არანაირი საფუძველი არ იარსებებს, რომ მსგავსი საგამოძიებო კომისია შეიქმნას - სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც სასამართლომ მას განუსაზღვრა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქნაძემ განაცხადა, რითაც სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობას“ საგამოძებო კომისიის შექმნა გასულ წელს დააინიცირა და მერე თვითონვე გადადეს, რომ არ განხილულიყო.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მცდელობა, რომ როგორმე მიხეილ სააკაშვილი დღის წესრიგში აქტუალურ თემად დატოვოს. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც სასამართლომ მას განუსაზღვრა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციონერი კოლეგების დარწმუნება მოუწევს, რომ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარდაჭერა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ინიციატივას საკმარისი ხმები არ ექნება.
საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია პარლამენტში დროებითმა კომისიამ შეისწავლოს ირღვეოდა თუ არა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის უფლებები და ისიც, იმყოფება თუ არა ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“, სათანადო პირობებში.