პენტაგონის „საიდუმლო მასალების“ გაჟონვის უკან შესაძლოა ერთ-ერთი ამერიკული სამხედრო ბაზის ახალგაზრდა თანამშრომელი იდგეს, - ამაზე The Washington Post-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგები მიუთითებს. გამოცემის ჟურნალისტებმა იპოვეს და კონფიდენციალურობის დაცვის პირობით გაესაუბრნენ ორ ადამიანს, რომლებიც თავს დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის მეგობრებს უწოდებენ.
მასალაში სამხედრო ბაზის თანამშრომელი აღწერილია როგორც „ახალგაზრდა ქარიზმატული მამაკაცი“, რომელსაც უყვარს იარაღი, სწამს ღმერთის, დაინტერესებულია სპორტული ავტომობილებით და ნიკით OG დარეგისტრირებულია დახურულ ფორუმზე, სადაც პირველად პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებმა გაჟონა.
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში OG საიდუმლო მასალებს ერთ-ერთ დახურულ ჩათში ავრცელებდა, თუმცა მისი ნაცნობები ვერ ერკვეოდნენ სამხედროების პროფესიულ ტერმინოლოგიაში, რის გამოც OG-მ პენტაგონის ანგარიშების თითქმის სიტყვასიტყვით გაშიფვრა დაიწყო. თავიდან ეს იყო ცნობები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საიდუმლო დოკუმენტების შინაარსით. მეგობრების განცხადებით, OG დიდ დროს ატარებდა პენტაგონის დაცულ ობიექტზე, სადაც აკრძალულია ტელეფონითა და სხვა ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობა, და დამოუკიდებლად აკეთებდა ზოგიერთი დოკუმენტის ასლებს.
ამის შემდეგ OG-მ დაიწყო კვირაში რამდენიმე სტენოგრამის ფოტოასლების გასაჯაროება. WP-ს ჟურნალისტები აცხადებენ, რომ 300-მდე ასეთი ფოტო შეისწავლეს და მათი უმეტესობის შესახებ ჯერ მედიაში არაფერი დაწერილა.
„ის ჭკვიანი ადამიანია. რა თქმა უნდა, მან იცოდა, რასაც აკეთებდა, როდესაც ამ დოკუმენტებს აქვეყნებდა. ეს არ იყო შემთხვევითი გაჟონვა“, - ამბობს OG-ს ერთ-ერთი ნაცნობი.
მეგობრების განცხადებით, OG არ არის რუსეთის აგენტი ან პრორუსულად განწყობილი ადამიანი. მათივე თქმით, ის ომში ჩართულ არც ერთ ქვეყანას არ უჭერს მხარს, თუმცა სურდა, რომ მისი მეგობრები კარგად ინფორმირებულები ყოფილიყვნენ.
7 აპრილს, პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ პენტაგონი უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს.