საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა პროფკავშირებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის პროექტში ცვლილებების შეტანას არ აპირებს. ამის შესახებ Euractiv-ი წერს.
პროფკავშირ CFTC-ის პრეზიდენტმა სირილ შაბანიემ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილებას „სერიოზული“ უწოდა, პროფკავშირ CFDT-ის გენმდივანმა ლორან ბერჟემ „დემოკრატიული კრიზისის“ არსებობას გაუსვა ხაზი, პროფკავშირ CGT-ის ახალმა თავმჯდომარემ სოფი ბინემ კი მთავრობას „რადიკალიზებული და უშინაარსო“ უწოდა.
პრემიერ-მინისტრმა ბორნმა, თავის მხრივ, შეხვედრას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ამავე დროს, მან აღიარა, რომ პენსიაზე გასვლის ასაკთან დაკავშირებით არსებულმა უთანხმოებამ „შეხვედრის მონაწილეებს ღრმა დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა არ მისცა“.
შეხვედრის შემდეგ პროფკავშირებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ მთავრობის გადარწმუნება ვერ შეძლეს, და ადამიანებს გაფიცვის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.
17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო. კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რეფორმაა.
სადავო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისთვის საჭირო სამუშაო სტაჟი კი 41.5 წლიდან 43 წლამდეა.