რთული გზა მზიანეთისკენ, ანუ პოლიტიკური ფერთაცვალება ქართულად

რთული გზა მზიანეთისკენ, ანუ პოლიტიკური ფერთაცვალება ქართულად

გვიყვარს იბერიელთა შთამომავლებს კარგად ცხოვრება, ან კი ვის არ უყვარს?! თითოეული ჩვენგანი ჯერ უფროსთა შეგონებით, შემდეგ კი დამოუკიდებლადაც, გამუდმებით ვიბრძვით ადგილის მოსაპოვებლად მზისქვეშეთში, სადაც ყოველთვის თბილა, სიუხვე, სიამტკბილობა და მოლხენაა.

თავისთავად, აქაც და სხვა ქვეყნებშიც, მზის გულზე მუდმივად ყოფნა და მხოლოდ ნებივრობა ხშირად მოსაბეზრებელი ხდება. ამასთან დადგენილია, რომ მნიშვნელოვნად დუნდება დალხენილთა იმუნიტეტი გარეშე, ჩრდილში მყოფ ბნელეთის ძალებისგან დასაცავად, რომლებიც მუდმივად მათი ადგილის დაკავებას ცდილობენ.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სინამდვილეში, მზისქვეშეთში განცხრომა ძირითადად უზრუნველიყოფა ზრდასრული ჩრდილელი მოსახლეობის საზღვარგარეთ განდევნით.

იქ, ისინი ძირითადად ღამის ქოთნის და ამ ქოთანთა მომხმარებლების თრევით, რეცხვა-ლაგებით, პროსტიტუციით, ქურდობით ან ბაცაცობით არიან დაკავებულები. სწორედ, ძირითადად ამ პირთა გადმოგზავნილი თანხები უზრუნველყოფს ჩრდილში მცხოვრებთა არსებობას, ისე რომ სული არ დალიონ. იმავდროულად, ძირითადად სწორედ ეს თანხა უზრუნველყოფს მზიანეთელთა კეთილდღეობას, რომლებიც ათასნაირი ხერხით ძარცვავენ ჩრდილელებს.

მზისქვეშეთელებსა და ჩრდილელებს შორის მუდმივად ერთნაირი, მტრული დამოკიდებულებაა. მზეში მყოფები არარად მიიჩნევენ ჩრდილელებს და შესაბამისად არაადამიანურადაც ეპყრობიან. თავის მხრივ, ჩრდილელები ზიზღითა და შურით შეჰყურებენ მზიანეთელებს და მუდამ იმის მცდელობაში არიან, რომ დაამხონ ეს პარაზიტებად მიჩნეულები.

აღნიშნულის გამო, თავდაპირველად ათენელმა მზიანეთებლებმა გამოიგონეს კოლექტიური თვითგადარჩენის ისეთი მძლავრი საშუალება, როგორიცაა პოლიტიკური პარტია, ანუ დალხენილთა გაერთიანება, რომელის ფაქტიური მიზანიც განცხრომის მდგომარეობის სამარდჟამოდ შენარჩუნებაა.

ჩვენში ამგვარ პარტიათა ფიქტიურად გაცხადებული მიზანია ჩრდილელებზე ზრუნვა, მათთვის ცრემლთაღვრა და სხვადასხვა საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებში მათი შეყვანის თაობაზე სისტემატური ყბედობა, ანუ დაბოლებაა.

ამ „ზრუნვისთვის“ მზიანეთელები ჩრდილელებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვდნენ, რის სანაცვლოდაც მამაძაღლობაში შემჩნეულ ზოგიერთ მათგანსაც, გამორჩევით, მზის სხივთა ხანმოკლე ხილვის უფლებას აძლევდნენ, ან სულაც თვალთმაქცურ, ცრუ პარტიებს უქმნიდნენ, თანასწორობის და დემოკრატიის იმიტაციის შექმნის მიზნით.

თავად ჩრდილელებს მუდმივი ინდივიდუალური პრობლემებისაგან გამოფიტვის გამო, გაერთიანების არც თავი და არც სურვილი არ ჰქონდათ. ამიტომაც საცოდავად ელოდნენ გოდოს ან ვინმე სხვას, თუნდაც ჯამბაზს, ვინც ცეცხლს შეუნთებდათ და აამხედრებდათ მზისქვეშეთელების წინააღმდეგ. სამწუხაროდ ესეთი ამმხედრებლები ძირითადად წუწკ და წუპაკ მზიანეთელებთან იყვნენ შეკრულები, რის გამოც ჩრდილელების ყოველი გატოკება მარცხით მთავრდებოდა.

რადგან ბუნება ვერ იტანს მარადიულ ერთგვაროვნებას, ყველგან და ყოველთვის ციკლურად ხდება მზისქვეშეთელების სამოთხიდან გამოძევება და მათ ადგილას ჩრდილელთა შემსევრება. ვერავითარი ძალა ამ პროცესს ვერ აჩერებს. უკანასკნელი ასეთი ბუნებრივი მოვლენა საქართველოში პირველ ოქტომბერს მოხდა.

