„კეზერაშვილი გადასარჩენი თავად არის და ამისთვის პარტიის ისეთი თავმჯდომარე სჭირდება, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას ადვილად შეძლებს“

„კეზერაშვილი გადასარჩენი თავად არის და ამისთვის პარტიის ისეთი თავმჯდომარე სჭირდება, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას ადვილად შეძლებს“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, შესაძლოა, ლევან ხაბეიშვილის გადარჩევა მოხდეს, რადგან დავით კეზერაშვილისთვის ის მისაღები ფიგურა აღარ არის. ამის პარალელურად, ენმ-ში დაპირისპირება მწვავდება კეზერაშვილის დაფინანსებულებსა და ნიკა მელიას მომხრეთა შორის. მელიამ საკუთარ გუნდთან ერთად ახალი ოფისი დაიქირავა და ახლა ელოდება მომენტს, ხაბეიშვილს თავმჯდომარეობიდან როდის გაუშვებენ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს და უკან დაბრუნდეს. მელიას და მის გუნდს ირაკლი ნადირაძემ სუს-ის შტატიან თანამშრომლები უწოდა, რასაც მელიას გუნდის წევრის ბაჩო დოლიძის მხრიდან პასუხი მოჰყვა. დოლიძე არ გამორიცხავს, რომ ამომრჩევლის მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვეს ლევან ხაბეიშვილის ცრუ დაპირებებს, რომ სააკაშვილს ციხიდან დაიხსნიდა.

სავარაუდოდ, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდება. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, პარტია ამ წუთებშიც მსჯელობს იმაზე, ვინ იქნება პარტიის უკვე მომავალი თავმჯდომარე და როდის ჩატარდება მომავალი არჩევნები. განიხილება ორი კანდიდატურა, ესენი არიან პეტრე ცისკარიშვილი და ლევან ბეჟაშვილი.

ლევან ხაბეიშვილის გადაყენების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ინგლისური ენის არცოდნა განიხილება, რის გამოც ის ვერ ამყარებს პარტნიორებთან ურთიერთობას. ასევე, ლევან ხაბეიშვილის სამთვიანი თავმჯდომარეობის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ფლანგად გაიყო, მელიასა და ხაბეიშვილის მომხრეებად. ინგლისურის არცოდნა, ლევან ხაბეიშვილის ყველაზე ნაკლებ პრობლემად მიაჩნია ნიკა მელიას გუნდს. თანაპარტიელები თავმჯდომარეს და მის მომხრეებს მოუწოდებენ, ახალი ოფისის კრიტიკის ნაცვლად, წინასაარჩევნო დაპირებებს მიხედონ.  

„ხაბეიშვილის ინგლისურის ცოდნა და სხვა უნარები, ნაციონალებს მისი „სივიდან“ უნდა შეესწავლათ“, - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია.

სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ კომიკურ გაერთიანებად იქცა, რომლის დაშლაც ოპოზიციურ ველს მკვეთრად გააჯანსაღებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება. პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის თავდასხმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ ემსახურება პარტიის საუკეთესო ინტერესებს.

„არანაირი ცალკე ოფისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. ამიტომ, ცალკე რაიმე სეპარატისტული ოფისების შექმნა შეიძლება ემსახურებოდეს პირადი ეგოს დაკმაყოფილებას. ნებისმიერი თავდასხმები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, რაღაცა სეპარატიზმის მცდელობა და ა.შ. ბუნებრივია, არ ემსახურება პარტიის საუკეთესო ინტერესებს“, - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

დავით კირკიტაძე არასერიოზულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკა მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა შესაძლოა, ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ.

„სეპარატიზმის განმარტებას ბატონი მელია ვერ აკმაყოფილებს, ნამდვილად ვერ ვუწოდებ მას სეპარატისტს. ასეთ რამ ღიმილის მომგვრელია. ჩატარდა არჩევნები რამდენიმე თვის წინ, უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში და მხარი დაუჭირა ლევან ხაბეიშვილს“, - აცხადებს დავით კირკიტაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები ლოგიკურია, რადგან ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი ერთ პარტიაში დიდხანს ვერ გაძლებს. საყვარელიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას აქვს ახალი პარტიის შექმნის შესაძლებლობა, მაგრამ ამას არ აკეთებს. მისი აზრით, როგორც ჩანს, მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ უკან, თანამდებობაზე დაბრუნდება, რადგან ხაბეიშვილს მალე გადაირჩევენ.

„მთელ ამ ოპოზიციას, მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ არ ვგულისხმობ, ერთი სურვილი ამოძრავებს, როგორმე „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები მიიღოს. ეს ხმები კი ყველამ კარგად იცის, მიხეილ სააკაშვილის არის. ეს ნიკა მელიამაც იცის. ენმ-ის გარეშე, ალბათ, იცის რა ბედიც ეწევა. ბევრი მისნაირი გვინახავს ნაციონალებს გამოყოფილი და შემდეგ რაც მოხდა, ფაქტი სახეზეა. მათი პარტიები 1%-ს ვერ ცდებიან. თუმცა ახლა მიხეილ სააკაშვილი ისეთ დღეაშია, მისგან რაღა ხმებს ელოდებიან არ ვიცი. ალბათ, რაც დარჩა იმის მიტაცებაც უნდათ. სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი ძალიან ბუნდოვანია. მის ამომრჩეველშიც კი დაუსრულებელმა წუწუნმა ავადმყოფობაზე და ციხეში ვერგაძლებაზე განხიბვლა მოახდინა. ამიტომ ახლა ენმ-ში ბრძოლა პოლიტიკური ნარჩენებისთვის მიდის. სააკაშვილისგან პოლიტიკური ლიდერის შექმნა, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო რთული ხდება. თუმცა, ამათ მისი და პარტიის სახელი ისევ დროშასავით აღმართული დააქვთ“, - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილის ლევან ხაბეიშვილის მიმართ შეცვლილ დამოკიდებულებას, საყვარელიძე ვარაუდობს, რომ კეზერაშვილს ამის მიზეზები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს ენების არცოდნას ნაკლებად ეხება.

