მუდმივი ქიში

მუდმივი ქიში

საზოგადოებისათვის შედარებით ნაკლებად ცნობილ, აზრობრივი თვალსაზრისით ფილოსოფიურად დატვირთულ იცხოკას მერასის მოთხრობაში “მუდმივი ქიში“ ვკითხულობთ:

მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში თავისი ოჯახით მყოფი აბრამ ლიპმანი ესაუბრება ბანაკის სისხლიან უფროსს შოგერს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბანაკიც ბუხენვალდის, ოსვენციმის, დახაუს და სხვა სასაკლაოთა მსგავსია, არის ერთი განსხვავება - შოგერს ჭადრაკის თამაში უყვარს - იგი ყოველდღე ეთამაშება ერთ პარტიას აბრამის შვილს ისაკს, ინტელექტუალური თამაში საშინელ აზარტადაა ქცეული.  წაგების შემთხვევაში ლიპმანი სიცოცხლეს უნდა გამოესალმოს. შოგერი ყოველთვის აგებს პარტიას.

ერთ დღეს შოგერი იღებს გადაწყვეტილებას, ბანაკიდან პატარა ბავშვების გაყვანის თაობაზე. ყველას კარგად ესმის, რას ნიშნავს ეს. შოგერთან მოსალაპარაკებლად მიდის აბრამ ლიპმანი - მოხუცი, ჭკვიანი კაცი. მაგრამ შოგერი არავითარ ქრთამზე არ თანხმდება. აბრამი მოისაზრებს, შესთავაზოს შოგერს ჭადრაკის თამაშის ახალი პირობა - თუ მოიგებს პარტიას, დასაჯოს მისი შვილი (ძველი შეთანხმების პირობა), თუ წააგებს - დასაჯოს ბავშვები. მაშასადამე, მოგებაც და წაგებაც სიკვდილია. ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ლიპმანს შეუძლია ყაიმს მიაღწიოს ამით ბავშვებიც და თავიც იხსნას.

იწყება ჭადრაკის თამაში. თითოეული ფიგურის გადაადგილება ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის განაჩენია.

ისაკ ლიპმანი, გონების დაძაბვითა და დიდი შემართებით, დაფაზე მუდმივი ქიშის სიტუაციას აღწევს, სურვილი და მიზანი შესრულებულია. უბრალოდ, საჭიროა სვლების მექანიკურად გამეორება.

მაგრამ ისაკ ლიპმანი სვლის გაკეთებას საეჭვოდ აგვიანებს. იგი ფიქრობს და საბოლოოდ შეგნებულად დაშვებული შეცდომით  ნებაყოფლობით თანხმდება სასჯელს.

რა მოხდა? რა გახდა ლეიტმოტივი, რის გამოც ადამიანმა თვითონ „მოაწერა ხელი“ სასიკვდილო განაჩენს?

მიზეზი იდეის ფენომენია: ფაშისტებთან ყაიმის დაშვება არ შეიძლება!

დუმილი რეკავს!

 

ინფორმაციის გადაცემისათვის აუცილებელია იდეა, რომელიც ჯერ აზრად ყალიბდება, შემდეგ - გამოითქმება.

ამ პროცესის ყოველ ეტაპზე ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა ან დამახინჯება ხდება. დანაკარგის სიდიდე არასრულყოფილი მეტყველებით ანუ აზრის ზუსტად გამოთქმის შეუძლებლობით იზომება. ამის შესახებ ცნობილ რუს პოეტს ფიოდორ ტიუტჩევს ხატოვნად აქვს ნათქვამი: „სიტყვიერად გამოთქმული აზრი სიცრუეა“. იგი მოსაუბრისადმი ნდობის არსებობით ან არარსებობით, ან პირადი მიზნებითა და მისწრაფებებით (როცა სასურველი სინამდვილედ მიიღება), ან სიტყვიერი მარაგის თანხვედრით, ან არათანხვედრითა და სხვა გარემოებით განისაზღვრება.

ამიტომ არის, რომ  სიტყვიერი ურთიერთობა გამუდმებით კორექტირდება. ასეთ დროს, როდესაც უძლური ხარ გადმოსცე ყველაფერი, რასაც გრძნობ და განიცდი, უნდა ინატრო, რომ იყო ხელოვანი და შეძლო ისე თქვა სათქმელი, როგორც ამას დიად ეპოქათა სახელოვანი შვილნი აკეთებენ.

ყოველი ისტორიული ეპოქა თავის თავს წარმოაჩენს ნებისმიერ გამოვლენაში. ერთნაირი შთაგონება, ერთი და იგივე სასიცოცხლო სტილი ფეთქავს ხელოვნების ყველა დარგში, მიუხედავად იმისა, რომ ასე ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მუსიკოსი ანგარიშმიუცემლად ცდილობს, ბგერებით მოახდინოს ზუსტად იმავე ესთეტიურ ფასეულობათა რეპროდუცირება, რომელთა ხორცშესხმასაც მიელტვის მისივე თანამედროვე მხატვარიც, პოეტიც, დრამატურგიც და ა.შ. მხატვრული გრძნობის ეს საყოველთაო ერთობა ძალაუნებურად იწვევს ერთნაირ შედეგს. და ეს არცა არის გასაკვირი - თვითეული მათგანი ხომ ეპოქის იდეებით საზრდოობს.

ერთი შეხედვით, გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს დუმილი საუბარში არ მონაწილეობს. მაგრამ ადამიანს დუმილი არ შეუძლია, გაჩუმება - კი. დუმილისთვის ძალისხმევაა საჭირო. იგი ყოველთვის ლაპარაკისგან თავშეკავებაზეა მიმართული, ე.ი. ადამიანთა ურთიერთობაში გარკვეული პოლიტიკის განხორციელებაა. ამიტომ, დუმილი შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობის იყოს. იგი, ზოგჯერ, თანხმობის ნიშანია, ზოგჯერ - პირიქით, უთანხმოების, პროტესტის გამოთქმის თავისებური ფორმაა.

„თავიანთი დუმილით, ისინი ყვირიან“ - თქვა ერთხელ სახელოვანმა რომაელმა ორატორმა  ციცერონმა ლუციუს კატილინას წინააღმდეგ.

დიახ,  ბატონებო, დროა, ჩვენც დავივიწყოთ ყველაფერი, თვით საკუთარი თავიც კი,  ყური დავუგდოთ დუმილს  და  ყველაფერს გავიგებთ.