“9 აპრილს ენმ-ს ორგანიზებით რუსთაველზე აქცია გაიმართება, მანამდე კი პარტიამ ახალი წევრები წარადგინა - ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით შესაძლოა აქციაზე ბევრი ხალხი მივიდეს, რადგან სურვილი სხვა ოპოიციურმა პარტიებმაც და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმაც გამოხატეს, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ პარტია “რადიკალურ გზაზე გადავიდა” და ახლა საკუთარი ძალების მოსინჯვას ცდილობენ. “9 აპრილს დაგეგმილი აქციის მოთხოვნა არის მხოლოდ ერთი, რომელიც უკავშირდება 12 რეკომენდაციის შესრულებას, კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას. „რუსული ოცნება" საბოტაჟს აწყობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ცხადია, აქციაზე პრიორიტეტული იქნება ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების საკითხი”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ენმ-ის მზადება 9 აპრილისთვის - რა მოთხოვნებს გააჟღერებს პარტია აქციაზე და იქნება თუ არა ის ხალხმრავალი.
მისი თქმით, “როდესაც საუბარია ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ეს საკითხი 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილია, რაც არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტის მოთხოვნაა, ასევე არის 27 ქვეყნის ელჩების დემარშის ერთ-ერთი საბაბი”. ამბობს, რომ 9 აპრილის აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. ამის პარალელურად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალი სახეები წარადგინა, გენერალი მამუკა ყურაშვილი პარტიის თბილისის ორგანიზაციაში, ხოლო გენერალი ზაზა გოგავა სამდივნოში დაიკავებს ადგილს. “ნაცმოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის სიმბოლო გახდა “მოლოტოვის კოქტეილი” და რჩება ყავარჯნიანი კაცი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას დაძაბულობის შექმნა და ხელისუფლების მონსტრად წარმოჩენა სურს, თუმცა, აქციებზე “მათთვის სამწუხაროდ, სისხლი არ დაიღვარა, არავინ არ მოკვდა”. ჟურნალისტების კითხვაზე, რომ კონკრეტულმა პირმა მარტის აქციებზე მხედველობა დაკარგა, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “ზოგადად, სიტუაციას უნდა გადავხედოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გადავხედოთ სიტუაციას ზოგადად, ამ მხედველობის დაკარგვაზეც გარკვეული შეკითხვები არსებობს, მაგაზე არ არის, პიროვნებებზე ნუ გადაგვაქვს საქმე - სიკვდილის მოთხოვნა, ორი გვამის მოთხოვნა დღის წესრიგშია, სიმბოლო “ნაცმოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციის გახდა “მოლოტოვის კოქტეილი” და კვლავ რჩება ყავარჯნიანი კაცი, ეს არის სიმბოლო და ამას ვერაფერი შეცვლის მიუხედავად ათასგვარი მცდელობისა”, - თქვა ვოლსკიმ. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ენმ დღეს უფრო რადიკალური გზით წავიდა, ვიდრე ნიკა მელიას დროს იყო. ხოლო შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ხალხმრავალ აქციას ელოდება, სადაც მოთხოვნებიც გაჟღერდება”, - განაგრძობს გამოცემა.
“ხაბეიშვილის არჩევით ენმ რადიკალურ გზაზე გადავიდა, “ნაცმოძრაობის” მესვეურებს ეტყობა ნიკა მელიას პროტესტების ტაქტიკა და სტილი არ მოსწონდათ და ახლა გადაწყვიტეს, რომ რადიკალური გზით იარონ. მათ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა და ისეთი სურათის შექმნა სურთ, რომ თითქოს სამოქალაქო დაპირისპირებაა, რასაც ვერ მიაღწევენ, ყოველდღიურადაც, რომ მიტინგები ატარონ. 9 აპრილი საქართველოს დღეა და არა რომელიმე პარტიის. ახლა ცდილობენ, რომ საკუთარი ძალები მოსინჯონ რამდენი მხარდამჭერი ჰყავთ, ქუჩაში გამომსვლელი რამდენია და ა.შ. ეს დიდად არაფერს არ ნიშნავს, ისინი ნებისმიერ არჩევნებში აგებენ და კიდევაც წააგებენ, რადგან ტოქსიკური ტაქტიკა და ქმედებები აქვთ. ისინი იმ ჯალათური რეჟიმის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც საქართველოს ათიათასობით ოჯახი დააზარალა. რასაკვირველია აქციაზე გზავნილები იქნება, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება, შესაძლოა სია უფრო გაზარდონ. მიტინგზე მორიგი უაზრო მოთხოვნები გაჟღერდება, რასაც არანაირი აზრი არ ექნება. ენმ-ს ჭკუაზე ეს ქვეყანა დიდი ხანია აღარ დადის”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას გია აბაშიძე.
“მგონია, რომ 9 აპრილს დიდი აქცია იქნება, რადგან რეგიონიდანაც ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა. მართალია აქცია ენმ-მ დააანონსა, მაგრამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტია და საზოგადოების წარმომადგენლები ემზადებიან, რომ პროტესტს შეუერთდნენ. თუმცაღა ეს არ ნიშნავს, რომ ეგრევე ხელისუფლება შეიცვლება. მგონია, რომ აქციებს ყოველდღიური არა, მაგრამ გაცილებით უფრო ხშირი ხასიათი ექნება. 9 აპრილის მერე, არაა გამორიცხული, რომ 26 მაისს, 20 ივნისს გაიმართოს, ანუ დიდი აქცია დავუშვათ თვეში ერთხელ კონკრეტულ თარიღს მიეძღვნას. ხელისუფლება თუ ბევრ ხალხს დაინახავს, უკან დაიხევს, როგორც ეს 8-9 მარტის აქციებზე გააკეთა. თუმცა ფარ-ხმალის დაყრას არც ხელისუფლება აპირებს, თავის ოპონენტების მიმართულებით, ისევ და ისევ სიძულვილის ენას თესავს, რაც ძალიან სამწუხაროა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას მოითხოვენ, მგონია, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნების მოთხოვნას, ეს იმაზეა დამოკიდებული როგორი საპროტესტო მუხტი იქნება და აქციაზე რამდენი ადამიანი მივა. თუმცაღა მეორეს მხრივ ვადამდელი არჩვენებიც რომ გაიმართოს, ოპოზიციას სერიოზული მომზადება სჭირდება, მოსახლეობას რეალური გეგმა აუცილებლად უნდა შესთავაზოს, რომელიც ყველა სფეროს შეეხება”, - დასძენს ნიკა ჩიტაძე.