“სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ნამდვილად კრიტიკული და ბევრი მნიშვნელოვანი გზავნილით სავსე იყო. აშკარაა, რომ მას აქვს ხელისუფლებასთან შედარებით მორალური უპირატესობა, მაგრამ რა რეალური გავლენა აქვს მას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე? - ფაქტობრივად, არაფერი, საკანონმდებლო ბერკეტი მას არა აქვს, შეუძლია ვეტოს გამოყენება, მაგრამ შესაძლებელია ის ვეტოც დაიძლიოს. არც აღმასრულებელი ბერკეტი აქვს. გარდა იმისა, რომ მას ქვეყნის ევროინტეგრაციული წინსვლა ნამდვილად სურს, ვფიქრობ, ამ განცხადების მიღმა ის საკუთარ პოლიტიკურ მომავალზეც ფიქრობს. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის პოსტზე ერთი წელიწადი დარჩა და სურს ვადის გასვლის შემდეგაც აქტუალური იყოს ქართულ პოლიტიკაში. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ უცხოეთში რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაშიც დასაქმდეს. მოგეხსენებათ, საფრანგეთის მოქალაქეც არის და ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერაც ჰქონდა. რეპუტაციულად მისი განცხადებები ნამდვილად სწორია. ის იმეორებს იმ კრიტიკას, რაც დასავლეთიდან ისმის. პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდგომ სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა ოპოზიციაში გადავიდეს, ვნახოთ...” - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პრეზიდენტი განცხადებების მიღმა საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს”.
“გიორგი მარგველაშვილსა და მმართველ გუნდს შორის ძალიან მალე დასრულდა თაფლობის თვე. სალომე ზურაბიშვილთან აშკარად სხვა ვითარებაა, აშკარად უტოვებენ უკან დასახევ გზას ერთმანეთს, ყველა ხიდი ჯერ ბოლომდე დამწვარი არ არის. ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძის განცხადებაც ამას მოწმობს, როდესაც თქვა, პრეზიდენტს ჯერ არ გადაუკვეთია წითელი ხაზებიო. რას გულისხმობდა, ზუსტად არ ვიცით, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს წითელი ხაზები შეიძლება იყოს სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალება, თუმცა, ჩემი აზრით, გულისხმობენ იმას, რომ ზურაბიშვილს ბევრივით ჯერ პირდაპირ არ გამოუცხადებია ეს ხელისუფლება რუსეთის მსახურად. ამასთანავე, არც ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, თუმცა, ვფიქრობ, პირველი უფრო მნიშვნელოვანი თემაა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩემი აზრით, ხელისუფლების ანტიდასავლურად შეფასებული რიტორიკას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, უპირველესად კი, რუსეთ-უკრაინის ომი. საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ უნდა იყოს ფრთხილად, რათა საქართველო შარში არ გაეხვიოს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, უბრალოდ, ზოგჯერ სიფრთხილეში აჭარბებენ. მეორე - მათ ძალიან მძიმე ტვირთად აწევთ სააკაშვილის ფაქტორი, ვერ გაარკვიეს, რა უყონ. ჩემი აზრით, ის აქამდეც უნდა გაეშვათ ქვეყნიდან, მაგრამ რატომღაც ეს არ გააკეთეს და ახლა ეს მძიმედ აწვება საქართველოს რეპუტაციას. რა მნიშვნელობა აქვს, არ თუ ვერ ჭამს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა. ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, ამიტომ ეს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პრობლემაც არის. არადა, შეეძლოთ ეს პრობლემა თავიდან მოეშორებინათ, გაეშვათ სადმე სამკურნალოდ. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებენ... თუ უცხოეთში მისი შესაძლო პოლიტიკური აქტიურობა აშფოთებთ, ის წლების განმავლობაში იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იყო საკმაოდ აქტიურიც, მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანი ამას ამ ხელისუფლებისთვის არ მიუყენებია. ჩემი აზრით, დღეს სააკაშვილის აქ ყოფნით ქვეყანაც და ხელისუფლებაც უფრო მეტად ზარალობენ, ვიდრე ამას უცხოეთიდან შეძლებდა. ამას მესამე ფაქტორად ემატება “ქართული ოცნების” მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის ცდა, რასაც, როგორც წესი, საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლება ცდილობდა”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“არასწორი ნაბიჯი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ გადადგას, არის ე.წ. აგენტების კანონპროექტის ისევ პარლამენტში დაბრუნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას არ გააკეთებს. თუ ეს გაკეთდა, მაშინ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება განგებ იქცევა ისე, რომ დასავლეთს საქართველოზე უარი ათქმევინოს. სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე სხვა ვერც ვერაფერი წარმომიდგენია ისეთი, რაც ევროკავშირს ჩვენზე უარს ათქმევინებს. ვფიქრობ, ევროპაშიც კარგად აქვთ გააზრებული, რომ საქართველოსთვის სტატუსის კიდევ ერთხელ არმიცემა, არც ჩვენი ქვეყნისთვის მოიტანს კარგს და არც მათთვის. თუ ვინმე იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევაში აქ რევოლუცია მოხდება და ხელისუფლებაში მოვლენ უფრო ჯანსაღი, დემოკრატიული ძალები, ცდება. ეს, ვფიქრობ, რომ არ და ვერ მოხდება. სტატუსზე უარის თქმას ასევე მოჰყვება ქართველი საზოგადოების იმედგაცრუება და ნიჰილისტური განწყობა ევროპის მიმართ. თუ ტექნიკურ პარამეტრებს შევხედავთ, საქართველო არც უკრაინას ჩამორჩება და არც მოლდოვას. ვფიქრობ, მოსახლეობა, რომელმაც ასე იბრძოლა 7-8 მარტს, არ უნდა დაისაჯოს ხელისუფლების გადაცდომების გამო”, - დაასკვნის თორნიკე შარაშენიძე.
