პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი არ გაჩერდება და სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლება განახორციელოს აგრესია.
„თუ უკრაინა არ მიიღებს დახმარებას, რუსეთი მოიგებს ამ ომს, რაც რუსეთის მხრიდან მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება ევროპის ამ ნაწილის ხალხებზე დომინირების გასავრცელებლად“, - აღნიშნა ანდჟეი დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პოლონელებმა ძალიან კარგად იციან „ეს რუსული სიხარბე, სხვა ხალხებზე ბატონობის, სხვა ხალხების დამონების, პოტენციალის წართმევისა და მისი გამოყენების სიხარბე“ და ამიტომაც პოლონეთი უკრაინას უჭერს მხარს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს, ასევე მუდმივად გაუწიოს ეს მხარდაჭერა უკრაინას, სანამ ეს ომი ნამდვილად არ დასრულდება რუსეთის გამარჯვების გარეშე. რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს. თუ რუსეთი ამ ომს მოიგებს, ის უფრო მეტ ქვეყანას დაესხმება თავს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.