ბოლომდე არ სჯერათ, მაგრამ იციან რა ამ გარდაუვალი ცვლილების შესახებ, მზიანეთელები, მათი გამოპინტრიშების წინ ერთობ უცნაურად იქცევიან, იწყებენ ცქმუტვას და გამაოგნებელ განცხადებათა კეთებას იმის თაობაზე, რომ საერთო არაფერი აქვთ მზიანეთელებთან, რომ იქ შემთხვევით, მოტყუებით ან სულაც ძალის გამოყენებით მოხვდნენ. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ გაჩენის დღიდან ჩრდილელებზე ზრუნავენ, რათა მათ სითბო და სინათლე არ მოაკლონ. სავარაუდოდ ისინი ფიქრობენ, რომ ამგვარი ფანდით, მომავალში ჰარმონიულ კოაბიტაციაში შევლენ ჩრდილელებთან, ვინძლო ცალი გვერდი მაინც მოითბობენ.

იმისათვის, რათა ადგილთა ისტორიული შეცვლის დროს, მზიანელთა და ჩრდილელთა შორის არ მოხდეს მათი ერთმანეთში არევა და ყოფილმა მზიანეთელებმა კვლავაც არ განაგრძონ იქ პარპარში, ჩრდილელებმა, გაიხსენეს რა ცნობილი ქართული გამოთქმა, რომ თეთრი და შავი უკანალი, ნაღდათ მხოლოდ აბანოში გამოჩნდება, თავდაპირველად შემოიღეს აბანოში სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა, რომლის მეშვეობითაც, ობიექტურ, თვალნათელ და ეჭვგარეშე ნივთმტკიცებით დგინდებოდა პირის კუთვნილება ამა თუ იმ პარტიისადმი.

მექისე ექსპერტები გასცემდნენ სპეციალურ საბუთს უკანალის სითეთრე-სიშავის შესახებ. როდესაც დგინდებოდა სხეულის ან ნაწილის შედარებითი სითეთრე მთელ სხეულთან მიმართებაში, გაიცემოდა დასკვნა, რომ პირი ნამდვილად მზიანეთელია. მთლიანი სხეულის ერთფეროვნების დადგენისას, ადამიანი ჩრდილელად მიიჩნეოდა.

ყოველთვის და ყველგან, საქართველოს ჩათვლით, ყოფილი მზიანეთელები ყოველ ღონეს ხმარობდნენ და ხმარობენ მზიანეთში დასარჩენად. ამისთვის კი აუცილებელია ნივთმტკიცების, ე.ი. უკანალის ფერის ფალსიფიცირება. ამ მიზნით მზიანეთელები მასობრივად აწყდებოდნენ სოლარიუმებს, სადაც მხოლოდ უკანალს იზაგრავდნენ. სოლარიუმთა კატასტროფული სიმცირის გამო, მრავალ საჯარო სამსახურთა, ისევე როგორც პოლიტიკურ პარტიათა ოფისების შენობების სახურავებზე ყინვაში და პაპანაქებაში შეიმჩნეოდა და დღესაც შეიმჩნევიან შარვალჩახდილი და კაბაახდილი სუბიექტები, რომლებიც წაკუზულ მდგომარეობაში მხოლოდ უკანალს ირუჯავენ. ამ პროცესში დაფიქსირდა ლეტალური შედეგებიც, როდესაც გარუჯვის პროცესის დაჩქარებისთვის ლეღვის ფოთლის ნახარშს იყენებდნენ, რაც გასარუჯი ადგილის გამოწვად უჯდებოდათ. ამ საქმეში კუზანოვმა წაკუზულებისგან დიდი ფული იშოვა.

VIP-ნაცხროველი ელიტარული პარტიული მუშაკებისთვის ამოქმედდა ფარული ლაბორატორია, სადაც ევროპული სტანდარტით სასწრაფოდ ღებავენ უკანალს. ღებვას კატოკით ახორციელებს ცნობილ მასაჟისტ დოტის დაქალი პუდენა, რომელიც დამატებითი ანაზღაურების ფასად აშორებს სვირინგებს, როგორიცაა “NUMBER 5”, „MISHA MAGARIA“, “ I WANT YOU” და სხვა უცენზურო სიტყვებს. კიდევ, ხუთ ლარად პუდენა შუბლზე „ოცნების“ შვიდქიმიან ვარსკვლას დაგახატავთ. განსაკუთრებული მოთხოვნა ამ უკანასკნელზეა .

საერთოდ, ციკლური ცვლილების შემდეგ შეიმჩნევა ერთობ უცნაური რამ. სამსახურებში მიღება და იქედან გამოპანღურება სწორედაც რომ დუნდულოთა ფერის მიხედვით ხდება.

 მდიდარი ქართული ენა, სწორედაც რომ ანატომიური სიზუსტით აღწერს ამ პროცესს. პანღური (იგივე პანჩური,ჭიტლაყი) სწორედაც რომ წიხლის უკანალის მიმართულებით მძლავრად ამორტყმას ნიშნავს. იგი მიმართულია იმ ადგილისკენ, რომელიც უკანალის პატრონის იდეოლოგიურ იდენტობას ადასტურებს, ე.ი. დარტყმა ხდება კაკალ გულში.

ამჟამად უკვე, იუსტიციის სახლი, „ნონ სტოპის“ რეჟიმში, ჭიქა ყავასთან ერთად, გასცემს იგივე საბუთს, რაც სულ რაღაც 500 ლარი ჯდება. ეს ბ-ნ ვაშაძის ნოუ-ჰაუა, რომლითაც აღფრთვანებულია მთელი დასავლეთი. შეჰყოფთ ტაკოს სპეციალურ ფანჯარაში, აპარატი განსაზღვრავს სიშავე- სითეთრის დონეს სხეულთან მიმართებაში და იქვე (ჰოი საოცრებავ) იძლევა დასურათებულ საბუთს. საბუთის გასაჩივრება არ დაიშვება.

მიუხედავად ამისა, სასამართლოებში და პრეზიდენტის სასახლესთან მრავლად ნახავთ ხალხს, რომლებიც მათ მიმართ გაცემული საბუთის სისწორეს ასაჩივრებენ და მასმედიის წინაშე ურცხვად იშიშვლებენ უკანალებს. რამდენიმე პროტესტანტს უკვე ორი თვეა ამაოდ აქვთ მიშვერილი შიშველი უკანალები მიხუის აპარტამენტისკენ.

ამ პირობებში, მრავალი მოქალაქე ჭკუას ხმარობს და აცხადებს, რომ საერთოდაც უდუნდულოა ან უდუმოა. ზოგმა სასწრაფოდ გვარიც შეიცვალა და უდუმოვი გახდა.

მეც, დაბადებიდან ბნელეთს მიკუთვნებული მოქალაქე, ამა წლის გაზაფხულზე აბანოსა და იუსტიციის სახლის გავლით, კვლავაც ქუჩაში აღმოვჩნდი, ამჯერად დამოწმებული საბუთით, რომ ნამდვილი ჩრდილელი ვარ.

 გული სიამაყით მიძგერდა, მომავალი ვარდის ფერებში მესახებოდა და გაუყევი გზას, რომელსაც ჩემი აზრით მზისქვეშეთში უნდა მივეყვანე.

ვინაიდან ადრე მზისქვეშეთზე არც მიოცნებია, ზუსტად ისიც კი არ ვიცოდი, რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიდიოდა იქამდე. ავტობუსის გაჩერებაზე უზღვავი ხალხი ირეოდა, ძირითადად, თუ თურქული კუბოკრული ჩანთებით ვიმსჯელებთ, მზიანეთში წამსველები უნდა ყოფილიყვნენ.

 ჩემს შეკითხვაზე, თუ რომელი ავტობუსი გადის სანუკვარი დანიშნულებით, მოქალაქეები ამრეზით მიყურებდნენ, პასუხს კითხვაზე არ მცემდნენ და აქეთ მეკითხებოდნენ - კი, მარა რომელი პარტიიდან ხარო? მე, სიტყვა „პარტია“ უბანში მხოლოდ დომინოს თამაშთან დაკავშირებით მქონდა გაგონილი. ისე კი, მერე გამახსენდა, რომ ტელევიზორშიც ხშირად ახსენებენ ამ სიტყვას, ვიღაცეების სიფათების ფონზე, რომელთა გამომეტყველებაც, ძირითადად, იუსტიციის სახლში აღებული ჩემი უკანალის პორტრეტის იდენტურია. განსაკუთრებული მსგავსება შეიმჩნევა ბოტოქს გაკეთებულ, პარტიული მუშაკების ცნობად სახეებთან.

საღამოვდებოდა, საშველი კი არ ჩანდა. იქვე უკბილო სტაიანშიკი შევნიშნე, რომელიც ბიჩოკებს აგროვებდა. კოლოფში დარჩენილი უკანასკნელი „ასტრა“ მივეცი და ვკითხე ავტობუსის ამბავი. მან ამიხსნა, რომ მზისქვეშეთში, ამ ადგილიდან მხოლოდ ავტობუსი ნომერი 41 მიემართება, რომელშიც მხოლოდ წარჩინებულად მიჩნეული ექვსი პარტიის წევრები და მათი საახლობლო თავსდებიან. დანარჩენი, სხვა პარტიის წარმომადგენლები ან ავტობუსის სახურავზე ძვრებიან, ან სულაც უკანა ბამპერზე დგებიან, ზოგიც საბარგო განყოფილებაში ჩურთავს თავს.

უიმედოდ ჩავიქნიე ხელი, ჯიბე მოვიქექე, რომელშიც მუდმივად ტორიჩელის სიცარიელეა და ვერ აღმოვაჩინე რა სახლში წასასვლელი ხურდა, იქვე გაზონზე წამოვწექი და ჩავთვლიმე.

უცებ თავზე რაღაც დამეცა, როგორც აღმოჩნდა, მზესუმზირის ჩასაყრელი, დახვეული გაზეთის ნაგლეჯი ყოფილა. კი შევიგინე და ქაღალდის სავარაუდო გადმომგდების დადევნება დავაპირე, რომ ამ დროს გაზეთის ამ ნაგლეჯზე მაგიური სიტყვა „პარტია“ ამოვიკითხე. აღარ გავქცეულვარ და დანარჩენი ტექსტის კითხვა დავიწყე.

ნაგლეჯზე ვიღაც, ჩემნაირის სურათი შევნიშე, ტექსტიდან კი გავიგე, რომ ოდესღაც წინა საუკუნის დასაწყისში ნაცვლად იმისა, რომ საქმე ეკეთებინათ, ქართველები მასობრივად პარტიული მუშაობით იყვნენ დაკავებული. ამ საქმეში, რატომღაც, ძირითადათ რუსეთში იკვლევდნენ გზას და საკმაოდ წარმატებულადაც, სადაც მათ, მოფერებით „ჩორნაჟოპებს“ ანუ „შავტაკოიანებს“ უწოდებდნენ, რაც ასეთ პირთა შემდგომ პარტიულ საქმიანობაში უცილობელი წარმატების გარანტია იყო.