“აქვე ვიტყვი ბარემ - სამწუხაროდ, ოპოზიციურ ფლანგზე ვერანაირ რესურსს ვერ ვხედავ ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად. ოპოზიცია იმდენად მძიმე დღეშია, “ქართულ ოცნებას” აქვს შანსი გაისად კიდევ მოიგოს არჩევნები, მაგრამ პრობლემა ის იქნება, რომ მოგების მიუხედავად, მას ლეგიტიმაციის ძალიან სერიოზული პრობლემა ექნება. შეიძლება მოიგონ მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მივა, რადგან ვერ ხედავს ალტერნატივას, ეს კი იქნება იმის ნიშანი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვითომ არჩეული ხელისუფლების მხარდამჭერი არ იქნება. რაღაც უნდა მოიფიქრონ ამის დასაძლევად. შეიძლება გაიმარჯვონ, მაგრამ ამის მერე ძალიან დაბალი ლეგიტიმაციის პირობებში რამდენად მოახერხებენ ძალაუფლების შენარჩუნებას, ეს იქნება საკითხავი. ვფიქრობ, ძალაუფლება სხვას უნდა გაუყონ, რაღაც უნდა ქნან... ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ეს მარტო მისი პრობლემა არ არის, ეს ხელისუფლების პრობლემაც არის. უბედურება იქნება, “ქართული ოცნების” კიდევ ოთხი ვადით ხელისუფლებაში დარჩენა”, - თვლის რესპონდენტი.
“მომავალი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ისიც, თუ როგორ წარიმართება ომი უკრაინაში. თუ ომი ამ არჩევნებამდე გაიწელა და კვლავ ვერ გამოჩნდა უკრაინის გამარჯვების რეალური შანსი, ეს “ქართულ ოცნებას” გარკვეულწილად დაეხმარება არჩევნებში. თუ წელს უკრაინა რუსეთის სამხედრო ნაწილებს არ მიაყენებს მძლავრ კონტრდარტყმას, მერე უფრო და უფრო გაუჭირდება ომის მოგება. ველი, რომ წელს უკრაინა ფრონტზე მნიშვნელოვან გარღვევას მოახერხებს.... ოპოზიციისთვის მთავარი, ჩემი აზრით, ის არის, რომ მოწყვეტილი არიან საზოგადოებას. ისინი ხალხის აზრს არ ახმოვანებენ. სანამ ეს არ გამოსწორდება, ვინ სად გადაჯგუფდება და ვინ ვის შეუერთდება, ისეთივე უშედეგო იქნება, როგორიც კრილოვის “კვარტეტის” შემთხვევა. საზოგადოებასთან გაუცხოების პრობლემა აქვს მთელ პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის სახელისუფლებო ძალას, მაგრამ ხელისუფლებას ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება აწყობს. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი ძალიან დაცემულია, მას მაინც უფრო მეტი მოქალაქე უჭერს მხარს, ვიდრე ოპოზიციურ ძალებს. ამ ვითარების შეცვლა უფრო ოპოზიციას სჭირდება, ვიდრე ხელისუფლებას. ამიტომაც სწორედ ოპოზიციამ უნდა შეცვალოს ძირფესვიანად მუშაობის პრინციპი”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე აქციაა დაგეგმილი, რომლის მთავარი თემა კვლავ ქვეყნის ევროინტეგრაციის შეუქცევადობა იქნება...” - პასუხობს:
“რაც თავი მახსოვს, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, დაანონსებულ აქციებს ველოდებით, სულ იმის მოლოდინია, არიქა, რა მოხდებაო. არაფერიც არ მოხდება. 7-8 მარტს ქუჩაში მასშტაბური პროტესტი განაპირობა ხელისუფლების შემოტანილმა ისეთმა კანონპროექტმა, რომელსაც არ ეთანხმებოდა უპირველესად საზოგადოების აქტიური, განათლებული ფენა. ისინი გამოვიდნენ ქუჩაში, მათ შეუერთდა სტუდენტობა, საზოგადოების ყველაზე უფრო მობილური და ძლიერი ნაწილი. მათ ჰქონდათ კონკრეტული მოთხოვნა და ხელისუფლება იძულებული გახდა უკან დაეხია. ახლა რის გაპროტესტებას აპირებენ, ჩემთვის ბუნდოვანია, ვიმეორებ, მარტის პროტესტისას კონკრეტული პრობლემა ყველასთვის ცხადი იყო. ახლა არ მესმის, ხალხი რამ უნდა გააბრაზოს, გააერთიანოს და ქუჩაში გამოიყვანოს”