„გულუბრყვილობაა ვინმემ დაიჯეროს, რომ კეზერაშვილმა არ იცოდა ხაბეიშვილი ენებს რომ არ ფლობდა. ან ვერ განსაზღვრა, რომ ამხელა პარტიის თავჯდომარეს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა მოუწევდა. მიზეზები უფრო სხვა მგონია. შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი მისი დაპირებები და ბაქიბუქი იყო, როცა ამბობდა, რომ სააკაშვილს გაათავისუფლებდა. არაა გამორიცხული, კეზერაშვილიც ფიქრობდა, რომ რადგან უფრო ქუჩის პოლიტიკოსი იყო, ის ქვეყნის არევას მელიაზე უკეთესად შეძლებდა. აქ სააკაშვილის დარდი კი არავის ჰქონდა, არამედ ქუჩაში პროცესის მართვაზეა საუბარი. მაგრამ ესეც ძალიან გულუბრყვილობად მიმაჩნია.

ქუჩაში ქართველები რომ პოლიტიკოსს გაჰყვნენ, მის მიმართ პატივისცემა უნდა ჰქონდეთ, მათთვის ავტორიტეტი უნდა იყოს. ასევე ქარიზმა უნდა გააჩნდეს, რაც ხაბეიშვილს არა აქვს. მეორე მიზეზად კი შესაძლოა, ხაბეიშვილის თვალში ამოღება „ბიბისის“ საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ მოხდა. კეზერაშვილი ახლა ფიქრობს, რომ გადასარჩენი თავად არის. სურს, რომ თავი პოლიტიკოსად წარმოადგნოს, ამისთვის კი პარტიის თავმჯდომარე სჭირდება, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას ადვილად შეძლებს. მათთან ცნობადობა აქვს და ავტორიტეტს წარმოადგენს. კეზერაშვილი თავის გადარჩენას ცდილობს და პოლიტიკოსის იმიჯის მორგება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ როდესაც „ბიბისის“ საგამოძიებო სიუჟეტი გავიდა იმ თემაზე, რომელზეც საქართველოში უკვე დიდი ხნის წინ საუბრობდნენ, ამაშიც ჩანს, თუ როგორ არავის სჯეროდა საქართველოსი, სანამ დავით კეზერაშვილმა მათი ძარცვა არ დაიწყო. ამიტომ ენმ-ში დაწყებული დაპირისპირება ლოგიკურია, რადგან ეს პარტია უკვე თავის თავს ჭამს და, ადრე თუ გვიან, მსგავსი პროცესები აუცილებლად დაიწყებოდა.

„2023 წელია და ეს ხალხი საქართველოს შერცხვენას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგრძელებს. ნორმალური ადამიანი „ბიბისის“ საგამოძიებო სიუჟეტს რომ მოუსმენს, მაშინვე სირცხვილის გრძნობა დაეუფლება და კითხვას დაუსვამს საკუთარ თავს, რა გვჭირს ასეთი ეს ხალხი ქვეყანას ვერაფრით რომ ვერ მოვაშორეთ, ვის და რის გამო გვჭირს ეს უბედურება? საქართველოს ხელისუფლებამ დიდ ბრიტანეთს 2016 წელს დაკავების და გადაცემის მოთხოვნით მიმართა. მიუხედავად არა ერთი მტკიცებულებისა, საქართველოს უარი უთხრეს გადმოცემაზე, ყველანაირი არგუმენტების და განმარტების გარეშე. ახლა კი საქართველოდან გაქცული ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს. კვიპროსზე გაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ „ბიბისიმ“ პოლიციას ეს სიუჟეტი და საგამოძიებო მასალები გადასცა. ვისთვის არის დაფარული, რომ მთელი ოპოზიციური მედიის ყიდვა დაიწყო, ასევე ოპოზიციის დიდ ნაწილს აფინანსებს? რაც შეეხება „ნაციონალურ მოძაობაში“ დაწყებულ დაპირისპირებს, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რადგან ამ ხალხს სხვაგვარად არსებობა არ შეუძლია. ერთმანეთის დაჭმა და დაპირისპირება ჩვეულებრივი ცხოვრების წესია. პარტიაშიც კი სხვადასხვა დაპირისპირებული დაჯგუფებები არსებობს. ხაბეიშვილი რომ დროებითი ლიდერი იყო, ეს არა ერთხელ გვითქვამს. ახლა, ალბათ, ბიბისის საგამოძიებო სიუჟეტმა ეს გადაადგილება დააჩქარა და საჭირო გახადა. სავარაუდოდ, პარტიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება უნდა და ხაბეიშვილი ამ კრიტერიუმებში ვეღარ ჯდება. ნიკა მელიას კი უკან დაბრუნების იმედი აქვს და ფიქრობს, ადრე თუ გვიან, ამას მოახერხებს. თუმცა, როგორ და რა ფორმით - ძალიან გაუგებარია. მაინც ვვარაუდობ, რომ ახლო მომავალში პარტია გაიყოფა და მელიას ყველანაირად შეავიწროვებენ, რადგან თავიდან მოიშორონ“, - ამბობს ქართველიშვილი.