აბა, რა, კაცო... რა დროს რაღაც სხვადასხვა და გაურკვეველი ხარჯებია, განა არ ჯობს, რომ ეს ფული ბავშვებს მოვახმაროთ, მათ სწავლა განათლებაზე ვიზრუნოთ, თუმცა, სანამ სწავლა-განათლებაზე მიდგება საქმე, იქნებ ელემენტარული ტანსაცმელ-ფეხსაცმელი ვუყიდოთ და, რაის ტანსაცმელ-ფეხსაცმელი... ბევრს ლუკმა-პური არ აქვს ხოლო ბევრი შიმშილობს კიდეც.
ეგ ეგრეა და, სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეშია. სინამდვილეს თვალის გასწორება უნდა, მაგრამ სინამდვილეს თვალი რომ გაუსწორო, ამ სინამდვილეში ხომ უნდა იყო? ნამდვილად უნდა იყო ამ სინამდვილეში და, თან, ნამდვილი უნდა იყო, ნამდვილობა კი, გულწრფელობაა და სხვა არაფერი. აბა, თუ მთელი ცხოვრება ქოსატყუილობაში გაგიტარებია, რანაირად იქნები ნამდვილი და თუ ჰაერის ტენიანობას გრადუსებში ზომავ, იქნებ დებილადაც ჩაითვალო, ნამდვილ დებილად.
ეს „დებილი“ მართლა მაგარი სიტყვაა და ბავშვები ხშირ-ხშირად იყენებენ. რატომღაც ეგრეა - ყველა ბავშვს აქვს თავის მიერ გამოგონილი სალანძღავი სიტყვა (ჩემმა შვილმა გამოიგონა „პიტალოსი“), რომელიც დროთა განმავლობაში ავიწყდება, ხოლო „დებილი“ რჩება და სხვა დამხმარე სიტყვები ემატება - „დეგენერატი“, „იდიოტი“, „ქათამი“, „კვერცხი“ და ა.შ. თითოეული ეს სიტყვა პიროვნების არაადექვატურობის დასახასიათებლად გამოიყენება.
უბრალოდ, გულდასაწყვეტი ის არის, როდესაც ნაძირალას უწოდებ გიჟს, არამზადას - იდიოტს, ხოლო უნამუსოს - სულელს.
რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი - რა დროს რაღაც სხვადასხვა და გაურკვეველი ხარჯებია, განა არ ჯობს, რომ ეს ფული ბავშვებს მოვახმაროთ, მათ სწავლა განათლებაზე ვიზრუნოთ, თუმცა... აქ უკვე სულ სხვა „თუმცასთან“ გვაქვს საქმე. ეს ის „თუმცაა“, როცა გააჩნია, ვინ საუბრობს ბავშვებზე, მათ განათლებაზე, მათ გასაჭირზე და მათ მომავალზე. ხომ გახსოვთ, ცნობილი ისტორია, სტალინმა ბავშვი რომ აიყვანა ხელში და შემდეგ, ის ბავშვი, უკვე მოწიფულ ასაკში იხსენებდა მისთვის ჯერ კიდევ გაუგებარ სიტყვებს, რომელიც ბელადმა მისი მისამართით ქართულად წარმოთქვა - „რა მძიმეა ეს დე......ული“.
ერთი - სტალინს უყვარდა ბავშვები და მეორე - სულ ახლახანს, სააკაშვილი ღვრიდა ცრემლებს მომავალ თაობებზე ზრუნვით თავატკიებული.
უკვე აღარ მახსოვს, რომელ ღონისძიებაზე იყო საუბარი, მაგრამ თანხა მინიმალური იყო - 50, 500 თუ 5000 ლარი. ვადაგასულმა და ყელშიამოსულმა დაიჩივლა, რა ამბავიაო და იქვე რჩევაც არ დაინანა - გაჭირვებულ ბავშვებს მოახმარეთო.
რჩევა რჩევად, მაგრამ მაგალითს რომ ძალა აქვს, ეგეთი ძალით ბარე ორი ორთქმავალი ვერ დაიკვეხნის. მოიკლო შენ და გაუნაწილო სხვას, ან თქვა უარი რაღაცაზე და სხვა გაახარო, ან, თუნდაც, ელემენტარული სოლიდარობა - ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა, ომის დროს სასახლეში გათბობა გამორთო და ზამთარში უკანასკნელი ლონდონელი მაწანწალებივით იყინებოდნენ. ბურნუთას მამაც ხომ ამბობდა, როგორც ჩემი შვილი იტანჯება, მეც ისე უნდა დავიტანჯოო და კედელს ახლიდა თავს.
გულწრფელობის სიყვარულში, გულისხმიერების ამბავში და სოლიდარულ გაგებაში.
მოკლედ, ამბავში და გაგებაში. თან, მაგალითის ძალაც გავითვალისწინოთ. ამ მხრივ, გაყოფა-გაზიარებაში და ჩუქებაში, თუ რამე მოჭარბებით გვაქვს, ეს სწორედაც რომ სააკაშვილის მაგალითებია.
