საქართველოში ახლა სისტემური კრიზისი მძვინვარებს. დათრგუნვასა და რეპრესიაზე მომუშავე სააკაშვილის კორპორაცია იშლება, მაგრამ არც ახალი სისტემა გვაქვს. დამნაშავე კორპორაციის ნარჩენები უსისტემობის პირობებში კოაბიტირებენ და რევანშისათვის ემზადებიან.
ახალ ხელისუფლებას, რომელმაც საკუთარ წვენში ხარშვა დაიწყო, როგორც ჩანს, სისტემური გარდაქმნების განხორციელება არ ძალუძს. მავნე კოაბიტაცია არა იმდენად დასავლეთის ზეწოლის, არამედ, უწინარესად, შიდა უძლურობის შედეგია.
10 თვის თავზე არამც თუ მემკვიდრეობით მიღებული, მრუდე და მავნე მმართველობის რაიმე გარდაქმნა, არამედ არც აუცილებელ სისტემურ რეფორმათა დაგეგმვა არ მომხდარა. სოციალურ სფეროში მოპოვებული წარმატებები – ჯანდაცვის უფასო დაზღვევა, პენსიებისა თუ შემწეობების გაზრდა, უფასო სახელმძღვანელოები და სხვ. სააკაშვილის ანტიხალხური პოლიტიკის ფონზე, თითქოს, შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ფულის, რომელიც ხალხისაგან იკრიბება, უფრო დიდი ნაწილი, ვიდრე სააკაშვილის დროს, სოციალური პროგრამებით ხალხსვე ხმარდება, მაგრამ ეფექტიანი სისტემას ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს.
სამთავრობო პოლიტიკის, პროგრამებისა თუ ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების მწყობრი სისტემა კვლავაც არ არსებობს და უარესიც - ამის ნიშანწყალიც კი არ არის. გადაწყვეტილებები უსისტემოდ, შემთხვევიდან შემთხვევამდე მიიღება. მართვა სისტემას კი არა, ივანიშვილის ავტორიტეტს, მის და მისი მრჩევლების პირად ინიციატივებს ეფუძნება. ახლა ჩვენ არა ავტორიტარული, არამედ „ავტორიტეტული“ მართვა გვაქვს. ივანიშვილის გარეშე სახელმწიფო მართვის არც ერთი სტრუქტურა ავტონომიურად ვერ მუშაობს. ეკონომიკაში კლანურ–მონოპოლისტური კორპორაციების ბატონობა შესუსტდა, მაგრამ არ დამთავრებულა. ზოგიერთ შემთხვევაში კი პირიქითაც ხდება – სახელმწიფოს კიდევ უფრო დასუსტების ხარჯზე კორპორაციული მმართველობის განმტკიცებისაკენ გადაიდგა ნაბიჯები.
21–ე საუკუნეში, ე.ი. საინფორმაციო, პოსტინდუსტრიულ ერაში საქართველო კვლავ ინარჩუნებს პოსტსაბჭოურ ცენტრალიზებულ და დარგობრივ სახელმწიფო მმართველობას. ასევე შენარჩუნებულია კლანურ–ნომენკლატორული ბიუროკრატია, რომლის მხოლოდ პატრონი გამოიცვალა.
დარგობრივ–ცენტრალიზებული მართვის ფსევდო–სისტემა უცვლელია – სისტემურად არც არაფერი შეცვლილა. კვლავაც დარღვეულია ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის, უძრავად შენარჩუნებულია მთავრობის დარგობრივ–კორპორაციული სტრუქტურა და მართვის ცენტრალიზებულ–მბრძანებლური, ერთპარტიულ–ერთპიროვნული სტილი. ხოლო ზღაპარი კოალიციურ მთავრობასა და მსგავს დემოკრატიულ ოცნებებზე, ჯობს ერთმანეთს და არა ხალხს მოუყვნენ!
დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომლის დაწყებაც ჯერ კიდევ მარტში რიხით გვამცნეს, თავიდანვე დილეტანტურად იყო გააზრებული: სტრატეგოს დამგეგმავებს მართვის დეცენტრალიზაცია და ქვეყნის ტერიტორიის დაშლა–დანაწევრება ცნებების დონეზე ერთი მეორეში აერიათ. ამ გამაოგნებელი დილეტანტიზმის შედეგიც ცხადია – უიმედოდ გაიჭედნენ.
ასევე დაწყებამდე ჩავარდა სასამართლო რეფორმა. მიზეზი მავნე კოაბიტაციაა, რადგან კუბლაშვილის სასამართლოს, რომელიც თავად ატარებს სისტემური დანაშაულის უმძიმეს ტვირთს, ამ ტვირთსაგან გათავისუფლების გარეშე რეფორმირება შეუძლებელია. ამ ე.წ. სასამართლო რეფორმის დამანგრეველი შედეგიც სახეზეა – მწამებელი ახალაიას გამართლება.
„ტრაქტორების საქმე“ ნათლად აჩვენებს, რომ პროკურატურა, მართალია უფრო იშვიათად, მაგრამ კვლავაც მიმართავს სააკაშვილის დროინდელ პრაქტიკას – რეპრესიებს კლანური ინტერესების გამო.
რაც მთავარია, პროკურატურას თითი თითზე არ დაუკარებია სააკაშვილის კორპორაციის სისტემურ დანაშაულთა გამოსაძიებლად და სამხელად. შედეგიც კურიოზულია: ერთ–ერთი მთავარი მწამებელი არა ამ ამაზრზენი, არაადამიანური დანაშაულის ორგანიზება–შესრულებაში, არამედ მხოლოდ ცალკეულ, შედარებით უმნიშვნელო ეპიზოდების გამო იქნა ბრალდებული. ეს ფრაგმენტული ბრალიც უსისტემოდა და უსუსურად იქნა წარდგენილი და „ვაშლის გაფცქვნისას ცივი იარაღის უკანონოდ გამოყენებისათვის“, ბუნებრივია, კუბლაშვილის სასამართლო მწამებელს მსჯავრს არ დასდებდა.
ახალაიას გამართლება კიდევ ერთი მძიმე დარტყმაა ქართულ მართლმსაჯულებასა და ზოგადად სამართალზე, რომელიც ისედაც უკიდურესად სავავალო მდგომარეობაშია.
იგივეს თქმა შეიძლება გუნავას ჯერ შეწყალებასა და მერე გუბერნატორის პოსტზე მის დაბრუნებაზე. მთავრობიდან არავის, პირველ რიგში კი რეგიონული განვითარების მინისტრს, თავში არ მოსვლია, რომ გუნავას დანიშვნა ზრდილობის გამო მაინც ქმედითად გაეპროტესტებინა. ეტყობა, არ ახსოვთ, რომ კონსტიტუციისა და კანონის თანახმად, გუბერნატორს პრეზიდენტი მხოლოდ პრემიერ–მინისტრთან კონსულტაციებით თუ ნიშნავს, ხოლო გუბერნატორი მთავრობის წარმომადგენელიცაა და არა მხოლოდ პრეზიდენტის. ახლა გვინდა თუ არა, კანონით ეს ასეა, რომ სამეგრელოში ახალ მთავრობას და ივანიშვილს სწორედ გუნავა წარმოადგენს!
დიდება შენდა ღმერთო და ვაშა კოაბიტაციას!
მახინჯი კოაბიტაციის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია თბილისის საკრებულო, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი აქტივისტები ახლად შექმნილი „ქართული ოცნების“ ფრაქციის დამფუძნებლებად (?!) მოგვევლინენ. საკრებულოს ახალი თავმჯდომარე კი 2011 წლის 26 მაისს რეჟიმის მიერ ჩადენილი სისხლიანი დანაშაულის ერთ–ერთი გამამართლებელი და მხარდამჭერია, თუ თანამონაწილე არა.
ახლა რა უნდა ქნან „ოცნების“ ამომრჩევლებმა? ადგილობრივ არჩევნებში ისევ ქოც–ნაც თუ ნაც–ქოც შიხიაშვილებს უნდა მისცენ ხმა?! ეს ახალი მარაზმი – ქოც–ნაცობა ახალი ხელისუფლების პარტიულ–პოლიტიკური „რეფორმის“ ნაყოფია.
საჯარო სამსახურში კვლავაც კლანურ–ნომენკლატორული, ე.წ. „გუნდური“ პრინციპებია გაბატონებული. სისტემური ცვლილებები ვერ იგეგმება და თუ იგეგმება, არარაობა, ანუ „ფშუტი“ გამოდის.
კორპორაციული და არა სახელმწიფო საკადრო პოლიტიკის მაგალითია თუნდაც განათლების სამინისტრო, სადაც მარგველაშვილმა „თავისი კადრი“ დატოვა მინისტრად. ამაში არც არაფერი იქნებოდა ცუდი, რომ როგორც ყოფილ, ასევე ახალ მინისტრს ოდნავ მაინც ჰქონოდა წარმოდგენა პოლიტიკური და არაპოლიტიკური თანამდებობების განსხვავებულობაზე. ცხადია, ახალი მინისტრიც „თავის გუნდს“ მოიყვანს და თუ მასაც სხვაგან გაამწესებენ, ასევე „თავის კადრს“ დატოვებს შემცვლელად. ასე რომ, სახელმწიფო მართვის ნაცვლად კორპორაციული, უფრო სწორედ – კლანურ–ნომენკლატორული მართვა გრძელდება. განსხვავება ისაა, რომ თუ აქამდე განათლების სამინისტროს საჯარო თანამდებობები შაშკინის ნომენკლატურა იყო, ახლა მარგველაშვილ–სანიკიძის (ე.ი. „ჯიპას“) ნომენკლატურაა. ხალხისა კი კვლავ არაფერია.
ისევ არაფერი, ე.ი. „ფშუტი“, ოლოლო და ბისტი ჩვენა!
სისტემური თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ „ფშუტმეიკერი“, ხოლო თუ გერმანულად ვიტყვით – „ფშუტმახერი“ მთავრობა გვყავს...
ეს ძალზე აქტუალური ტერმინი დაწვრილებით განმარტებას საჭიროებს. „ფშუტი“ ქართულ–ხალხური სიბრძნისაგან მომდინარე სახელია. მისი ეტიმოლოგია ერთ იგავ–ზღაპართანაა დაკავშირებული, რომელსაც თავისუფალი ინტერპრეტაციით, ე.ი. როგორც გამახსენდა, ახლა მოკლედ გიამბობთ.
ფშუტმახერის ამბავი
ერთმა წინდახედულმა გლეხმა, რომელსაც პროფესიული განათლების სიკეთე კარგად ესმოდა, ვაჟი გააგზავნა ქალაქად მჭედელის ხელობის დასასწავლად. გვარიანი ხარჯიც გაწია და სულმოუთქმელად ელოდა, როდის დაუბრუნდებოდა განსწავლული „მამის იმედი“, გახსნიდა ახალ სამჭედლოს და ტექნოლოგიური წინსვლა გლეხის ოჯახსაც სულს მოათქმევინებდა.
