Cream - მძიმე ბლუზის ნოვატორი

Cream - მძიმე ბლუზის ნოვატორი

გასული საუკუნის 60-იანი წლების ბრიტანული როკ სცენა, რომ ექსპერიმენტებისა და ნოვატორული მუსიკის პლაცდარმია, ეს ყველამ შესანიშნავად ვუწყით, მაგრამ იმ დროის ზოგიერთი გამოჩენილი კოლექტივი, რომ განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩეოდა, ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია.

ამ მხრივ შესაძლოა უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია Cream, რომელმაც არსებობის სულ რაღაც სამი წლის მანძილზე, არაერთი უნიკალური ისტორიული შტრიხით დაგვამახსოვრებინა თავი და დღემდე გვალაპარაკებს, როგორც როკ მუსიკის ყოველმხრივ გამორჩეულ შენაძენზე, განსხვავებული ჟღერადობითა და დაკვრის სტრუქტურით.

მოდით ამ უკანასკნელით დავიწყოთ, შემდეგ კი სხვა ამბებსაც მივხედოთ. Cream, რომელსაც სამი მუსიკოსი - გიტარისტი და მომღერალი ერიკ კლაპტონი, ბას გიტარისტი და მომღერალი ჯეკ ბრიუსი და დრამერი და მომღერალი ჯინჯერ ბეიკერი შეადგენდნენ, ამ სამეულის ერთიანი იდეის განსაკუთრებული შედუღაბების მაგალითად შეიქმნა, რადგან თითოეული მათგანის მომდევნო სოლო ალბომებში იმდენად ნაკლებად იგრძნობა Cream, რომ მათივე შექმნილი მძიმე (მომავალში ზოგჯერ) ბლუზური ხელწერის მიუხედავად, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ზოგიერთი მსმენელი მათგან ისევ მხოლოდ Cream -ს ისმენდეს, ან პირიქით სოლო ალბომებს. ეს განსაკუთრებით კლაპტონსა და ბეიკერს ეხება, რომელთაგან პირველმა გაცილებით შეამსუბუქა რეპერტუარი, ხოლო მეორემ კი იგი ექსპერიმენტული გზით წარმართა ფოლკისა და ჯაზ როკის საკმაო რაოდენობით ელემენტების ჩართვით.

აქედან გამომდინარე, Cream -ის სამართალმემკვიდრედ ალბათ მაინც ჯეკ ბრიუსი უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ბოლოს და ბოლოს ტრიოში კლაპტონზე მეტს წერდა სიმღერებს და მღეროდა...

Cream საყოველთაო აღიარებით, ქრონოლოგიურად მსოფლიოს პირველ სუპერ ჯგუფად მიიჩნევა. საქმე ისაა, რომ თითოეული მუსიკოსი უკვე სარგებლობდა პოპულარობით როგორც ინგლისში, ასევე სხვადასხვა დოზით, ოკეანის გაღმაც.

1966 წლისთვის ერიკ კლაპტონის დისკოგრაფიას The Yardbirds-თან და John Mayall’s Bluesbreakers-თან ერთად ჩაწერილი ალბომები ამშვენებდნენ. ჯეკ ბრიუსი მანფრედ მენის ჯგუფში უკრავდა. გარდა ამისა, მას და ჯინჯერ ბეიკერს ალექსის კორნერის ჯგუფში მონაწილეობასთან ერთად, ზურგს კიდევ ერთ ბრიტანულ როკ სამჭედლოში Graham Bond Organization მოღვაწეობა უმაგრებდათ. სწორედ აქ დაიძაბა ურთიერთობა ორ გამორჩეულ ბრიტანელ მუსიკოსს შორის, რომელთა ამბიციებიც და ერთიმეორის დათრგუნვის სურვილი ზოგჯერ ზღვარს აღწევდა. ერთხელაც რეპეტიციაზე ჯეკ ბრიუსმა განუცხადა ჯინჯერ ბეიკერს, რომ ცოტა ჩუმად დაეკრა, რადგან მისი ბრახუნისაგან თავი სტკიოდა. პასუხად დრამერმა არ დაახანა და თავში ჯოხები უთავაზა ბასისტს. შემდეგ კი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამ „ფსიქოდელიის“ სულისჩამდგმელი გრემ ბონდი, ნარკოტიკების სასტიკი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ზოგჯერ საკუთარი ჯგუფის დატოვებაც კი უწევდა ხოლმე. ცნობისათვის დიდწილად მისი დამსახურებაა Colosseum-ის და ჩვენს მიერ დღეს აღწერილი Cream -ის შექმნა.

ერთხელაც, ბონდის არყოფნისას მორიგი დაპირისპირების დროს, ბეიკერმა ბრიუსს განუცხადა, რომ ჯგუფში მისი საჭიროება  აღარ იყო, პასუხად ბასისტმა დრამერი გრემ ბონდის ნარკოტიკებით გარყვნაში დაადანაშაულა, საბოლოოდ კი ბრიუსს ჯგუფის დანარჩენ წევრთა ძალისხმევითაც კოლექტივის დატოვება მოუხდა. საინტერესო კი ისაა, რომ Cream -ის შექმნის წინაპირობა სწორედ ასეთი იყო და ამის შესახებ ერიკ კლაპტონმა არაფერი იცოდა!

ჯინჯერ ბეიკერი, როგორც „თავისუფალი აგენტი“ John Mayall’s Bluesbreakers-ში უკრავდა. სწორედ აქ შესთავაზა მან აღიარების ზენიტში მყოფ კლაპტონს ჯეკ ბრიუსთან და მასთან ერთად ტრიოს ჩამოყალიბება. გარდა ბასისტთან ზემოთ აღნიშნული დაპირისპირების ფონზე, მასთან კვლავ პარტნიორობის გაჩაღების სურვილისა, გაკვირვებას იწვევდა ერიკ კლაპტონის გადაწყვეტილება ჯონ მეიალის ჯგუფის დატოვებისა John Mayall’s Bluesbreakers with Eric Clapton უაღრესად წარმატებული ალბომის შემდეგ.

თითქოს ბედისწერა იყო, რომ Cream -ს უნდა დაესწრო მსოფლიოს უდიდესი ტრიოსთვის The Jimi Hendrix Experience და ვინ იცის გაეჩინა კიდეც იდეა ბრაიან ჩაზ ჩენდლერისთვის ამ უკანასკნელის აუცილებლად ტრიოდ ჩამოყალიბებისა! ამას ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჯიმი ლონდონში უპირველეს ყოვლისა ერიკ კლაპტონის გაცნობის მიზნით ჩავიდა და სულ მალე Cream -ს უდიდესი კონკურენტი გამოუჩნდა...

Cream 1966 წელს შეიქმნა, ალბომი Fresh Cream განასახიერებდა ბრიტანული როკის იმ ახალ მიმართულებას, რაც განსაკუთრებით რეპერტუარის კონცერტზე გამოტანის შემდეგ შეისხამდა ფრთებს. თავისუფალი ჯაზის ყაიდის უაღრესი იმპროვიზაციულობა ფესვებს ბლუზურ ძირებში ჰპოვებდა, რაც აღერეული იყო „ბიტლურ“ კომპოზიციურ სიწრფელესთან. აი ასე შეგვიძლია შევაფასოთ Cream-ის ახლებური ბლუზი უმძლავრესი რიტმ სექციით, რომელიც დიდწილად ბრიტანული ჰარდ როკის საფუძვლად იქცა. ტრიოს მთავარი კომპოზიტორი ჯეკ ბრიუსი იყო. სადებიუტო ალბომს მის მიერ პოეტ პიტი ბრაუნთან ერთად შექმნილი I Feel Free ხსნიდა და ჯინჯერ ბეიკერის ამბიციური დრამ სოლო Toad აბოლოვებდა, რაც აშკარა სიახლე იყო როკ ალბომისთვის. სადებიუტო ალბომში გაცილებით მძლავრი და განსხვავებული ჟღერადობა მიიღეს კლასიკურმა ბლუზებმა - მადი უოტერსის Rollin’ and Tumblin’ და ვილი დიქსონის Spoonful-მა.

მომდევნო Disraeli Gears წინა ნამუშევრის გაგრძელებად იქცა იმდენად, რომ ხასიათით ამ ორი ალბომის ორდისკიან ალბომად წარმოდგენაც კი შეგვიძლია. კლაპტონის როლი აქ თითქოს ოდნავ მომატებულია და ეს განაპირობა მსოფლიო მნიშვნელობის ჰიტმა Sunshine Of You Love. სიმღერის ძირითადი ავტორები ბრიუსი და ბრაუნია. კლაპტონი კი შესანიშნავმა სოლომ აქცია ჟურნალ როლინგ სტოუნის გამოკითხვით მსოფლიოს 500 საუკეთესო სიმღერაში შემავალი Sunshine Of You Love-ის თანაავტორად. ამ მხრივ გამორჩეული Cream-ის კიდევ ორი სიმღერა - ბრიუსისა და ბრაუნის White Room და რობერტ ჯონსონის Crosdsroads, უკვე მომდევნო და ჯგუფის  უკანასკნელი ნამუშევრიდან Wheels Of Fire გახლავთ აღებული.

უნდა აღინიშნოს, რომ სამივე ეს სიმღერა დღემდე ბრიუსისა და კლაპტონის წამყვან  საკონცერტო ნომრებად რჩება, როგორი ყაიდის კონცერტსაც არ უნდა ასრულებდეს თითოეული ეს მუსიკოსი, ხოლო Sunshine Of You Love კი თავის დროზე ჯიმი ჰენდრიქსმაც აითვისა ინსტრუმენტული კომპოზიციის სახით.

Wheels of Fire ორდისკიანი ალბომია, რომლის პირველი ნაწილი სტუდიურია. ექსპერიმენტული თვალსაზრისით გამორჩეულად საინტერესოა ვინილის დისკის პირველი გვერდი, რომლის საოცრად განსხვავებული სიმღერები, სრულად გვიქმნის მოჩვენებით ერთფეროვნებაში ჩადებულ იმ ენითაღუწერელ ერთობაზე შთაბეჭდილებას, რამაც ეგიდით „ხელოვნება ხელოვნებისთვის“ ცოტა ხნით მაინც დააკავშირა უაღრესად ამბიციური მუსიკოსები, რომელთაგან თითოეული საკუთარი პირველობის დამტკიცებას ცდილობდა. White Room-ს პირქუში და თითქოს მკაცრი Sitting on Top of the World მოსდევს. შემდეგ კი ალბომის მშვენებას - ჯინჯერ ბეიკერის Passing the Time-ს ვისმენთ. უცნაურია, მაგრამ სიმღერაში  ენდრიუ ლლოიდის უებბერის ცნობილი როკ ოპერის ინტონაციები შეიგრძნობა. ზოგადად კი, Ginger Baker’s Air Force გაცილებით ექსპერიმეტული, თუმც ნაკლებად დახვეწილი გამოვიდა კლაპტონისა და ბრიუსის Cream-ის შემდგომ ნამუშევრებთან შედარებით.

ტრიო კი, რომელსაც სულ სამიოდე წელიწადი ეყო ლეგენდარულის სტატუსის მოსაპოვებლად, მეტს ვეღარ იარსებებდა, რადგან მუსიკოსები საკონცერტო დასამშვიდობებელ ალბომ Goodbye-ის ტურნეში, სცენაზე უკვე სხვადასხვა სასტუმროებში ნაქირავები ოთახებიდან მიემართებოდნენ...

შემდგომში Cream ერთხელ - 2005 წელს შეიკრება და როკ სამყაროსაც როიალ ალბერტ ჰოლში ჩატარებული კონცერტის 2 დისკიანი DVD მოევლინა. კონცერტი დიდებული გამოვიდა, თუმც ალბათ გვამცნო, რომ ნაღები ტრიო საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა.