“მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად სპეციალური თვითმფრინავიც მზად არის, მაგრამ ჯერ საქართველოს მხრიდან სიჩუმეა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. გახდება თუ არა მსგავსი განცხადებები სააკაშვილის მოთხოვნების აღსრულების წინაპირობა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი ფაქტორი, ამაზე “ქართული ოცნებაში” აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს. ფოტიგა ამბობს, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და სწრაფად მოქმედებაა საჭირო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სააკაშვილის გადაყვანაზე მოწოდებები ძლიერდება, უკვე სპეციალური თვითმფრინავიც მზადაა - რას პასუხობენ “ოცნებაში”.
“მაღალი დონის სამხედრო-სამედიცინო ექსპერტების გუნდი მზადაა, მზადაა ასევე ტრანსპორტირების საკითხები, სპეციალური თვითმფრინავიც მზად არის, მაგრამ ჯერ საქართველოს მხრიდან სიჩუმეა. ევროკავშირის ინსტიტუტების მხარდაჭერა არსებობს. ასე რომ, პოლონეთის და ევროკავშირის მხრიდან ყველაფერი მომზადებულია. დრო ამ შემთხვევაში გადამწყვეტია და ის დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სათანადო მკურნალობის მიზნით ნებისმიერ ევროპულ ან ევროატლანტიკურ სახელმწიფოში. მისი სიცოცხლე საფრთხეშია და სწრაფად მოქმედებაა საჭირო”, - განაცხადა ფოტიგამ. “არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. ასეთი შთაგონებები, შეგონებები, მუქარები თუ ა.შ. არის წარმოუდგენელი, დამაზიანებელი და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, ვინაიდან საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ეს კაცი არის ბნელი წარსული, ეს კაცი არის იმ სისტემის შემქმნელი, რომელიც პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა, კლავდა ციხეში, ამ სისტემის შემქმნელი ე.წ. პრეზიდენტის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი ვერ გავა”, - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა, ასეთი პრეცედენტი, ასეთი ჩანაწერი არ მოიძებნება, რომც მოიძებნებოდეს, ასეთის საფუძველი არ არის. წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილის იმ ბნელი წარსულის, მწამებელი სისტემის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. შეუძლია ოდნავ მეტი შეჭამოს და პრობლემა აღმოიფხვრება, ქართული კანონმდებლობა და ქართული სახელმწიფო ამ პრიმიტიულ შანტაჟს არ დაექვემდებარება”, - განაცხადა მდინარაძემ. ანალიტიკოს გია აბაშიძის თქმით, “სამწუხაროდ ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა, ფოტიკა იქნება, კუბილიუსი თუ ფონ კრამონი, სააკაშვილის სხვადასხვა უცხოელ ლობისტებმა, ისეთი რეალობა შექმნეს რომ თითქოს ევროკომისიის რეკომენდაციებს დაემატა, მეცამეტე რეკომენდაცია, რაც გულისხმობს სააკაშვილის ვადამდე გათავისუფლებას, ან ე.წ. საზღვარგარეთ მკურნალობა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ხსენებული დეპუტატები და კიდევ სხვა დასავლელი აქტორები, უხეშად ერევიან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში, არღვევენ საქართველოს კანონის უზენაესობას და ჩვენს შეულახავ სუვერენიტეტს, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გამაღიზიანებელია. მაგრამ უკვე დიდი ხანია ხსენებული ევროპარლამენტარები არ წარმოადგენენ ევროპელ მედროშეებს საქართველოს საზოგადოებისთვის, რომელსაც ნამდვილად სურს ევროპულ ოჯახში დამკვიდრება. ამ ფლიდი და თვალთმაქცი ევროპარლამენტარების განცხადებები ნამდვილად ჩალის ფასია, და მათ ვერ შეიგნეს, რომ სააკაშვილის წონაზე არ არის დამოკიდებული ევროინტეგრაცია”, - აცხადებს გია აბაშიძე.
“დიახ, გუშინ, ბრიუსელში გაისმა სხვა განცხადებებიც, რომ მზად არიან ევროპელი ექიმები ჩამოვიდნენ აქ და თავად ნახონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამით ერთგვარად ეთანხმებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივას, რაც რამდენიმე თვის წინ გაჟღერდა. რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ექიმს, ნებისმიერი ქვეყნიდან, შეუძლია ჩამოსვლა და სააკაშვილის შემოწმება. ვადამდელი გამოშვება როდესაც ტერმინალურ, მძიმე სენის უკიდურეს მომაკვდავ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის სააკაშვილი და მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა, ეს არის კანონდარღვევის წაქეზება საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რაც არასდროს არ მოხდება”, - დასძენს გია აბაშიძე.