დენის შმიგალი: უკრაინის კონტრიერიში შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს

დენის შმიგალი: უკრაინის კონტრიერიში შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს

უკრაინის კონტრიერიში შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს, - ამის შესახებ The Hill-ს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განუცხადა.

მისივე თქმით, კონტრიერიშის დაწყების საკითხზე ყველაზე დიდ ზეწოლას უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის შიგნიდან განიცდის.

„არ ვგრძნობთ არანაირ ზეწოლას ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან. ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა გვეუბნება, რომ კონტრიერიშის დასაწყებად 100%-ით და მეტით მზადყოფნა არის საჭირო“, - განაცხადა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

რაც შეეხება იმას, როგორ აისახება პენტაგონიდან ინფორმაციის გაჟონვა უკრაინის სამხედრო გეგმებზე, შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიებს გაათავისუფლებს.

„არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება. საერთაშორისო პარტნიორებისგან ჩვენ ვითხოვთ მეტ სამხედრო შესაძლებლობას - ტანკებს, შეიარაღებას და ა.შ.“- აცხადებს შმიგალი.

7 აპრილს, პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ პენტაგონი უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს. საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის, კრის მიგერის განცხადებით, პენტაგონი ჯერ კიდევ მუშაობს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის მასშტაბის დასადგენად.