მარიამ საჯაიასათვის გალერეა "შარდენში" 3 500 ლარად შეიძინა ტიხრული მინანქრის ოქროს სამაჯური, თინათინ ბოკუჩავას 1599 ლარად უყიდა ტელეფონი "აიფონი 4"; საკუთარი ოჯახის წევრებისთვის ავიაბილეთების შეძენასა და ქართული ჩოხისთვის 26 793 ლარი დახარჯა; პირადი მფრინავის ცოლს უყიდა ვერტმფრენი, ხოლო თავის ცოლს სასტუმროს ხარჯები დაუფარა. სანდრას ამერიკაში ვიზიტისას მხოლოდ სასტუმროს ხარჯები - 16 618 დოლარი; ამას დაერთო კვებასა და სათამაშოებზე, ასევე ფოტოსურათებზე, ავტომანქანის დაქირავებასა და სხვა მომსახურებაზე გაწეული ხარჯები.
ბარემ აქვე ვიტყვი, რომ არც შვილების ვარჯიში და გადაფრენა-გადმოფრენები დაივიწყა და კაი გვარიანი თანხა ამ კეთილშობილური მიზნებისთვისაც გამოყო.
შრომას დასვენება უხდება და... სააკაშვილის და თბილისის მერი უგულავას ავსტრიის ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე "პარკოტელში" დასვენებისა და გახდომისათვის ჩატარებული პროცედურები 115 ათას ლარი დაჯდა; გიორგი არველაძისა და გიორგი ბარამიძის 5-დღიანი დასვენებისათვის გადახდილია - 37 492 ევრო. სააკაშვილისა და უგულავას ტანის კორექტირების გარდა, სერიოზულ თანხა ვადაგასულის სახის გადაჭიმვასაც მოხმარდა - ნიუ-იორკის ერთ-ერთ ძვირადღირებულ კლინიკაში ბოტოქსის ორი ოპერაცია გაიკეთა, რისთვისაც 11 400 ლარი დაიხარჯა.
მშრომელი კაცისთვის დასვენება უკვე დღესასწაულია, ხოლო დღესასწაულზე დასვენება - ორმაგი დღესასწაული.
კობა ხაბაზი, ალანა გაგლოევა, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გოგა ხაჩიძე, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, გიორგი ღვინიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, სერგო რატიანი, დავით დარჩიაშვილი, ახალ წელს, სააკაშვილთან ერთად, დუბაიში შეხვდნენ. მათ გართობაზე 240 000 ლარი დაიხარჯა.
ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგებაო...
პრეზიდენტის ესპანელ მზარეულს 13 494 ლარი გადაუხადეს, მის თარჯიმანს 3400 ლარი, ხოლო მზარეულისთვის დაქირავებული ბინის საფასური 1294 ლარი იყო. მზარეულისა მისი თარჯიმნის თურქეთში მივლინება 4727.90 ლარი დაჯდა, ხოლო მისი ავიაბილეთების შეძენა - 2002.60 ლარი. ამასთან, ესპანეთის მოქალაქის თურქეთში ცხოვრების დროს დღიური ხარჯი 945.41 ლარი იყო, ხოლო ღამის თევის ხარჯი - 1780.89 ლარი. ეს იყო სექტემბერში, ხოლო ოქტომბერში ესპანელმა მზარეულმა სახელფასო ანაზღაურების სახით 13 494 ლარი მიიღო, მისმა - თარჯიმანმა 3500 ლარი, ხოლო ბინის ქირამ 1294 ლარი შეადგინა.
მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო... 7 950 ლარად იყიდა 42 ცხვარი და ვიღაცეებს დაურიგდათ. იმ ვიღაცეებმა კი, სახლში კი არ წაიღეს, როგორც მათ ადგილას სხვა მოიქცეოდა, არამედ, იქვე შეჭამეს.
სტუმარი ღვთისააო... ამერიკელი ბიზნესლედის - კრისტინა ვუსავას თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ ცხოვრება 6678 ლარი დაჯდა; რუსი ჟურნალისტის, ქსენია სოკოლოვას საჩუქრები – ყელსაბამი 2765 ლარი, ხოლო პატარა ლომი 69 ლარი დაჯდა, ხოლო სასტუმრო “რედისონში” ცხოვრება - 9 598 ლარი; სააკაშვილმა ოქროს სამკაულით უკრაინელი მომღერალი იოანა მელაიც დაასაჩუქრა. მელაის საჩუქარში 982 ლარი იქნა გადახდილი. 440 ლარიანი ძეწკვი, 542 ლარიან კულონთან ერთად 2011 წელს “დაფიონ სამკაულშია” შეძენილი.
ხელოვნება, გარდა მსხვერპლისა, ხარჯებსაც მოითხოვს - მერედიტ ოსტრამის შიშველი სხეულით შესრულებული ნახატის სააკაშვილისთვის შეძენა - 5999 ფუნტი.
ვინც მეგობარსა არ ეძებს...
სააკაშვილმა წყნეთის სამთავრობო აგარაკზე მიწის ნაკვეთები ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადიშვილს, ვერა ქობალიას, ნიკა გილაურს, რამაზ ნიკოლეიშვილს, ბაჩო ახალაიას და დიმიტრი შაშკინს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიჰყიდა თუ 1 კვ.მ მიწის მინიმალური ფასს 200 დოლარს ავიღებთ, გამოდის, რომ თითოეული მეგობრისთვის სააკაშვილს 400 000 ლარის ქონება უჩუქებია, რაც საბოლოო ჯამში 2 800 000 ათასი ლარია.
აბა, ამ ყველაფრის შემდეგ არც კი ღირს იმის გახსენება, რომ ჩიორა თაქთაქიშვილსა და ირმა ნადირაშვილს 10670 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გადაეცათ.
მშვიდობის, ლიტერატურის, ფიზიკის და ა.შ. გარდა ნობელის პრემია სიკეთისა და უანგარობის დარგშიც რომ გადაეცემოდეს, მისი პირველი მფლობელი მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა, ოღონდ ეგ არის, რომ ყველაფერი, რაც კი ზემოთ ჩამოვთვალეთ - ოქრო-ვერცხლი, მიდი-მოდი, სწავლა-განათლება, გამიშვი-გამატარე, მასვი-მაჭამე და ჩამაცვი-დამახურე, აი, მთელი ეს ყველაფერი სწორედ იმათი გადახდილია - ნისიათა ჟურნალების უცვლელი ბინადრების და სექენდ-ჰენდის მაღაზიების მუდმივი კლიენტების. ანუ ჩვენი - მთელი საქართველოსი.
მთავარი საჩუქარი დამავიწყდა - კოდორი და ახალგორი, ტკბილი და გემრიელი ლუკმა, და ამ კერძის გარნირიც - ნახევარი ეკონომიკა და მთელი ენერგეტიკა.
მადლი ქენიო და რომ გამოივლი, წინ დაგხვდებაო. ქნა, და ახლა ჩემი საფიქრალი ის არის, რა დავახვედრო. ყვავს რა ქონდაო და, რა მაქვს, რა უნდა დავახვედრო? ბევრი ვიფიქრე და ბოლოს უფასო განცხადებების გაზეთი გადავშალე. ისედაც ვადაგასულს ოქტომბერში ნაწყალობევი ვადაც გასდის. რა უნდა აკეთოს? ჰოდა, შესაბამის განცხადებასაც მივაგენი: „მესაჭიროება საქონლის მომვლელი, გამოცდილების მქონე მწველავი, 40-55 წლის ცოლ-ქმარი. მყავს: 10 ძროხა, 5 ხბო, 3 ცხენი, 4 ღორი, რამდენიმე ქათამი. ამჟამად იწველება 7 ძროხა“. კიდევ ერთი საყურადღებო განცხადება: „კომპანია „ერის იმედი“ აცხადებს კონკურსს მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე“.
აი, კიდევ ერთი საინტერესო: „ბარი-დუქანი-სახინკლე დადიანზე, ყველა საჭირო აღჭურვილობით... გამომეხმაუროს საქმის მცოდნე“.
მადა ჭამაში მოდისო... საქმე კი ვუშოვნე, მაგრამ მის ჯანმრთელობასაც ვუფრთხილდები და გაზეთში ამოკითხულ ასეთ განცხადებას ვთავაზობ: „ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისგან სწრაფი გათავისუფლება, დამოკიდებულების მოხსნა, ნერვული სისტემის მოწესრიგება, ნევროზი, უძილობა, შიშები, აგრესია, აკვიატებები...“
წესით, უნდა დაინტერესდეს.
მიყვარს უფასო განცხადებების გაზეთი, კითხულობ და უცებ ხვდები, რა ხდება ქვეყანაში - ვის როგორ უჭირს, ვის როგორ ულხინს და ვის როგორ უნდა, რომ მოილხინოს. ზოგს რისი ყიდვა სურს და ზოგს რისი გაყიდვა. ზოგი ყიდვით აპირებს ცხოვრების მოწყობას და ზოგი გაყიდვით. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. მოიწყობენ ცხოვრებას და შემდეგ ისიც იქნება - რასაცა გასცემ შენიაო...
აი, იმ ვადაგასულს კი გავცემდი დიდი სიამოვნებით, თუნდაც ჩვენი ერქვას, ოღონდ სხვაგან იყოს.
წერას ვამთავრებ, განცხადებების კატალოგს ვხურავ და სულ ბოლოში, ბოლო გვერდებზე, ერთ საინტერესო განცხადებას ვხედავ: „იყიდება ძალიან კარგი ჯიშის დედა ღორი, ერთხელ ნამშობიარევი, 1500 ლარად. ასევე იყიდება მისივე სამი გოჭი, თითო 220 ლარად“.
სამი გოჭი ყოლია. მე ერთი ვიცოდი - მაღალი და უხვი, ოღონდ უხვი სხვის ხარჯზე. სახელიც ვიცი მისი და მეტსახელიც. ჩემმა შვილმა მას პიტალოსი შეარქვა.