სტატიაში მოთხრობილი იყო ორ პარტიულ მუშაკს შორის გაბაასებაზე, რომელთაგანაც ერთი ქართველი გვარად წერეთელი, მეორე კი ჭუტალა, მონღოლოიდი დეპუტატი, რომელსაც სახეზე გამოკვეთილი სიფილისის ნიშნები აჩნდა, ლენინი ყოფილა.

რაღაც რთულ გარემოებათა გამო, რუსეთის დუმად წოდებული პარლამენტის სხდომაზე, წერეთელს, რომელიც რა თქმა უნდა სხდომას თავმჯდომარეობდა, მიამიტად განუცხადებია რომ ამ სიტუაციაში არ მოიძებნებოდა პარტია, რომელიც ხელისუფლებას აიღებდა ხელში. მონღოლოიდ ჭუტალას უღრიალია : ,,არის ასეთი პარტია!, ჩვენ არაფრის არ გვეშინია!“ „მხოლოდ სულელს არ ეშინია არაფრის!“ - მიუგია წერეთელს, რომელისთვისაც ეს სიტყვები უკანასკნელი აღმოჩენილა რუსეთის დუმაში. სამაგიეროდ ბოლშევიკმა შავბნელებმა იგულავეს შემდეგი 70 წელი.

და ევრიკა! თავში აშკარად გამინათდა. ვინაიდან და რადგან ოჯახში და უბანში მამალი სულელის სახელი მაქვს გავარდნილი, ყბედობის მეტი არაფერი ვიცი, სიფილისი არა, მაგრამ ტრიპერი ხუთჯერ მაქვს მოხდილი, ვარ უტიფარი და მრუში, თავი პოლიტიკური ბრძოლისთვის მზადმყოფნელად მივიჩნიე და მყისიერად გადავწყვიტე პოლიტიკური პარტიის შექმნა. ეს მზისქვეშეთში ჩემი მოხვედრის ერთადერთი შანსი იყო.

სახლში როგორ მივაღწიე არ მახსოვს. ცოლს ჩემი განზრახვა გავანდე, რის გამოც სიცილისგან მოსასულიერებელი შეიქნა, მაგრამ მაინც დავითანხმე ზეწოლით. ეს წარმოუდგენელი რამ იმიტომ ჩავიდინე, რომ დედამისის კბილის ოქროს პროტეზი და მამამისის ყურის აპარატი Phonak Ambra CIC მჭირდებოდა, რომელიც 30.000 დოლარი ღირს და ცოლის ძმამ გამოუგზავნა მამამისს შვეიცარიიდან, სადაც ქურდად მუშაობს და ძირითადად საფლავებს ტეხავს.

ოჯახის წევრებთან კონსენსუსის მიღწევის შედეგად, ხსენებული ნივთები დავალომბარდე და პარტიაც დავარეგისტრირე. ეგაა, პარტიის სათაურის შერჩევამ წაიღო დიდი დრო და ენერგია. ჩვენი ბუტკის გამყიდველ ვასსოსთან ერთად, რომელიც სამი კილომტრის რადიუსში ყველაზე განსწავლული მოზგი და თახსირია უბანში, თან ნაცების კოორდინატორის ყოფილი ქმარიცაა, რომელსაც ხელიც კი აქვს ჩამორთმეული მაჭავარიანისათვის, განვიხილეთ ყველა შესაძლო ვარიანტი.

თავიდან ძალზე მიგვიზიდა პოლონეთის მაგალითმა, სადაც ახლო წარსულში ფუნქციონირებდა ლუდის პარტია, რომელიც შემდგომ დიდ და პატარა ლუდის პარტიებად დაიშალა. პარტიის სახელი აშკარად მომგებიანი იყო, სავარაუდო მიმდევართა სიმრავლის და უპრეტენზიობის გამო. ბედნიერების მათეული გაგება, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, „ყაზბეგის“ ოფისის წინ, მტკვრის სანაპიროს ბორდიურებს არ სცდება. ეს ოფშენი ცოლმა დამიბლოკა, ვინაიდან უბნელებს ხუთჯერ ვყავარ მიტანილი სახლში ლუდის ბარიდან, რომლის ვალსაც იგი დღესაც იხდის.

შემდეგ ვარიანტად განვიხილეთ ლატვიური ღატაკთა პარტიის სათაური (For the Poor), რომელშიც ავტომატურად გაწევრიანდებოდა მოსახლეობის 95%, მაგრამ დავასკვენით, რომ შარი იყო ამდენ გაჭირვებულთან ურთიერთობა.

მიუხედავად სათაურის - „მამაცთა გზის პარტიის“ (Way of Courage) მომხიბვლელობისა, რომელიც ლიტვაში ფუნქციონირებს, ისიც უარვყავით, რადგან ჩვენი სიმამაცე პირდაპირპროპორციულია მიღებული ალკოჰოლური სასმელის, რაც ჩემთვის დამატებით ფინანსურ სირთულეს წარმოქმნიდა რათა მუდმივ მზადყოფნაშო მყოლოდა პარტიული ავანგარდი.

ყველაზე მისაღებად, პირადად მე დანიაში მოქმედი პარტიის ფოკუსის (Focus) სათაური მივიჩნიე, იგი ზუსტად ასახავს არჩევნების არსს. კერძოდ, წინასაარჩევნო დაპირებების მიცემის შემდეგ, არჩევნების მოგებიდან ორ დღეში, პარტია რეალობიდან ქრება და ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლებს. მას ოთხი წელი ვიღარავინ ხედავს.