გამოხდა ხანი და ვაჟიც დიდი ამბით დაბრუნდა. გლეხმა წინასწარ დაიჭირა თადარიგი. წვრილად გამოკითხა სწორედ იმ გამოცდილ ქალაქელ მჭედელს, ვისაც ვაჟი სასწავლებლად მიაბარა და მისი რჩევით მოაწყო სამჭედლო – ქურა, საბერველი, გრდემლი, ურო თუ სხვა საჭირო ხელსაწყო–იარაღები, ასევე სამუშაო ნედლეულად ბლომად ლითონიც შეუძინა ვაჟს. ჰოდა, დაჰკრა საათმაც და დადგა ის ჟამიც, რომ ვაჟს, თავისი პროფესიული, როგორც დღეს ვამბობთ – „უნარ–ჩვევების“ დემონსტრირება მოეხდინა და მოხუცი მამის გული გაეხარებინა.
ვაგლახ! ფუჭი აღმოჩნდა მამის იმედი და წყალში გადაყრილი გაწეული ხარჯი, რადგანაც ახალგახსნილ სამჭედლოში პროფესიულ უნარებში „ტესტირება“ ასე სავალალოდ წარიმართა:
– აბა, შვილო, სახნისს ხომ გამოჭედავო? –იმედინად ჰკითხა ვაჟს მამამ.
– განა საკითხავიაო, ისეთი სახნისი გამოვჭედო, რომ სახნისის უნახავს გაგხდიო – თამამად მიუგო ვაჟმაც და საქმეს შეუდგა. ქურაში გაადნო ლითონი (სულ მოხუც მამას კი აბერვინა საბერველი), მერე გამდნარ ლითონს გრდემლზეც დაუწყო ვითომ ჭედვა და წრთობა. ერთი შეხედვით მჭედელივით კი ირჯებოდა, მაგრამ ნაწრთობს გასაცივებლად ბოლოს წყალი რომ დაასხა, მის ნაცოდვილარს სახნისთან იოტისოდენა მსგავსებაც კი არ ეტყობოდა...
– ვაჰ, შვილო, ვერ გისწავლია სახნისის ჭედვაო – უსაყვედურა იმედგაცრუებულმა მამამ.
– ეგ არაფერი, არა უშავს, სამაგიეროდ საუკეთესო თოხს გამოვჭედავ, სახნისზე მეტი გასავალი ეხლა თოხსა აქვსო – დაამშვიდა მამა ვაჟმა და უკვე გვარიანად დაპატარავებულ ლითონის ნაჭერს თავიდან დაუწყო წვალება შედარებით მომცრო, მაგრამ მაინც სასარგებლო ფორმის მისაცემად, თუმცა იმასაც წყალი რომ დაასხა გასაცივებლად, მის ნაცოდვილარს არც თოხთან არა ჰქონდა არავითარი მსგავსება...
ასეთი უშედეგო საწარმოო ციკლი რამდენჯერმე გამეორდა – თოხის შემდგომად არც უფრო მომცრო ნაკეთობათა: ჯერ არც ნამგალის, მერე არც ნალისა და ბოლოს არც სადგისის გამოჭედვა არაფრით გამოუვიდა ვაჟს. ყოველ ჯერზე ლითონიცა და მამის იმედიც თვალსა და ხელს შუა ილეოდა, ამ მწვალებლობის შემხედვარე მამას გული მოუკვდა. სადგისის გამოჭედვის მცდელობაც რომ ჩაიფუშა, გაჯავრდა კიდეც, მაგრამ შვილმა დასამშვიდებლად კვლავაც მიუგო:
– არა უშავს, აი ნახე, როგორი ხელთუქმნელი ნემსი გამოვჭედოო, არ მინდოდა თქმა, მაგრამ გამოგიტყდები, მარტო ნემსის ჭედვაში გავიწაფე, მეტის სასწავლად დრო არ მეყოო – და ისევ თავიდან შეუდგა სახნისის გამოსაჭედად დაწყებულ და ნემსამდე დაყვანილ საქმეს. ეს ნემსიც ვითომ ჭედა, ჭედა და სულ ბოლოს წყალი რომ დაასხა გასაცივებლად, გახურებულმა და ნაწვალებმა რკინამ „ფშუტ–ო“ ერთი კი ხმამაღლა დაიძახა, სულაც დაილია და გაქრა!
– აგერა მამი, შეხე, რა საოცარი „ფშუტი“ გავაკეთე, განა მსგავსი სადმე გინახავსო? ჩემი ხელობა მჭედლობა კი არა, „ფშუტის“ გაკეთება ყოფილა და ვისაც გინდა, ამ საქმეში გამაჯიბრეო! – მაინც არ გაიტეხა იხტიბარი უხეირო ვაჟმა ...
...აი, სწორედ ასე სამასხარაოდა და სამარცხვინოდ, „ფშუტაობად“ აღწერს პროფესიულ კრახს და დილეტანტურ თავხედობას ქართულ–ხალხური სიბრძნე.
სხვათა შორის, იმ უქნარათათვის, რომელთა ხელიდან ოდენ საქმის ჩაფუშვა და „ფშუტი“ თუ გამოდის, დალოცვილ ქართულ–ხალხურში ბევრი სათნადო სახელიც მოგვეპოვება, მაგ. „ფუქსავატი“... თუმცა, დღეს „ფუქსავატს“ „ფშუტმეიკერი“, უფრო კი „ფშუტმახერი“ ჯობს, რადგანაც „ჭეშმარიტად ქართულ“ თანამედროვე და საკმაოდ გასავლიან „პროფესიასა და მოწოდებას“ ასეთი ნეოლოგიზმი უკეთ გამოხატავს.
თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ, დიდი გერმანელი მეცნიერი, სოციოლოგიის მამა, მაქს ვებერი სახელგანთქმულ ნაშრომებსა წერდა განსაკუთრებით გამორჩეულ პროფესიულ უნარებზე. მის კალამს ეკუთვნის: „პოლიტიკა, როგორც პროფესია და მოწოდება“, ასევე: „მეცნიერება, როგორც პროფესია და მოწოდება“.
აი, ვებერი თანამედროვე ქართველი რომ ყოფილიყო, უთუოდ დაწერდა შთამაგონებელ ნაშრომს: „ფშუტმახერობა“, როგორც გამორჩეულად ქართული პროფესია და მოწოდება“. დაწერდა, რადგან არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ დროში მცონარათა თავხედი დილეტანტიზმი ისე მოდაში არ ყოფილა, როგორც ამჟამად ჩვენშია...
დიახაც, დასაქმება ქვეყნის მთავარი პრობლემაა. მაგრამ ფშუტმეიკერებს ყოველთვის უმართლებთ და სამსახურს იოლად პოულობენ. მათ ხელობაზე დიდი მოთხოვნაც არის და ფშუტმეიკერი კადრების სამჭედლოც არაერთი მოგვეპოვება!
ფშუტმახერობის ყველაზე ცხადი სახე უპარტიო მარგველაშვილია, როგორც ფსევდო–კოალიციური პოლიტიკური გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატი.
ცნობილი გამოთქმაა – არაფერი არაფერსა შობს. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ვითომ კოალიციამ უპარტიო, უფრო მეტიც – სრულიად ანტი–პოლიტიკური კანდიდატი დააყენა პრეზიდენტად, ე.ი. სახელმწიფოს მეთაურად და ქვეყნის ლიდერად ბუტაფორია შემოგვთავაზა!
რატომ? იმიტომ, რომ ეს ე.წ. კოალიცია სინამდვილეში ივანიშვილის კლიენტელაა. კლიენტელა ორგანიზებული პარტიისაგან ან პარტიათა კოალიციისაგან იმით განსხვავდება, რომ ერთი კაცის გარშემო შემოკრებილ, სარგებლის მომლოდინე კლიენტების ჯგუფს წარმოადგენს. ამ სარგებელს კლიენტები თვითონ კი არ გამოიმუშავებენ, არამედ პატრონზე მუშაობენ და სარგებელსაც მისგან ელიან.
