24 თებერვალს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და შუაგულ ევროპაში ომის გაჩაღებიდან. თბილისში ისევ გაიმართა უკრაინისა და ქვეყნის დასავლური კურსის მხარდამჭერი აქცია "ეს არის საქართველო - დიდება გმირებს", რომლის ორგანიზატორები პოლიტიკური ძალები: "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" გახლდნენ. ბევრისთვის მოულოდნელად აქციაზე ათასობით მოქალაქე მივიდა. დედაქალაქის პარალელურად სოლიდარობის გამოსახატად მოქალაქეები ბათუმსა და ქუთაისშიც შეიკრიბნენ. "მრავალი ათასი ადამიანის აქ შეკრებით დღევანდელი დღე შედგა! დღეს ყველამ ერთად ცივილიზებულ სამყაროს გავუგზავნეთ გზავნილი - ჩვენ მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირსა და ნატოშია. საქართველო უკრაინის გვერდით დგას. წინ დიდი ბრძოლებია, პირველ რიგში, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისთვის. ჩვენი მიზანია, „ქართულ ოცნებას“ საშუალება არ მივცეთ ევროინტეგრაციის გზას აგვაცდინოს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს უნდა მივიღოთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ვაშაძემ. სწორედ ამ აქციაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:
- ჩვენი საზოგადოება ნიჰილისტურად არის თანამედროვე ქართული პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ განწყობილი, მაგრამ რაღა დაგიმალოთ და, ველოდი, რომ აქციაზე ბევრი ხალხი გამოვიდოდა, ამისთვის ჩვენს მოქალაქეებს არაერთი მიზეზი ჰქონდათ - ფაქტია, ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა სოლიდარულია უკრაინის, მისთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრის თარიღი ძალიან მტკივნეულია. ჯერ ერთი, ეს ბევრ რამეს გვახსენებს ჩვენი უახლესი წარსულიდან და იმავდროულად, ვხვდებით, რომ იმაზე, თუ როგორ წარიმართება ეს ომი უკრაინაში, ჩვენი ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ამას ჩვენ ინტუიციურად ვგრძნობთ.
ამასთანავე, ეს აქცია იყო დაანონსებული როგორც უკრაინისა და ქვეყნის დასავლური კურსის მხარდამჭერი შეკრება. არც ეს არის ვინმესთვის სიახლე, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს. ერთი მიზეზი ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში გასვლისა ისიც იყო, რომ ამ თვალსაზრისით ხელისუფლების ზოგიერთი წევრის რიტორიკა ბევრ კითხვას ბადებს, ამას დაამატეთ უკმაყოფილება ხელისუფლებით. - ამ ყველაფრის საფუძველზე გავიდა ხალხი ქუჩაში. იქ არ ყოფილა ერთსახოვანი პუბლიკა, 24-ში რუსთაველზე სხვადასხვა პოზიციისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანები იდგნენ. მათგან ბევრი მიიჩნევს, რომ ბევრად მეტია გასაკეთებელი საქართველოს დასავლური ვექტორის გასაძლიერებლად. აქცია კარგად იყო ორგანიზებულიც.
რაც შეეხება ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებს, რომ აქციები პერმანენტული უნდა გახდეს, სიმართლე გითხრათ, ვეჭვობ, ოპოზიციამ ეს შეძლოს და ამ გზით შეცვალოს ხელისუფლება. საქმე ისაა, რომ როგორც უკვე ვთქვი, რუსთაველზე იყვნენ სულ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მოქალაქეები, რომლებიც უკრაინისა და ქვეყნის დასავლური კურსის მხარდასაჭერად გავიდნენ ქუჩაში, ვეჭვობ, რომ ისინი სხვა პოლიტიკურ მოწოდებებს გაჰყვნენ, თუმცა ვნახოთ.
