მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სულ სხვა, ახალი რეალობა არის და ამიტომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა ეს რეალობა უნდა გაითვალისწინონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესს პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათ შორის ოპოზიციაში იმიტომ, რომ ოპოზიციის ხმები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები თავში თავს იკავებდნენ ამ საკითხის გადაწყვეტისგან, თუმცა დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სულ სხვა, ახალი რეალობა არის და ამიტომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა ეს რეალობა უნდა გაითვალისწინონ და მათაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხში“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციონერი კოლეგების დარწმუნება მოუწევს, რომ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარდაჭერა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ინიციატივას საკმარისი ხმები არ ექნება.
საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია პარლამენტში დროებითმა კომისიამ შეისწავლოს ირღვეოდა თუ არა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის უფლებები და ისიც, იმყოფება თუ არა ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“, სათანადო პირობებში.