არჩევნებში ხმა და ხალხის მანდატი ივანიშვილმა მიიღო. მერე ამ მანდატის პატრონმა სხვადასხვა თანამდებობა თავის კლიენტებს სარგებლად ჩამოურიგა. დარჩა ერთი თანამდებობა – პრეზიდენტის პოსტი, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანი სარგებელია, რომ მისი მიმღები, შესაძლოა, თვითონ ქცეულიყო ახალ პატრონად და თავისი კონკურენტული კლიენტელა მოეწყო. სწორედ ამიტომ არც ერთ პარტიას არ ერგო ეს სარგებელი.
კლიენტელა, პარტიისაგან განსხვავებით, მანამ არსებობს, სანამ ეს ერთი კაცი რამე სარგებლის პირობით მას დაიქირავებს. ბუნებრივია, მარგველაშვილიც კლიენტელას წევრია, ოღონდ ხაზგასმულად უპარტიო წევრი. მას საკუთარი პარტიულ–პოლიტიკური ამბიციები არც აქვს, ამას ხმამაღლა და პატიოსნად, ამაყადაც კი აცხადებს. ის ივანიშვილის რჩეულია და არა კოალიციის, რადგან, სინამდვილეში არავითარი კოალიცია ბუნებაში არც არსებობს. უარესიც - არც პარტიები არსებობენ. ისინი ჯერ ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, უფრო მომცრო კლიენტელებს წარმოადგენენ.
პოლიტიკური პროცესი მონაწილე სუბიექტებისათვის ნულოვანი შედეგით, ანუ ფშუტი – აი, ესაა მარგველაშვილის კანდიდატურა. ის პოლიტიკოსი არ არის და არც რაიმე პოლიტიკური მიზნები და პროგრამა არ გააჩნია, გარდა ერთისა: მან ივანიშვილის ნება უნდა გაატაროს. ის ივანიშვილის სიმპათიური მეგობარია, მეტი არც არაფერი და მეგობრობის გამო დასთანხმდა ბუტაფორიულ პრეზიდენტობას. ის ივანიშვილის მანდატს ფლობს და პრეტენზიაც კი არა აქვს, რომ ხალხის მანდატი მიიღოს. არჩევნები კი ის იქნება, რომ ხალხი ნდობას ისევ ივანიშვილს გამოუცხადებს და ამიტომაც მის კანდიდატს დაუჭერს მხარს.
ფსევდოკოალიცია ნულოვანი შედეგით, ანუ ფშუტით კმაყოფილია, რადგან ამ ეტაპზე ივანიშვილმა ამ ე.წ. კოალიციის არც ერთ ე.წ. პარტიას უპირატესობა არ მიანიჭა. ივანიშვილის კლიენტები ამჯერად „ნულოვან პარიტეტს“ დასჯერდნენ.
რა გამოდის? საბოლოო ჯამში ის, რომ „ნულოვანი პარიტეტი“ ამ ე.წ. კოალიციისათვის არა მარტო ამ კონკრეტულ, არამედ ნებისმიერ პროცესში საუკეთესო შედეგია, რადგან არაფრის კეთება, ფშუტმახერობა მათი მოწოდებაა. ისინი მუდამ ასე იქნებიან, სანამ ივანიშვილი ჰყავთ. მთავარია არაფერი აკეთო, ასე ნაკლებს გააფუჭებ – ასეთია ამ ფსევდო–კოალიციის და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის ჭეშმარიტი კრედო.
თუ მარგველაშვილი გაიმარჯვებს, ფშუტმახერობა საბოლოოდ გაბატონდება. ფშუტმახერობა კი ისევ იგივე ან უარესი – ახალ სააკაშვილამდე მიგვიყვანს!
სწორედ ამიტომ უნდა დამარცხდეს ე.წ. კოალიციის კანდიდატი არჩევნებში!