- დასავლური ვექტორის გაძლიერება ახსენეთ და, ბევრის აზრით, ხელისუფლების ზოგიერთი წევრის რიტორიკა უფრო ამის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლების ზოგიერთი განცხადება თუ მოქმედება დასავლეთთან ურთიერთობისას არ არის კარგად გათვლილი და მოქნილი. ამაში, ჩემი აზრით, ცუდი როლი ითამაშა ჩვენსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის დაძაბულობამ. სამწუხაროდ, არც ერთ და არც მეორე მხარეს არაფერი გაუკეთებია ამის განსამუხტად და ნორმალური ურთიერთობის დასამყარებლად. აღარ დავიწყებ ამის მიზეზებზე ლაპარაკს, არაერთხელ გვისაუბრია. სამწუხაროდ, ზოგჯერ იყო ჩვენი ხელისუფლების პროვოცირების ცდაც, რასაც ძალიან ცუდად წამოეგნენ. თუნდაც საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის ბოლო განცხადებები გაიხსენეთ - დიპლომატები, როგორც წესი, თავს ამდენის უფლებას არ აძლევენ. ვგულისხმობ მის განცხადებას, "ქართული ოცნების" ცალკეული დეპუტატები აგრძელებენ რუსი სამხედრო დამნაშავე შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზეო. ჩემი აზრით, რაც არ უნდა ეთქვათ "ქართული ოცნების" დეპუტატებს, კასიანოვს ამგვარად ლაპარაკის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ, ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება თანამიმდევრობა უკრაინასთან დამოკიდებულებაში. არ შეიძლება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე ლაპარაკობდე, საერთაშორისო ასპარეზზე ყველგან მართლაც მხარს უჭერდე და პარალელურად ისეთ განცხადებებს აკეთებდე, რომლებიც მხოლოდ კრემლში ესიამოვნებათ. ეს იწვევს ჩვენი დასავლელი პარტნიორების დაეჭვებასაც. ეს რიტორიკა შეიძლება ხშირ შემთხვევაში შეფასდეს როგორც დაუფიქრებელი და საქმისთვის დამაზიანებელი.
- რას ემსახურება ეს? ამის პასუხად ოპოზიცია ამბობს, ხელისუფლება პირდაპირ კრემლის რიტორიკას იმეორებს და ყველაფერს აკეთებს, რომ თვითონ დასავლეთს ათქმევინოს საქართველოზე უარიო.
- პირდაპირ გეტყვით, დასავლეთი საქართველოზე უარს არ და ვერ იტყვის, რადგან დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის საქართველოს, შავი ზღვის პოლიტიკასა და საზოგადოდ, რეგიონს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მიუხედავად დღეს არსებული ერთგვარი კრიტიკული დამოკიდებულებისა, ამ რეგიონთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და გეგმებს. როცა მეკითხებით, საქართველოს ხელისუფლების წევრთა რიგი განცხადებები რას ემსახურებაო, პასუხი არა მაქვს, რადგან არ ვიცი. ჩემი აზრით, მთავრობის მოქმედება არ არის პრორუსული, რეალურად რაიმე ტიპის ნაბიჯები კრემლის მიმართულებით არ იდგმება. ოპონენტები ადანაშაულებენ ჩვენს ხელისუფლებას, თითქოს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ამდენი ხანია გვესმის ეს ლაპარაკი, რეალური ფაქტები კი არ ჩანს. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ამბობენ, რომ მათ არა აქვთ ფაქტები, რომლებითაც ამ ბრალდებას დაასაბუთებდნენ.
- თუმცა ჩვენ რუსეთიდან გვესმის, რომ მადლობას უხდიან საქართველოს ხელისუფლებას და ლამის მის ჯილდოდ განიხილავენ პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენას...
- ყოველივე ეს მხოლოდ ლაპარაკია, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ვერაფრით ვერ ჩაითვლება რუსეთის მხარდასაჭერად. ჩემი ხედვით, ჩვენი ხელისუფლების ქმედებებსა და რიტორიკას შორის დიდი განსხვავებაა, მაშ, რა საჭიროა ხშირ შემთხვევაში ასეთი დაუფიქრებელი და დამაზიანებელი ლაპარაკი? ეს რას გვაძლევს იმის გარდა, რომ შეიძლება მოსკოვში ვიღაცის წისქვილზე ასხამს წყალს და აღიზიანებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც და ქართველი საზოგადოების ნაწილსაც.
- ბრძანეთ, დასავლეთი არ და ვერ იტყვის საქართველოზე უარსო, აქედან გამომდინარე, ის ვერსია, რომ ეს იციან ხელისუფლებაშიც და დასავლეთთან ვაჭრობენ ზოგიერთი საკითხით, შეიძლება რელევანტური იყოს?
- მე კითხვას არც დავსვამდი ამაზე - დიახ, ვაჭრობენ. მე არ ვიცი, კონკრეტულად რა საკითხებია კულუარული მოლაპარაკებების თემა, მაგრამ ამგვარი ვაჭრობა ახასიათებს პოლიტიკას. ჩნდება კითხვა, რომ ამ დიდი გეოპოლიტიკური ჯახის დროს რა დროს ვაჭრობა და საქმეების გარჩევაა, მაგრამ გამიჭირდება თქმა, რომ ამის დრო არ არის. საქართველო არ არის ისეთი მოთამაშე, რომ დიდ გეოპოლიტიკურ ველზე კლიმატი შეცვალოს. საქართველოს მხოლოდ ის შეუძლია, ხელი შეუწყოს დასავლეთს რუსეთთან სამოქმედო პროცესში.
- შეიძლება ვაჭრობის თემა იყოს ე.წ. "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტი "უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ", რასაც ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ქვეყანაშიც და მის გარეთაც?
- ამ კითხვაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თვითონ კანონპროექტის თაობაზე შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარი კანონი შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს, მაგრამ არა ამგვარი ფორმულირებებით. არ შეიძლება გავლენის აგენტებზე ლაპარაკი, თუმცა დაფინანსების გამჭვირვალობა ნამდვილად აუცილებელია. თვითონ ამ კანონის ინიციატორებიც აყენებენ საკითხს ძალიან გაუგებრად, თითქოს მხოლოდ დასავლური დაფინანსების გამჭვირვალობაა საინტერესო. არა, ბატონებო, უმნიშვნელოვანესი რუსეთიდან და სხვა, არადასავლური ქვეყნებიდანაც შემოსული თანხების გაკონტროლებაა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი სხვა წყაროც არსებობს, საიდანაც შემოსული თანხების დანიშნულება კითხვებს ბადებს.
- ახლა, როდესაც ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატობის საკითხი წყდება, შესასრულებელი გვაქვს ნაკისრი ვალდებულებები, რა საჭირო იყო ამგვარი კანონპროექტის მომზადება, რომელიც, როგორც ამბობენ, რუსული ვერსიის გაგრძელებაა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამდენ კითხვას უჩენს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ ფიქრობთ, რომ ამის ინიცირება არასწორ დროს მოხდა?
- არა, დრო შეიძლება სწორადაც იყოს შერჩეული, მაგრამ მისი ფორმაა არასწორი. ამგვარი კანონი ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ მას სხვა სახელი ჰქვია და დაფინანსების გამო ადამიანებს აგენტად დარეგისტრირებას არ სთხოვენ.
- 24 თებერვალს ერთი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ჩავიდა უკრაინაში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე ვიხილეთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლა...
- პუტინს, ფაქტობრივად, ახალი არაფერი უთქვამს, თუ არ ჩავთვლით 2023 წლის 21 თებერვლის მიმართვაში გახმაურებულ ინიციატივას, შეაჩეროს რუსეთის მონაწილეობა 2010 წელს რუსეთისა და შეერთებული შტატების მიერ ხელმოწერილი სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულებაში, რაც მოსალოდნელი იყო. ეს ხელშეკრულება გულისხმობს ურთიერთკონტროლს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში რა კონტროლზე შეიძლება ლაპარაკი. ეს იყო ერთგვარი უსუსური გაგრძელება ბირთვული იარაღით შანტაჟისა, რაზეც, ჩემი აზრით, ბოლო ხანს პუტინს ხელი ჰქონდა აღებული.
კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას - ჩემი აზრით, ამ გამოსვლისას გამოჩნდა ის განხეთქილება, რომელიც არსებობს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. თუ მიაქციეთ ყურადღება, პუტინმა დიდხანს ილაპარაკა ეკონომიკაზე და ბევრად ნაკლები სამხედრო თემაზე. საერთოდ არ უხსენებია ე.წ. კერძო არმიები, მეტიც, ამ ღონისძიებაზე არც კადიროვი და არც პრიგოჟინი არ დაუპატიჟებიათ.
ამ გამოსვლამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აპირებდა განცხადების გაკეთებას. ერთი ვერსიით, ის თითქოს ამ რეგიონების ანექსიას გამოაცხადებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემის წამოჭრას მართლაც გეგმავდნენ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ გაკვრით ითქვა, უნდა გავაძლიეროთ რუსეთის საზღვრების გასწვრივ ჩვენი კავშირებიო.
რაც შეეხება ომს, საკმაოდ რთული ვითარებაა. მოლაპარაკების დრო ჯერ არ დამდგარა, ომის აქტიური ფაზა, ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.
მეტად საინტერესო სურათი ყალიბდება - ბოლო კვლევების თანახმად, მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც დისტანცირებულია ამ ომისგან, მას შიდაევროპულ გარჩევად მიიჩნევს. იმავდროულად, მნიშვნელოვნად არის დაცემული რუსეთის იმიჯი. სამხრეთ ამერიკის თუ აზიის ქვეყნებში, მაგალითად, ინდოეთში, ჩინეთში თუ თურქეთში რუსეთს ზესახელმწიფოდ აღარ მიიჩნევენ... ევროკავშირი და შტატები აღიქმებიან გაცილებით დიდ მოთამაშეებად. ეს არის ის დიდი გარდატეხა, რაც ამ ომმა მოიტანა.
უკვე ყველა ხვდება, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. კრემლმა შეიძლება რაღაც პარიტეტს მიაღწიოს, ეს არის მაქსიმუმი, რაც ამ ვითარებიდან შეიძლება რუსეთმა მიიღოს.
რაც არ უნდა ილაპარაკოს პუტინმა იმ ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერებაზე, აშკარაა, რომ მან ამ ეტაპზე ამოწურა ბირთვული იარაღით შანტაჟის რესურსი. ის დღეს არის კლასიკური მაგალითი მარკესის გმირისა ნაწარმოებიდან "პატრიარქის შემოდგომა". პუტინი ჩაკეტილია ძალიან ვიწრო სამყაროში. მას არა აქვს ისეთი გაქანება, როგორიც სხვა კლასიკურ დიქტატორებს ჰქონდათ, ვთქვათ, სტალინს. პუტინი გახლავთ საშუალო ინტელექტის ადამიანი, რომელსაც ასაკთან ერთად ძალიან გაუმძაფრდა შიშები და ახლა ფიქრობს, როგორ გადაირჩინოს თავი. მას ურთიერთობა აქვს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ადამიანებთან, რომლებიც მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც მას ესიამოვნება.
რაც შეეხება ბაიდენის უკრაინაში ჩასვლას, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, განსაკუთრებით პიარის თვალსაზრისით - ომის წლისთავზე მისი ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო უკრაინისკენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად და რუსეთისთვისაც იმის საჩვენებლად, რომ დასავლეთი და მისი ფლაგმანი შტატები ამ ქვეყნის გვერდით დგანან კვლავაც. მნიშვნელობა არ ჰქონდა შინაარსს, იმას, თუ რას იტყოდა ბაიდენი უკრაინაში თუ პოლონეთში, მნიშვნელოვანი იყო თვითონ ფაქტი, ერთგვარი დემარში.
როგორც ვიცით ოფიციალური წყაროებიდან, რუსეთი იყო ინფორმირებული ამ ვიზიტის შესახებ. თუ დააკვირდით, არც იმ დღეს, არც მომდევნო დღეს სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე არ ყოფილა, რაც აჩვენებს, რომ არსებობს კულუარული ურთიერთობა, რაც აუცილებელიც არის.