პრაღაში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

პრაღაში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა მთავრობის გადადგომა და უკრაინის ომის დასრულება მოითხოვეს.

პრაღაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია „ჩეხეთი სიღარიბის წინააღმდეგ“ ორგანიზებული იყო არასაპარლამენტო პოპულისტური პოლიტიკური პარტიის, „უფლება, პატივისცემა, პროფესიონალიზმის“ მიერ.

დემონსტრანტებმა მაღალი ინფლაცია და ენერგეტიკის ფასები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით: „როცა უსამართლობა კანონი ხდება, წინააღმდეგობა მოვალეობად იქცევა“, „ხალხს არ უნდა ეშინოდეს თავისი ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს თავისი ხალხის“, „საერთო გაფიცვა“, „მიეცით მშვიდობას შანსი“, „არავითარი ომი“, „გამოდით ნატო-დან“, „ცრუ ხელისუფლება და მედია“.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა, დავიცვათ მშვიდობიანი გადაწყვეტა ჩვენს კონტინენტზე. მსოფლიო ძალები ჭადრაკს თამაშობენ, უკრაინა მხოლოდ ერთი უჯრედია და ყველაზე ბოლო, რაც მათ აინტერესებთ, არის ჩვეულებრივი უკრაინელებისა და რუსების ცხოვრება, რომლებიც ყოველდღე კვდებიან“, – თქვა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, იინდრჟიხ რაიხლმა.