საქართველოში მძვინვარე სისტემური კრიზისი რომ გადილახოს, კოალიციის არჩევნებში დამარცხება აუცილებელია. ე.წ. კოალიციას არა აქვს რესურსი, რომ ნულოვანი თამაშის მაგივრად, ფშუტმახერობისაგან განსხვავებული, რამე სხვა შემოგვთავაზოს!
სისტემური კრიზისის გადასალახი რესურსი მხოლოდ ხალხშია, ოღონდ ამ რესურსს პროცესში ხალხის ჩართულობა, ანუ კონკურენტული არჩევნები სჭირდება! არ დაიჯეროთ, რომ ბუტაფორია მარგველაშვილი უალტერნატივო კანდიდატია, რადგან ეს აზრს უკარგავს ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესს და ნულამდე, ფშუტამდე დაჰყავს შანსი, რამე სასიკეთოდ შეიცვალოს!
კოალიციის (სინამდვილეში კი ივანიშვილის) მანდატი, რაც მან 1 ოქტომბერს ქართველი ხალხისაგან მიიღო, სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმისათვის ძალაუფლების ჩამორთმევა გახლდათ და ეს მანდატი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებით იწურება.
სააკაშვილი და ნაცხროვა ძალაუფლებას, თითქოს, საბოლოოდ დაკარგავს, როცა სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ კოაბიტაციის დასასრულებლად ეს საკმარისი არ არის. სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების მთავარ სამიზნედ უნდა იქცეს, როგორც დანაშულებრივი კორპორაციის სულისჩამდგმელი და საქართველოში განხორციელებულ სისტემურ დანაშაულთა მთავარი ორგანიზატორი.
კოაბიტაცია უნდა დასრულდეს არა იმიტომ, რომ სააკაშვილი უბრალოდ პრეზიდენტი აღარ იქნება, როგორც ამას ბუტაფორიული კანდიდატი – მარგველაშვილი გვიმტკიცებს, არამედ იმიტომ, რომ დანაშაულებრივ სისტემას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს, სამართლიანი მსჯავრი დაედოს ასეთი ამაზრზენი, გამრყვნელ–წამბილწავი, გამაუპატიურებელი სისტემის შემქმნელებსაც და მოძალადე გამაუპატიურებლებსაც.
ახალი კონსტიტუციით მომავალი პრეზიდენტი, ფსევდო კოალიციისაგან გავრცელებული და სამწუხაროდ, საკმაოდ მიღებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ, ბუტაფორია არ არის. ის ქართული სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნის ლიდერია. მის ხელში მძლავრი ბერკეტები იქნება, რათა პოლიტიკური პროცესი, რომელიც კოაბიტაციური ფშუტმახერობის ჩიხშია შესული, გააცოცხლოს.
პრეზიდენტის მოვალეობა, პირველ რიგში, კოაბიტაცური სტაგნაციიდან ქვეყნის გამოყვანა იქნება. ეს სრულიად ახალი პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს, რომელიც სისტემური კრიზისის გადასალახად სწორედ სისტემურ დანაშაულთა სამართლებრივ დევნას და რაც მთავარია – სისტემურ რეფორმებს დაეფუძნება.
