ევროპამ უნდა შეამციროს შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება და თავიდან აირიდოს ჩინეთსა და აშშ-ის შორის ტაივანის საკითხზე კონფლიქტში ჩათრევა - ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ინტერვიუ POLITICO-სა და ორ ფრანგულ გამოცემას ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ მისცა. მისი თქმით, დიდი რისკი, რომლის წინაშეც ევროპა დგას, არის ის, რომ მას „ითრევენ კრიზისებში, რომლებიც ჩვენი არ არის, რაც ჩვენი სტრატეგიული ავტონომიის მშენებლობას აფერხებს“.
მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპა უნდა გახდეს მესამე ძალა ტაივანის საკითხში და არ გახდეს ვაშინგტონის ან პეკინის პოზიციის მიმდევარი.
„ყველაზე ცუდი იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენ, ევროპელები ამ საკითხზე მიმდევრების როლში უნდა ვიყოთ და შევეწყოთ ამერიკულ რიტმსა თუ ჩინეთის გადამეტებულ რეაგირებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ევროპამ უკეთ უნდა დააფინანსოს საკუთარი თავდაცვითი ინდუსტრია, განავითაროს ბირთვული და განახლებადი ენერგია და შეამციროს დამოკიდებულება ამერიკულ დოლარზე.