მიტ რომნი: დონალდ ტრამპისთვის წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია

მიტ რომნი: დონალდ ტრამპისთვის წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია

დონალდ ტრამპის აქტიური კრიტიკოსი, რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.

თავის განცხადებაში რომნი აღნიშნავს, რომ ტრამპის ხასიათიდან და ქცევიდან გამომდინარე ის შესაძლოა თანამდებობისთვის შეუფერებელი იყოს, მაგრამ ნიუ-იორკის პროკურორმა გააკეთა ყველაფერი, რათა ბრალდება სისხლის სამართლებრივი ხასიათის ყოფილიყო, რაც პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი.

„არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ყველა იმსახურებს თანაბარ მოპყრობას კანონის მხრიდან. პროკურორი ქმნის პოლიტიკური ოპონენტების კრიმინალიზების სახიფათო პრეცედენტს, რაც აზიანებს ხალხის რწმენას ამერიკული სასამართლო სისტემის მიმართ“, - განაცხადა მიტ რომნიმ.

30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. ბრალდების მხარის მტკიცებით, ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელსს, მათი სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ, 130 000 დოლარი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ნიუ-იორკის შტატში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს. 4 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე ტრამპმა ბრალი არ აღიარა და გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. საქმეზე მომდევნო სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება.