„უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ცნობილ სახეებთან“

„უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ცნობილ სახეებთან“

„მაესტრო“ მიჩვეულია ექსტრემალურ პირობებში მუშაობას, ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე ცნობილ სახესთან და მალე „მაესტრო“ გახდება მეორე არხი რეიტინგში“– აცხადებს ამ ტელეკომპანიის ერთ ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი media.ge-თან არხიდან ტელეკომპანია "იმედზე" გადასულ ჟურნალისტებზე საუბრისას.

მისი თქმით, „მაესტროდან“ ამ დროისთვის „იმედზე“ გადასულია ჟურნალისტი, თეა სიჭინავა, არხის ტოქშოუების მთავარი პროდიუსერი, საინფორმაციო გამოშვების მთავარი რეჟისორი, პოლიტიკური ტოქშოუების პროდიუსერი. „იმედზე“ გადასვლის შეთავაზება აქვთ ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს და მისი გადაცემის, „პოლიტმეტრის“ პროდიუსერს. ღლონტისთვის ამ დრომდე ცნობილი არ არის, დათანხმდნენ თუ არა ისინი „იმედის“ შეთავაზებას. მისთვის აგრეთვე ჭორის დონეზე ცნობილია, რომ აწარმოებენ მოლაპარაკებებს სხვა თანამშრომლებთანაც. „იმედზე“ გადასვლის შეთავაზება არ აქვს საინფრომაციო სამსახურის უფროსს, ხატია ქვათაძეს.

„მათ ალბათ მეტი ანაზღაურება და უკეთესი პირობები შესთავაზეს, ამის შესაძლებლობა „მაესტროს“ არ ჰქონდა და ადამიანურად მესმის მათი“, - ამბობს ღლონტი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი ტელეკომპანიიდან „იმედზე“ კადრების გადინება მიზნად ალბათ „მაესტროს“ დასუსტებას ისახავს, რისი ბრძანებაც ხელისუფლებიდან მომდინარეობს და ამას „იმედი“ ასრულებს. „რადგან დღევანდელი ხელისუფლების ერთ ფრთას სურდა „მაესტროს“ დამეგობრება, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ და ისე არ ვაშუქებდთ ყველაფერს, როგორც ეს სასურველი იყო ხელისუფლების რომელიმე ფრთისთვის“. ამ აზრს ღლონტისთვის ის ფაქტიც ამყარებს, რომ „იმედზე“ ვახო სანაიას ტოქ–შოუს უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე მისი არხის ტოქ–შოუებს.

Media.ge-მ „იმედის“ ხელმძღვანელობასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

ღლონტი განმარტავს, რომ „მაესტროს“ ხშირად უბლოკავენ ინფორმაციას „როდესაც "ევრონიუსის" ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან ეთერში უნდა გასულიყო, ამის შესახებ თითქმის ყველა არხმა იცოდა წინასწარ და ჰქონდა ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა, მაესტროსთვის კი ამის შესახებ არავის უცნობებია. ყოფილა შემთხვევები, როცა „მაესტროს“ კამერა გამოურთიათ ქსელიდან ივანიშვილის პრესკონფერენციაზე. შესაძლოა, ეს შემთხვევითობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ხდება“, - ამბობს ღლონტი, რომელიც არ გამორიცხავს - კონკრეტული პირების ქმედებების გამო საქმე სასამართლომდეც მივიდეს. ამ დროისთვის ის არ აკონკრეტებს რას და ვის ეხება საქმე.

მას არ უსაუბრია „იმედის“ ხელმძღვანელობასთან, „რადგან ფიქრობს, რომ ამის მორალური საფუძველი არ აქვს, მას შემდეგ რაც ამ ტელეკომპანიის ფინანსური ამნისტია მოხდა „რუსთავი 2“–თან და საზოგადოებრივ მაუწყებლთან ერთად. „იმედს“ ახლა აქვს შესაძლებლობა ბიუჯეტში გადაუხდელი 16 მილიონით იმუშაოს“.

ღლონტი იმედოვნებს, რომ მის არხზე მოხდება ფინანსური ზრდა რეკლამის ხარჯზე და რეიტინგული გადაცემების ავტორებს ექნებათ მაღალი ხელფასი და ბონუსები, რაც აქამდე არ იყო. ფიქრობს, რომ 2015–2016 წლისთვის სხვა არხებთან მიმართებაში თანაბარ პირობებში იქნება და #1 ტელევიზიად ქცევას მოახერხებს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რის შედეგადაც ძალაუფლება კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, იმავე წლის ოქტომბერში, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ახლა დაპატიმრებულია და სასამართლოს ელოდება, გამოსცა ბრძანება და „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, „ტელეიმედს“ და „ტელეკომპანია პიკს“ ჯამში 20 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოაწერა. ტელევიზიების მიმართ კიდევ ერთი ამნისტია 2010 წელს გამოცხადდა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფინანსთა ახალმა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ მისი უწყება აპირებს პროკურატურას გადაუგზავნოს მასალები მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების იმ გადაწყვეტილებების შესასწავლად, რომლის საფუძველზეც ”რუსთავი-2-ს” და ”იმედს” საგადასახადო დავალიანება ეპატია.

"მაესტროს“ ექვსი მფლობელი ჰყავს - 15-15 პროცენტს მამუკა ღლონტი, ლევან ჩიკვაიძე და გიორგი ებრალიძე ფლობენ, 5 პროცენტი ეკატერინე აკობიას ეკუთვნის, 25-25 პროცენტი კი მაკა ასათაინსა და გიორგი გაჩეჩილაძეს. ამ უკანასკნელის კუთვნილი 25 პროცენტი მართვის უფლებით ტელეკომპანიის დირექტორს, ილია (ბაჩო) კიკაბიძეს აქვს გადაცემული.