ლატვიის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნების თაობაზე.
კანონის თანახმად, სავალდებულო წესით ჯარში გაიწვევენ მამრობითი სქესის 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქეს. სტუდენტებისთვის კანონი გაწვევის გადავადებას ითვალისწინებს.
„თავდაცვის სახელმწიფო სამსახური“ ითვალისწინებს როგორც უშუალოდ სამხედროს, ასევე თავდაცვის სამინისტროს დაწესებულებებში ალტერნატიულ სამსახურს. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა 11 თვე იქნება.
პირველი გაწვევა 2023 წლის 1 ივლისს დაიწყება და ნებაყოფლობითი იქნება, 2024 წლიდან კი გაწვევა სავალდებულო გახდება. ჯარში ნებაყოფლობით მსახურებას 18-დან 27 წლამდე ასაკის ქალებიც შეძლებენ.
სავალდებულო სამხედრო სამსახური ლატვიაში 2007 წელს გააუქმეს. მას შემდეგ ქვეყანაში მხოლოდ პროფესიული ჯარი მოქმედებდა. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნება უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდება.