აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა ქვეყნის 6 მოქალაქე, რომლებიც გეგმავდნენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, შეიარაღებულ არეულობებს და რელიგიური სახელმწიფოს შექმნას. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის, შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
გამოძიების მტკიცებით, ირანში მცხოვრებმა და ამ ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა რუფულა ახუნდზადემ და ბახტიარ ბაირამოვმა დაავალეს არიფ ჯუმშუდოვს „წინააღმდეგობის რაზმის“ შექმნა. რაზმის მიზანი აზერბაიჯანში შეიარაღებული არეულობების მოწყობა, ხელისუფლების ხელში ჩაგდება, ქვეყნის საკონსტიტუციო წყობილების ძალადობრივი შეცვლა და შარიათის წესებზე დაფუძნებული რელიგიური სახელმწიფოს შექმნა იყო.
ჯუმშუდოვმა გადაწყვიტა, საქმეში ჩაერთო რამდენიმე ნაცნობი, რომლებიც რელიგიურ რადიკალიზმს ქადაგებდნენ. ის საკუთარ სახლში რეგულარულად აწყობდა საიდუმლო შეხვედრებს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, დაკავებულები ირანის სასარგებლო პროპაგანდას აწარმოებდნენ და კურატორებისგან მიღებულ დავალებებს ასრულებდნენ.