შეეცდება ოპოზიცია და პიარისთვის გამოიყენებს, მაგრამ კომისიას თუ შექმნიან საერთოდ? არა მაგონია, რომ ხელისუფლება წავიდეს ამ ნაბიჯზე. მას რომ უნდოდეს კომისიის შექმნა, მაშინ იმ კომენტარებს არ მოვისმენდით, რაც კეთდება, ლამის სამშობლოს ღალატად გამოცხადდა ამ კომისიის შექმნა. არ უნდათ და გასაგებიც არის, რომ არ უნდათ, მაგრამ არც „ნაცმოძრაობას“ უნდა მაინცდამიანც კომისიის შექმნა, უბრალოდ, იძულებულია რაღაცა ნაბიჯები გადადგას. დიდი ალბათობით, კომისია არ შეიქმნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი თვლის, რომ არარსებულ ე.წ. კორუფციულ საქმეებზე სასამართლოში დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა - ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, ზოგადად სამართლიანობასაც და ასევე, ელემენტარულ საღ აზრსაც. მისი თქმია, ცხადია, მოქმედი სამართლითა და სამართლიანი განსჯით, ყოვლად წარმოუდგენელია ხელისუფლების დამოუკიდებლი შტოს - სასამართლოს მიმართ პარლამენტმა, გარდა სამართლიანი საკანონმდებლო ნორმების დადგენისა, რაიმე სხვა ზემოქმედების ბერკეტი აამუშავოს, რადგან პარლამენტს არა აქვს, არც ექნება და არც შეიძლება ჰქონდეს არანაირი პოლიტიკური ძალაუფლება სასამართლოზე.
„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მოქმედ მოსამართლეებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ვერც კი დაჰკითხავს, რადგან მოსამართლე დამოუკიდებელია, მას გააჩნია დამოუკიდებლობის მყარი, კონსტიტუციური გარანტიები და არავითარი ვალდებულება არა აქვს, უპასუხოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს. უარესიც: მოსამართლის დაბარება დაკითხვაზე პარლამენტის მიერ - უკვე შეიძლება შეფასდეს, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის ანტი-კონსტიტუციური ხელყოფა.
გარდა ამისა, ეს ხომ საღ აზრსაც ეწინააღმდეგება: რადგან არ არსებობს არანაირი კონკრეტული კორუფციული სამართალდარღვევის ფაქტი, რისი გამოძიებაც საერთოდაც შესაძლებელი იქნებოდა. მეტიც: ასეთი ფაქტი რომც არსებობდეს, მოქმედი სამართლით აბსოლტურად ცხადია - იგი, თუკი მოსამართლეების დისციპლინური დევნის ფარგლებში უნდა იქნას გამოიძიებული, ეს გამოძიება თავად სასამართლო ხელისუფლების შესაბამისმა ინსტანციამ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა უნდა წარმართოს;
ხოლო თუ მისი გამოძიებისას გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაშინ - საქმე უნდა დაუყოვნებლივ პროკურატურას გადაეცეს. სრულიად ცხადია ესეც: თუკი ვინმეს აქვს რაიმე მინიშნება მოსამართლეების მიერ კონკრეტული კორუფციული დანაშაულის ჩადენაზე, კეთილი უნდა ინებოს და დაუყოვნებლიც მიმართოს პროკურატურას, წარადგინოს შესაბამისი არგუმენტები და მტკიცებულებები, რათა ქვეყნისათვის სასიკეთო სამართლებრივი შედეგი იქნას მიღწეული - კორუფცია აღიკვეთოს და დამნაშავე დაისაჯოს. და არა ასე, რომ რაღაც აბსურდული გამოძიება წარმართოს, რასაც, არც ერთ შემთხვევაში, არა თუ პრაქტიკულად, არამედ - არც თეორიულად არანაირი სამართლებრივი შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს“, - წერს საკუთარ ფბ-გვერდზე დავით ზარდიაშვილი.
თუ ეს მოსამართლეები დაიცავენ თავიანთ ღირსებას და გასაჩივრებენ, ალბათ პასუხსაც მიიღებენ. თუ არგუმენტები დაიდება. მაშინ აქაც უნდა დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ დანაშაულზე. თუ გამოძიება არასათანადოდ წარიმართება ან სასამართლო ინსტანციები მიიღებენ საეჭვო გადაწყვეტილებას, მაშინ ნამდვილად უნდა შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია.
სანამ საქმე არავის გამოუძიებია, ამ საპარლამენტო კომისიამ პირველადი გამოძიების ფუნქცია უნდა შერასრულოს? მაშინ გავაუქმოთ პროკურატურა და სხვა ორგანოები და პარლამენტმა შეითავსოს მათი ფუნქციები.
ყველაფერს ხომ აქვს თავისი წესი.