ქვეყანას ფშუტმახრობისათვის არა სცალია, რადგან დაკარგული 10 თვის შემდგომ, ახლა მაინც ერთიან კომპლექსში სასწრაფოდ დასაგეგმი და განსახორციელებელია:
– კონსტიტუციური რეფორმა, რომელმაც ხალხის ძალაუფლება და ხელისუფლებათა ბალანსი უნდა დაამყაროს;
– მართლმსაჯულების და პირველ რიგში, სასამართლო რეფორმა, რომელმაც მთლიანად უნდა გაათავისუფლოს სისტემური დანაშაულის ტვირთისაგან სასამართლოცა და პროკურატურაც; მართლმსაჯულებისადმი ნდობა, მისი ლეგიტიმურობა აღადგინოს, რათა დარღვეულ უფლებათა, ე.ი. სამართლიანობის აღსადგენად გზა გაიხსნას;
– მმართველობის სისტემის რეფორმა, პირველ ყოვლისა მისი დეცენტრალიზაცია და დეკონცენტრაცია, რათა მრუდე და მავნე ცენტრალიზებულ–დარგობრივი მმართველობა, ხალხისა და ხალხზე ორიენტირებული ტერიტორიული თვითმართველობით შეიცვალოს;
– საჯარო სამსახურის რეფორმა, რათა პატრიმონიალური, კლანურ–ნომენკლატორული, პირადი ერთგულების პრინციპებით მოქმედი ბიუროკრატია შეცვალოს კანონის უზენაესობასა და საქმის ინტერესებზე ორიენტირებულმა პროფესიულმა და კვალიფიციურმა საჯარო მოხელეთა კორპუსმა;
– პარტიულ–პოლიტიკური სისტემის რეფორმა, რათა დღევანდელი კლიენტელიზმისაგან გადავიდეთ განვითარებული პარტიების შექმნაზე, რომელიც ხალხს მისცემს საშუალებას ეფექტიანად ჩაერთოს პოლიტიკაში;
– საარჩევნო რეფორმა, რომელიც სამართლიან არჩევნებს უზრუნველყოფს, ხალხის მანიპულირებასა და გაყალბებას ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს;
– საბიუჯეტო რეფორმა, რათა როგორ სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებზე ჩამოყალიბდეს პოლიტიკა–პროგრამა–ბიუჯეტის თანმიმდევრულ რაციონალურ დაგეგმვასა და პროგრამულ შედეგებზე დამყარებული, ხალხის და არა მხოლოდ მთავრობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული საბიუჯეტო სისტემა...
ქართველმა ხალხმა ახალ პრეზიდენტს სისტემური კრიზისის გადასალახად, ე.ი. ახალი სისტემის შესაქმნელად მანდატი უნდა მისცეს და არა ბუტაფორია წამოასკუპოს სკამზე!
უნდა ავირჩიოთ ყველაზე ღირსეული კანდიდატი, რომელიც შეძლებს ქვეყანა პოსტსაბჭოური ჭაობიდან საბოლოოდ ამოიყვანოს და თანამედროვე განვითარების გზაზე დააყენოს.
მე თუ მკითხავთ, დასახელებულ კანდიდატთაგან საუკეთესო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილია, ხოლო რეგისტრირებულთაგან – ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. ბატონ კობა დავითაშვილსაც არა უშავს, რადგან მან, კოალიციიდან პირველმა თქვა უარი ნულოვან თამაშზე. ცხადია, არჩევანი ქართველ ხალხს ეკუთვნის!
არჩევნებში კოალიციის დამარცხება და ქვეყნის ახალი ლიდერის არჩევა თავად კოალიციასაც გადაარჩენს ფშუტმახერობით განპირობებული გარდაუვალი კრახისაგან. პარლამენტიც და მთავრობაც, თუ პრეზიდენტი მართლაც ქვეყნის ლიდერი იქნება და არა ბუტაფორია, საქმის კეთების რეჟიმში ჩადგებიან, ანდა მანდატს დაკარგავენ! ახალ პრეზიდენტს აქვს სათანადო ბერკეტი ხალხის ნებით ეს გააკეთოს!
კრახი კი მართლაც გარდაუვალია, თუ პრეზიდენტის ნაცვლად ფშუტმახერობის სიმბოლოდ ბუტაფორიას ავირჩევთ!
ეს არა მხოლოდ ამ ფსევდო–კოალიციისა და მისი პატრონის, ივანიშვილს, არამედ ქართველი ერის დამარცხება იქნება.
ამ არჩევნებში უნდა დამარცხდეს არა ქართველი ხალხი და ივანიშვილიც მასთან ერთად, არამედ ფშუტმახერობა და ბუტაფორია!