დეოლიგარქიზაციის კანონში მხოლოდ ტექნიკური ხარვეზებია, ვენეციის კომისიის მითითებებს პარლამენტი გაითვალისწინებს, თუმცა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მაინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და არა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ხელისუფლება გაითვალისწინებს და ისინი ძირითადად ტექნიკურ ხარვეზებს ეხება, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლები ამას განსხვავებულ ინტერპრეტირებას უკეთებს. „დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ნამდვილად არის ერთერთი რეკომენდაცია ბრიუსელიდან, და საქართველოს ხელისუფლებამ, თითქმის მთლიანად, მცირე ადაპტირებით გადმოიღო უკრაინული მაგალითიდან," - ამბობს აბაშიძე.
მანამდე გახარიას პარტია „საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა თქვა, რომ „ოცნების" კანონპროექტი რისკებს შეიცავს. „ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ „დეოლოგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი, რომელსაც „ოცნება" გვთავაზობს, ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს. ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ ეს კანონი, სულ რომ კარგი კანონი მიგვეღო, ვერ უზრუნველყოფდა დეოლიგარქიზაციას. ამას სჭირდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი სამართალდამცავი სისტემა, ანტიკორუფციული და საარჩევნო სისტემები. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, სწორედ ეს არის სისტემური მიდგომა. სწორედ სისტემურ მიდგომაზე მიუთითა ვენეციის კომისიამ, რაც იქნება ძირეული რეფორმების გატარება სასამართლო, სამართალდამცავი, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით," - განაცხადა დაუშვილმა.
„ზოგადად ქართულ პოლიტიკურ რეალობაში დამკვიდრდა ერთი მახინჯი ტენდენცია, როდესაც საერთაშორისო დოკუმენტს, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია აქვს," - ამბობს ამაზე გია აბაშიძე. „ - როგორც მედიაში და პოლიტიკაში ჩართულებმა, ვიცით ინგლისური ენა და ვიცით, როგორ უნდა წავიკითხოთ და რა ამოვიკითხოთ დოკუმენტი. ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, ჩვენეულ დასკვნებს. რასაც ამბობს მმართველი გუნდი, ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს, რომ ტექნიკური ხასიათის ხარვეზებია, ამიტომაც დაბრუნდა ის მოსმენის მეორე რეჟიმში, როგორც დაგეგმილი იყო თავიდანვე. თუმცა ოპოზიცია, რომელსაც ახასიათებს როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების მახინჯი ინტერპრეტაცია, ამას სათავისოდ იყენებს, აბრალებს რა თითქოს „ქართული ოცნება" არ აკეთებს სისტემურ რეფორმას."
მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის ქართული კანონი უკრაინულის ანალოგია, უბრალოდ პოლიტიკურ-კონსტიტუციურ წესწყობილებაშია განსხვავება.
„დიახ, სისტემური რეფორმები განხორციელდება ისე, როგორც ეს უკრაინაში იყო, უბრალოდ აქ არის სხვადასხვა პოლიტიკურ-კონსტიტუციური წესწყობილება, თუ იქ არის პრეზიდენტის დაქვემდებარება, აქ პრემიერ მინისტრი არის ძლიერი რგოლი ხელისუფლებაში და პრემიერს ექვემდებარება ბევრი სხვადასხვა სტრუქტურა. განსხვავება ამაშია, თუმცა გახარიას პარტიის წარმომადგენელი ყოველთვის არასერიოზულია. წარმოვიდგინოთ, რომ გახარიას თანაგუნდელები ორი წლის წინ ლაპარაკობდნენ საქართველოს საგრძნობ პროგრესზე და მიღწევებზე საერთაშორისო რეიტინგებში. მათი ხელისუფლებიდან წამოსვლის მერე კი ყველაფერი თურმე შავბნელი გახდა. ამიტომ არასერიოზულად ვუყურებ არაკონსტრუქციული და მხოლოდ სადღეგრძელოებით ოპოზიციონერი კრიტიკოსების განცხადებებს," - ამბობს ანალიტიკოსი.
აქვე, ის აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უფრო ევროპის უმაღლესი პირების მიერ მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ევროპაში. ჩვენ ყველა პარამეტრით მზად ვიყავით როგორც სახელმწიფო, განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვისგან, რომლებიც საგრძნობლად ჩამოგვრჩება რეფორმების სხვადასხვა მაჩვენებლებში, მაგრამ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ ამ 12 რეკომენდაციას საქართველო ასრულებს. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ ევროკომისარმა ვარჰეიმ ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა, მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ჩაერთონ ამ რეკომენდაციების შესრულებაში.
„დიდი იმედი არ მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ჩაერთვება ამ პროცესში, მაგრამ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მონაწილეობას გააგრძელებს, თუმცა ამ რეკომენდაციებიდან პირველი რეკომენდაცია შეუსრულებადია, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია, რომელსაც ძალიან აღვივებს სააკაშვილის რადიკალური ფრთა საკუთარი მედიასაშუალებებით თუ თავაშვებული ბულინგითა და მუქარებით სოცქსელებში. ამიტომ, ევროკავშირი, იმედია, გაითვალისწინებს, რომ პირველი პუნქტი შეუსრულებადია არა მხოლოდ წელს, არამედ კიდევ რამდენიმე წელიწადი, სანამ სააკაშვილის პარტიას აქვს რესურსები, რომ დესტრუქციული პროპაგანდით სცადოს ქვეყანაში პროცესების აყირავება," - განაცხადა გია აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ 20 მარტს დეოლიგარქიზაციის კანონი მეორე მოსმენაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით დაბრუნდა.