იმის მიუხედავად, რომ 7-8 მარტს გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით გაიწვია, პროტესტი ისევ გრძელდება. ჯერჯერობით მათი ახალი მოთხოვნები არ გაჟღერებულა, თუმცა მალე გამოჩნდება - აქციის ხასიათი პოლიტიკური იქნება, თუ არა.
პროტესტის აპოლიტიკურობაზე შესაძლოა ის მიანიშნებდეს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს. მათ ეს იმით ახსნეს, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური განცხადებების გაჟღერება არ სურთ.
ამის შემდეგ, გიორგი ვაშაძემ მედიასთან თქვა, რომ შსს ხალხის დაკავებას აპირიებს, რისთვისაც ერთიანობა მათთვის აუცილებელია.
„მე ჩემი სათქმელი ვუთხარი, რომ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, მათი მოპოვებული გამარჯვებაა. მათი გმირობის საფუძველია. აუცილებელია, ყველა ერთად ვიდგეთ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხალხის დაკავებას აპირებს. ერთად უნდა ვიდგეთ, ეს არ უნდა დავუსვათ. ვნახოთ, პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით, რომლითაც სამშობლოს დავიცავთ", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ორი დღე ექსპერტებისთვის იმის მთავარი განმსაზღვრელი იქნება, თუ რა ამოძრავებს რეალურად აქციაზე მყოფ ხალხს - იმართებიან ისინი პოლიტიკური ძალების მიერ კულისებიდან, თუ საქმე გვაქვს გულწრფელ პროტესტთან.
„პროტესტს აგრძელებს ხალხის მხოლოდ ერთი ნაწილი, ის ხალხი, ვინც ახლა შეკრებილია პარლამენტთან. ჩვენ ვნახეთ ისიც, თუ როგორ არ მიუშვეს პოლიტიკოსები ტრიბუნებთან. აქედან გამომდინარე, საინტერესოა დაკვირვება, გამოუჩნდებათ თუ არა ახალგაზრდებს თავიანთი ლიდერები, რომლებიც აქციას გარკვეულ მიმართულებას მიცემენ, რადგან უკვე აღარანაირი საფრთხე არ არსებობს იმის, რომ კანონპროექტს საქართველოში მომავალი გააჩნია.
„საინტერესოა, თუ რა ახალი მოთხოვნები ექნებათ. თუ ისინი მოითხოვენ მაგალითად მთავრობის გადადგომას, ან ვადამდელ არჩევნებს, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ამ აქციებს კულისებიდან პოლიტიკური ძალები მართავენ.
„საბოლოოდ, ეს ორი დღე იქნება განმსაზღვრელი ამ ყველაფრისა. შესაძლოა პოლიტიკოსები შეგნებულად არ ჩნდებიან ასპარეზზე და ესეც მათი მანევრი იყოს, როგორც გასული წლების მასშტაბურ აქციებზე. თუ გადავხედავთ 20 ივნისის პროტესტს, ვნახავთ, რომ როგორც კი პოლიტიკოსები გამოჩნდნენ, ხალხის რაოდენობა აქციაზე მაშინვე განახევრდა. ამიტომ მალე დავინახავთ პროტესტის საბოლოო ხასიათს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".