განხილული ვარიანტებიდან ყველაზე მისაღები აღმოჩნდა „პირატთა პარტია“ - რომლებიც მსოფლიოს ორმოცზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებენ, ის კი არა, ამ პარტიებს ინტერნაციონალიც აქვთ შექმნილი.

თანაც როგორ ჟღერს - „ქართველ პირატთა პარტია!“

ჩვენი ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. რაც მთავარია, ამ სახელით პარტიის დაარსება ამსხვრევს იმ სტერეოტიპულ უზუსტობას, რომ ქართველებს ზღვაოსნობა არ გვიყვარდა. გვიყვარდა კი არა, შიშით ვაზანზარებდით ევროპას და ახლო აღმოსავლეთს. ჩვენი შიშით, მსოფლიოს მძლავრმა სახელმწიფოებმა, ჩვენგან თავდაცვის მიზნით ბოსფორის და დარდანლის სრუტეეებიც კი ამოქოლეს მონტრეს 1936 წ. კონვენციით.

გარდა ამისა, გადაწყვეტილება სათაურის შესახებ სუბიექტური ფაქტორითაც იყო განპირობებული. ბავშვობიდანვე მიყვარდა წაგლეჯობანას თამაში. ვიდრე VII კლასიდან გამომაგდებდნენ მგლის ბილეთით, გაკვეთილებზე მხოლოდ გემების ჩაძირობანას ვთამაშობდი. ამის შემდეგ, წკრიალაშვილის პირატულ კასეტებს და სხვათა პორნოგრაფიულ ვიდეოკასეტებს ვყიდდი დიდუბის მეტროსთან. გულვშემატკივრობ სომალიელ მეკობრეებს, რადგანაც მდიდრებს ართმევენ და ღარიბებს აძლევენ, ვაფანატებ კარიბის ზღვის მეკობრეებს და ვაფრენ ჯონი დეპზე, უფროს ბიჭს კი ჯეკ სპეროუც დავარქვი.

ვინაიდან საპარლამენტო არჩევნებში უკვე, ჩემთვის სასურველ შედეგს მივაღწიე, გულახდილად გაგიმხელთ, რომ არც პარტიის წესდება და არც პროგრამა არ მქონია. კრიჟანმა ვასსომ მირჩია, ამ საქმეში ფული არ დამეხარჯა.

ორივე ამ დოკუმენტს ყოველდღე ვარიგებდით, რომლებშიც მხოლოდ პორნოგრაფიული სურათები და წინა ღამის ფეხბურთის ანგარიშები იყო ტოტალიზატორით დაავადებულთათვის.

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მასები ჩვენსკენ დაიძრნენ. მრავალ მათგანს მკერდზე ჩემი სურათიც ეკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ნავაროსთვის, არც გელაპისა და არც ხარისისათვის არაფერი არ მიმიცია, ჩემი პარტიის რეიტინგი შკალის ჩარჩოებს არღვევდა, პოპულარობით კი ორჯერ ვუსწრებდი ტუტსის, ხვლიკს , დანა-ჩანგალას და ლეიბთა ლეიბს ერთად აღებულს.

პრესამ და ტელევიზიამ საერთოდ ტვინი წაჭამა. მიუხედავად იმის, რომ ჩემს ერთადერთ, საჯარო გამოსვლაში ყაზბეგზე მდებარე ბლიადსკი ბაღში, გასაგებად ვთქვი, რომ მყარად ვდგავარ მემარცხენე მემარჯვენეთა პლატფორამზე და იქედან ვაკვირდები დვიჟენიებს, დღემდე გრძელდება ამ ფრაზის გაშიფრვა.

ჟურნალისტის მაცილობელა, ძალად სერიოზული პაიჭაძე პირველი არხიდან, რომელსაც თუ მისი სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებთ, მუდმივი გაუვალობა აწუხებს, ამ ფრაზაში რაღაც ჩრდილოურის, სკვითურის, მონღოლურის აღმოჩენას ლამობს.

საფრთხობელა კვესიტაძე იმავე არხიდან, დისტანციურად ცდილობს დამგესლოს, მაგრამ ახლოსაც ვერ მეკარება, რადგან იცის რომ ვერავითარი ვეტერინარი ვერ იხსნის ჩემი განრისხებისგან.

ჩემი ცოლი ტელეეკრანიდან არ ჩამოდის, ხან ნაკოლკიან უცხვირპიროს ხან კი მიკი-მაუსის სტუმარია, რომლებსაც უყვება, თუ როგორ შევირცხვინე თავი ქორწინების პირველ ღამეს, რაზეც ყველანი ერთად ტირიან. ამავე გადაცემებიდან გავიგე , რომ ჩემად მიჩნეული სამი შვილიდან არცერთი არ ყოფილა ჩემი. მეტად ავღელვდი,როდესაც სტუდიაში ჩემ შვილთა ნამდვილი მამები , უბნელი ბრატები ვახო ,ტუგო და ემზარა შემოვიდნენ და გივიასთან ერთად შალახო იცეკვეს.

და საერთოდაც, პოლიტიკაში ჩემმა შემოჭრამ ქვეყანაში ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი.

ჩემამდე, ადამიანები, რომლებიც პოლიტიკოსობას იბრალებდნენ, ათწლეულები გაჰყვიროდნენ ხან პოზიციიდან, ხან კი ოპოზიციიდან რომ მათი არსებობის მთავარი მიზანი იყო პლეხანოველი ომარას პრობლემები, რომელმაც ამ პრობლემათა შესახებ არაფერი იცოდა. მას უბრალოდ სციოდა, შიოდა და პრიმის საყიდელი ფულიც არ ჰქონდა. ამ დროს გამოენთებოდნენ მიხუი, ნინუცა, შალო, ხვლიკი, ნესტო და ათასი სხვა, ხმას დაიყენებდნენ და იყო ყბედობა ნონსტოპი ომარას ხსნის გზებზე, რასაც დღემდე აგრძელებენ.

