“ევროკომისია მზადაა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია გასცეს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, წლის ბოლოს გვექნება თუ არა სტატუსი, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება, რომ ყველა მიმართულებით სექტორალურად განვითარდეს და წევრ ქვეყნებს გაუთანაბრდეს. ექსპერტების შეფასებით, პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, კანდიდატის სტატუსი არის ბიძგი ქვეყნის განვითარებისკენ, მოლაპარაკებები 11 მიმართულებით იხსნება და დახმარების პაკეტები რეფორმებზე იქნება ორიენტირებული, რასაც ქალაქად თუ სოფლად მცხოვრები საკუთარ თავზე იგრძნობს. როგორც ჯიპას ასოცირებული პროფესორი და საგარეო ურთიერთობების ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, კანდიდატის სტატუსის მიღება ახალი პროგრამების დაწყებას ნიშნავს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩიას თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება იმ ყველა სფეროში, რომ ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის მოემზადოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შედეგს მოუტანს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება.
“პოლიტიკურ მნიშვნელობას, რომ თავი დავანებოთ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას ევროკავშირი ეხმარება, რომ სექტორულად მისი ყველა დარგი ევროკავშირს გაუთანაბრდეს, რაც აბსოლუტუირად ყველა მიმართულებით ახალი პრორამების დაწყებას ნიშნავს, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, სოციალური სფერო თუ სხვა. ეს მხოლოდ მოლაპარაკებები არაა, ესაა რეფორმებზე ორიენტირებული დახმარებების პაკეტები, რაც ქვეყნის გაუმჯობესებას ემსახურება და რასაც ქალაქად თუ სოფლად მაცხოვრებელი იგრძნობს. მოლაპარაკებები 11 მიმართულებით იხსნება, ეს ბსოლუტურად ყველა სფეროს მოიცავს, იქნება ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, განათლება, სოციალური დაცვა, აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც საქართველოს თითოეული მოსახლე საკუთარ თავზე იგრძნობს. ეს აბსოლუტურად ყველა სფეროში უკეთესი ცხოვრების პირობებს ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ განცხადება არაა. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ქვეყანას პარტნიორად განიხილავს, ის ამ ქვეყანას ეხმარება, მათ შორის ფინასურად, რომ კლუბის წევრი გახდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“ევროკომისია მზად იყო, რომ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია შარშანაც გაეცა, მაგრამ ჩვენ ჩვენი თვითდამაზიანებელი რიტორიკით მოვახერხეთ და ეს რეკომენდაცია ჩვენს პარტნიორებს გადავაფიქრებინეთ. თუ ჩვენ პარტნიორების ლანძღვას შევწყვეტთ, რეფორმებზე ძალისხმევას მივმართავთ და ვაჩვენებთ, რომ ევროკავშირი მხოლოდ სიტყვით კი არა, არამედ მართლაც მზად ვართ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ და მზად ვართ, რომ ერთად ევროპული მომავლისათვის ვიმუშავოთ, ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ამ შემთხევაში მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, რომ არ გავაფუჭოთ ის მიღწევები, რომელიც ქვეყანას აქვს. სექტორალური შეფასების კონტექსტში, საქართველო წინაა, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური რიტორიკა და ის, რასაც ახლა ჩვენ ვაფუჭებთ, იმდენად გვაზიანებს, რომ იმ წლების განმავლობაში გაკეთებულს ვაფუჭებთ. სექტორალური მიღწევები ესაა წლების და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგი, მაგრამ, აი, ამ ჩვენი თვითდამაზიანებელი რიტორიკით იმდენს ვაფუჭებთ, რომ იმასაც ხაზს ვუსვამთ”, - დაასკვნის ფხალაძე.
“სტატუსის მიღების შემდეგ, ევროკავშირი უკვე ქვეყანას მოიაზრებს, როგორც კანდიდატს. სტრუქტურული დაფინანსება იქნება. აქამდეც ხომ დახმარება იყო, მაგრამ ახლა უკვე ეს თანხები იმისთვის გამოიყოფა, რომ ქვეყანა ევროკავშირისთვის მოამზადოს - ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ევროკავშირის სტანდარტებთან ახლოს მივიდეს, რომ შემდეგ მასში ჩართვა არ გაუჭირდეს. ევროკავშირი ცდილობს, რომ კანდიდატი ქვეყნები მოამზადოს არა მხოლოდ კანონმდებლობის კუთხით, არამედ სექტორული, ეკონომიკური და სხვა სფეროებში. ევროკავშირი სამხედრო ბლოკი არაა და ასე პირდაპირ სამხედრო სვეფროში დახმარება რამდენად იქნება, არ ვიცი, თუმცა, ამ ბოლოს ყველაფერი შეიცვალა და ფინანსური დახმარება შეიძლება იყოს. კიბერუსაფრეთხოების და სხვა სფეროების განვითარებისთვის, რა თქმა უნდა თანხების გამოყოფა იქნება, ამას აკეთებენ კიდეც. იმაზეც არის საუბარი, რომ ევროკავშირმა ქვეყნებისთვის უფრო მეტი გააკეთოს, განსაკუთრებით მოლდოვასა და საქრათველოსთვის, რომელიც რისკის ზონაში არიან”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.