მე ჩემს ამომრჩევლებს გულახდილად განვუცხადე, რომ არაფერს მათთვის არ გავაკეთებდი, რადგანაც ჩემი პრობლემებიც საკმარისზე მეტი მქონდა. არკეთებაც ხომ საქმეა, რადგან ცუდის, არაკაცურის არკეთებასაც მოიცავს.

ჩემი გაცხადებული მიზანი იყო ერთი მილიონი პარტიული დაფინანსების დათრევა, რაც ავისრულე კიდეც.

არის რაღაც მაჰათმა განდისეული ამ ჩემს პოზიციაში, რასაც ინდურად სატიაგრაჰა ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ შენ უარყოფ ძალადობას, მაგრამ არ ებრძვი მას, ზიხარ შენთვის ტელევიზორთან ცხრა წელი, ჩუმად აგინებ მთავრობას, ფოთოლსაც კი არ არხევ დარხევის შიშით, ზიხარ და ელი, როდის დაჭამენ ერთმანეთს მზიანეთელი ნაცები, რომლებიც რატომღაც მხოლოდ ჩრდილელებს ჭამდნენ სუფრაზე, რომლის მთავარი გამწყობი მაჟორდომი ნინუცა იყო, მთავარი ყასაბი - მიხუი, დანა-ჩანგალს ბაქრაძე რეცხავდა და იყო დიდი განცხრომა და წილაობა, ტილაობა.

ამ დროს გამოჩნდა მართლი კაცი, ერთი შებერვით მოაშთო ქაღალდის ფიგურის საფრთხობელები, რომლებიც ერის ბურჯებად წარმოგვიდგენდნენ თავს და საუკუნოვან ბატონობას იჩემებდნენ.

ამ შებერვის პირველი ტალღის მერე, ნაცხროველებმა იყუჩეს. შემდე კი, როგორც ტურებს ჩვევიათ, ნელნელა გამოძვრნენ ორმოებიდან და რაღაც პირობებსაც აყენებენ, ოპოზიცია და რამეო. მათ ხმა აუბეს ასეულობით სხვა უსაქმურებმა, ჩრდილელთა მიერ შექმნილმა პარტიებმა და ნაცების ექკრემენტებმა, რომლებმაც ამ გაზაფხულზე საოცრად იბარტყეს, სამზარეულოებს შეეშვნენ და ტელესტუდიებში გადაინაცვლეს.

ის კი არა, ივლისის ბოლოს გავიგე პარლამენტში დიდ კორდებალეტს ჰქონია ადგილი. დადგინდა, რომ 14 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. დადგენილებაში ამის თაობაზე სიტყვების რახარუხია - როგორიცაა „არასაპარლამენტო პარტია“, „არაკვალიფიცირებული სუბიექტი“, „კვალიფიცირებული სუბიექტი“. ერთი გამაგებინა, რას ნიშნავს კვალიფიცირებული სუბიექტი, რომლებიც თურმე არიან „ახლები“, „საქართველოს გზა“, ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი პარტია „ქდმ“, ქდმ-ს სატელიტური პოლიტიკური გაერთიანება, „ევროპული დემოკრატები“ და „ხალხის პარტია“.

თურმე ამ არპარტია პარტიებს კიდევ დაემატება „ეროვნულ დემოკრეტიული პარტია“, „ლეიბორისტული პარტია“, „თავისუფალი საქართველო“ და „ქართული დასი“.

თვითეულ ამ არაფრის მაქნის, ფუმფლა წარმონაქმნს, ნაცხროვასთან ერთად, ასეულ ათასობით ლარი გამოეყოფა. იკითხავთ რისთვის. იმისთვის, რომ მათ მოილხინონ, დაგაბოლონ, თქვენ კი განაგრძოთ უზმოზზე ცერის წოვა და თურქეთში საშოვარზე წასულთა გზავნილთა ცდა.

მე რა მენაღვლება, ჩემი მიღებული მაქვს, რადგან ყველა ამ უსაქმურთან წილში ვარ, მიხდიან რომ შავბნელი ამბები არ გაუბაზრო, ქსივა ვასსომ მომცა. თან, როგორც ახლადშექმნილი პარტიის ლიდერი, ჩემს პარტიას სატელიტურ პოლიტიკურ გაერთიანებად მოვიაზრებ. ეს კიდევ დამატებითი შემოსავალია. ასე რომ, ჩემი მითქვამს და თქვენი საქმე უკეთ იცით.

გუშინ მძღოლმა მატარებლის ბილეთები მომიტანა. მივემგზავრები მზიანეთში. გამოგიტყდებით და, მატარებლით პირველად ვმგზავრობ, რის გამოც ნერვიული წიკები დამეწყო.

თან მიმყავს პარტიის ავანგარდი. ანუ ჩემი სტაფი: ცოლი ლოლა; სიდედრი, რომელიც უკბილობის გამო ვერაფერს ჭამს; სიმამრი, რომელსაც არაფერი ესმის და მარტო „ასავალ-დასავალს“ კითხულობს; ბავშვები, მდივანი მაყვალა, რომელიც რამდენიმე ხმოვანს ვერ წარმოსთქვავს, სამაგიეროთ მზიანელთა სლენგი იცის ოტ ი დო. მძღოლად და ხაზინადარად უბნელი ბენო წამოვიყვანე. მთავარია ვეღარ სვამს, ალერგია აქვს ალკოჰოლზე.

რკინიგზის ცენტრალურ სადგურში ხალხმრავლობა დაგვხვდა. რადიოდან, ჩამომსვლელთა და დამხვედრთა გამხნევების მიზნით, გამაყრუებლად ისმოდა ბრეგოვიჩის ამაცუნდრუკებელი მუსიკა.

სახელდახელოდ შეჭედილ ტრიბუნაზე შიგადაშიგ გამოენთებოდნენ პოეტები, პროზაიკოსები, ისტორიკოსები, ასევე სადგურის ბოზები. ოპტიმისტურად სცემდნენ ყიჟინას ვინმე პოეტი დეფი პოტომაკელი, პოეტი და ბიზნესმენი კაკალაშვილი გურჯაანელი, მწერალი სამადაშვილი მისი უკვდავი ტრილოგიიდან კითხულობდა ამონარიდს, ისტორიკოსი მასხარაშვილი შეეცადა ნაცხროვის იმპერიულ წარმატებაზე ესაუბრა, მაგრამ არ დასცალდა, ვინაიდან ბაქანზე დეფილირება დაიწყო ვინმე ბიჭოლამ, რომელიც გამომწვევად იქნევდა თეძოებს. ნასილშიკები დიდად აღშფოთდნენ ამ არსების ხვანცალით, რადგანაც დაშტერებული ბრბო გადაადგიელბის საშუალებას არ აძლევდა მათ „ხაბარდას“ ყვირილის შემთხვევაშიც კი.

მიუხედვად ამაღლებული განწყობის იმიტაციის შექმნის მცდელობისა, ჰაერში, რომელიც გაჟღენთილი იყო სადგურის მიწისქვეშეთისთვის ჩვეული შარდის სუნით, იგრძნობოდა რაღაც ტრაგიკული და აპოკალიფსური.

ეს შეგრძნება კიდევ უფრო გამძაფრდა, იმ მომენტიდან როდესაც სადგურში გამოცხადდა, რომ მატარებელი N5 მზიანეთი-ჩრდილეთი შემოდიოდა 4-ე ლიანდაგზე.

ეს ის მატარებელია, ამავე სადგურიდან რომ გავიდა 9 წლის წინ და რომელზე შეხტომაც უდიდეს ბედნიერებად მიიჩნეოდა, და საერთო პარტიულ ტრადიციადაც იქცა. ახტებოდნენ ყველას, ყველაფერს და ყოველთვის, ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად. ბოლოს, როგორც ბრძენი ნოქარი ვასო ამბობს, დაახტნენ და დააშავდნენ. თუ რას - დრო გვიჩვენებს.

მატარებელი N5 მნიშვნელოვნად შეფერთხილიყო. ლოკომოტივის 40 ბორბლიდან 4-ღა ჰქონდა შერჩენილი. დანარჩენი „პარაშუტას“ გაუყიდია ჩინეთში ერისიმედ ვანო ჯონის დავალებით . არც ლოკომოტივს და არც ვაგონებს არცერთი ფანჯარა არ ჰქონდა შერჩენილი.

სადგურში შემოსვლისას, ლოკომოტივის წინა ბაქანზე დანა-ჩანგალა ბაქრაძე იდგა და გაჰყვიროდა „ჩვენ ის თამროები აღარ ვართო“, „ტრანსფორმაცია - მუმენიზაციაო“ და რაღაცეებიო, მაგრამ ხალხი მას აღარ უსმენდა, რადგანაც ერთ-ერთი დამხვდური ლიანდაგზე გაწვა და ცდილობდა ძიძიგურ-კარენინას მეთოდით მატარებელისთვის გზა გადაეღობა.

მეხანძრეებმა მხოლოდ წყლის ჭავლის დახმარებით ააწიწკნეს ქალბატონი ლიანდაგს. ლოკომოტივის მემანქანე ვეფხომ ბოლოჯერ ჩართო გამაფრთხილებელი სირენა, რომელიც მოიშალა და აღარ ითიშებოდა.

უცბად, სირენის ხმა იმ ქალის კივილმა გადაფარა ლინადაგებზე რომ იყო წეღან გაწოლილი. „არ შეგაცდინონ! არ დაიჯეროთ! მოგვატყუეს! ჩვენი გზა მხოლოდ უკანაა!! მტარვალებო!“ და ასე შემდეგ. არდამორჩილების სადემონსტრაციოდ იგი კვლავ ლიანდაგებზე ჩახტა და მთელი ტანით უკან, მზიანეთისკენ აწვებოდა ლოკომოტივს. მისი დახმარება სხვა, NGO-ს წარმომადგენლებმაც სცადეს, რომლებიც ცხენისძალის მოსამატებლად ერთმანეთს ცერებსაც აშველებდნენ. ქალბატონი, აკო მინაშვილის სიდედრი აღმოჩნდა.

თვით მატარებლის მგზავრები აგონიაში მყოფის შთაბეჭდილებას ახდენდნენ. მათმა უმრავლესობამ კუპეებში მიიჯაჭვეს თავი, ზოგი ლოგინქვეშ საბარგულში ჩამძვრალიყო. ნაწილი სახურავზე აძვრა და იქედან გაჰყვიროდა: „No Pasaran!” „ჩვენ დავბრუნდებით!“ „ძირს ხუნტა!“ და ა.შ.

ბაქანზე ბომონდი ჩოჩქოლებდა, დიდი იყო იმის მოლოდინი რომ პირანუსელთა ფარაონი მიხუი გამოჩნდებოდა და მისი ქარიზმატულობით დააშოშმინებდა მჭმუნვარე მასებს. ჯერ კიდევ ცარიელი ტრიბუნის გარშემო დიდი ჯიკაობა იყო, დიაცი ანუკები, შმანუკები ერთმანეთს ეცილელებოდნენ ტელეკამერაში გამოჩენას.

იქვე დეპუტატი ჩიტი-ჩიორაც გამოჩნდა, მას გამჭვირვალე სკოჩი ჰქონდა დაკრული ცხვირ-პირთან, რომლის უკანაც სისხლის გაშავებული ნაკვალევი შეიმჩნეოდა. ამ სამი თვის წინ მიღებული ქოთის შედეგს იგი ცოცხალი თავით არ იწმენდდა. ამას წინათ, ამ ნივთმტკიცების საჩვენებლად ულან-ბატორი, ფხენიანი, კატმანდუ და ლხასა მოიარა ბიუჯეტის ხარჯზე, თან ტელეფონისტკად დანა-ჩანგალა ბაქრაძის ცოლი ჰყავდა წაყვანილი.

ჩიორა ახალი „რეჟიმის“ პირსისხლიანობის ცოცხალ მტკიცებულებას წარმოაჩენდა სადგურზე მყოფი უცხოური მედიისათვის. იგი სიამოვნებით აღებინებდა მათ მისი სიფათის ანფას - პროფილს. უცბად, ჩიო როლში შეიჭრა, გულყრის სცენა გაითამაშა, მიწვა იქვე ნასილშიკის ურიკაზე, შაქრის ნახმარი ტომარა გადაიფარა და ბუკიკიოს მოლოდინში ჩაიძინა.

ბელადი კი მაინც არ ჩანდა. ხმა დაირხა პლედი მისცაო. ვიღაცამ თქვა - წითელ ხიდზე დაუნახავთ ქალის კაბაში გამოწყობილი უკანმოუბრუნებლად გარბოდაო. ერთმა თქვა, უკვე იქაა, თავის სამშობლოშიო. ვკითხე რა სამშობლოზე ლაპარაკობთქო, მიპასუხეს -მიხუი პირანუსას სამშობლო ტრაკაია ლიტვაში, ეროვნებით იგი ყარაიტი ყოფილა, კგბ-ში შეუცვალეს საბუთებიო. რას არ გაიგებ კაცი.

შექმნილ, დაძაბულ სიტუაციაში, მასების დაწყნარება ჩვენებურმა ევიტა პერონმა, ვარდთა რევოლუციის ერთ-ერთი, ინტელექტუალად შერაცხული ბელადის თანამეცხედრემ სცადა. კაპლანივით ღრმა ნაპასი დაარტყა, ტრიბუნასთან მივიდა, სიგარეტი ფეხსაცმლით გასრისა, გადააფურთხა და საზოგადოებას მოკლედ მიმართა: „გთხოვთ ნუ პანიკიორობთ! არცერთი ნაბიჯი წინ!, ჩვენ ყველა უკან დავბრუნდებით!, სემი ჩვენთანაა!“.

მასა დაწყნარდა, ან სხვა რა უნდა ექნა და ხვალინდელი დღის იმედით დაიშალნენ, ამასთან რუსთავი 2-ზე თურქული სერიალი იწყებოდა.

მატარებელი N41, დათქმულ დროს დაიძრა მზიანეთისკენ. მგზავრები დიდად ბედნიერები და კმაყოფილები ჩანდნენ. კუპეებიდან სიცილ-კისკისი ისმოდა. მხოლოდ ერთ კუპეში ჩურჩულებდნენ საეჭვოდ. დეპუტატმა გუგულიმ მითხრა, რომ დეპუტატ კობას უბილეთო მგზავრები ყავს ამოყვანილი და მზიანეთში მათ შეყვანაზე ბაზრობენო. გუგული, ვიდრე კვლავ სადმე გადაფრინდებოდა, კიდევ აპირებდა ვიღაცეებზე რაღაცეების მოყოლას, მაგრამ მისთვის აღარ მეცალა და ვუგანე.

გამცილებელი გვარად პირველი, ზედმეტსახელად კი ძვალი ჯერ არსად ჩანდა.

მზიანეთთან მიახლოებისას, ზოგმა მგზავრმა სასწრაფოდ დაიწყო რაღაც ფორმების შევსება, რომელიც საზღვრის გადაკვეთისას უნდა ჩაებარებინათ მზიანეთის ადმინისტრაციისთვის. ფორმაში ჩაბეჭდილი იყო, რომ მოქალაქე X… საზღვრის გადაკვეთისას სამუდამოდ აბარებს საბაჭოს საწყობში ისეთ სახიფათო, აალებად რამეებს, როგორიცაა სინდისი, პატიოსნება, ერთგულება, თანაგრძნობა, სიყვარული. მოქ. X… ასევე თავისი ნებით, სამუდამოდ უარს ამბობს მამულზე, ენასა და სარწმუნოებაზე.

ამ დროს, მატარებლის რადიოში გამოაცხადეს რომ ამ ფორმათა შევსება გუშინდელი დღიდან საჭრო აღარ იყო.

ამჯერად, მატარებელმა საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთა.