გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება

გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება

მე, საერთოდ, მეგონა, რომ გაისუსებოდნენ. აი, დაახლოებით ასე - „გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას თავს იწონებს ბეჰემოთი“, თუმცა სულ სხვაგვარად გამოვიდა - „ტყემ მოისხა პერაშკი, აგერ ჩაქუჩიც გალობს“. და ამის შემდეგ რაღა დამრჩენია? ვგონებ, ეს - „უსიგარეტოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“.

ბუჩქის ძირას გასუსული ბეჰემოთი და პირში მალბოროგარჭობილი მზე ვის გაუგია, და არც ჩაქუჩის გალობა სმენია ვინმეს, მაგრამ იქ, სადაც ცულები დაცუნცულობენ, შანტაჟის იარაღად კი ხელეჩოს და წალდუნას იყენებენ, ალბათ, არაფერია გამორიცხული. იქ ყველაფერი მახარებს, იქ გავშლი ფრთებს და გავიხსენებ მას, ლოყებღაჟღაჟას, ერთხელ შეშინებული თაგვის ფერი რომ ედო და დანა-ჩანგლით იომეთო, რომ მოგვიწოდებდა.

მას შემდეგ, როგორც კი ტრასაზე დანაჩანგლიან საგზაო ნიშან მოვკრავ თვალს, მაშინვე დავით ბაქრაძე მახსენდება, დავით ბაქრაძეზე კი მახსენდება ქლიბი.

მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს ქლიბი იყრის, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყრის ქლიბს. არადა, ქლიბი ხახუნის ძალის სიმბოლოა, მაგრამ სადაც ტყე პერაშკებს ისხამს და მზე სიგარეტს ეწევა, ნუ გაგვიკვირდება, თუ რომელიმე უსაქმური მახათს ქლიბით ჩაანაცვლებს, როგორც იქ... რა ქვია იმას? პრაიმერიზი? ჰო - პრაიმერიზი.

დიდად დაძაბული პროცესი იყო, დიდად!!! საორგანიზაციო კომიტეტმა ტიტანური შრომა გაწია და სააკაშვილის წვრილ-წვრილ ნარჩენებს საშუალება მისცა მსხვილი ნარჩენებიდან ყველაზე მსხვილი აერჩიათ. პროცესი იყო დაძაბული, დელეგატები - მომზადებულნი, დილემა - სერიოზული, არჩევანი - ცულს, ხელეჩოს, წალდსა და ქლიბს შორის.

ლექსში ცული ცუნცულაა, წალდი - წალდუნა, ხოლო ქლიბი საერთოდ არ ჩანს, თუმცა პოლიტიკას პოეზია არ უყვარს, თუ, რა თქმა უნდა, სააკაშვილი ტრიბუნაზე არ დგას და კაკალაშვილის ლექსებს არ კითხულობს.

ყველამ იცოდა, რომ საკანდიდატო რბოლას ბაქრაძე მოიგებდა. უნდა მოეგო - ისედაც მოძალადეებს ცული, წალდი და ხელეჩო სიმბოლოდ ვერ გამოადგებოდათ. ქლიბი იყო საჭირო - სამკუთხედი, ოთხკუთხედი, მრგვალი... ფორმა არ არის მთავარი, მთავარი შინაარსია. ქლიბი ხახუნის ძალასთან არის ასოცირებული და ხახუნის ძალა რომ არა, რომელი ჩვენთაგანი ივლიდა ამ ცოდვილ დედამიწაზე? ქლიბი სიყვარულია, სისუფთავე, მორგება ანუ დიპლომატია, დიპლომატია ანუ მოლაპარაკება, მოლაპარაკება ანუ შეთანხმება, თანაარსებობა, კოაბიტაცია. ქლიბი მშვიდობაა. მშვიდობა რომ არა, აქ არ ვიქნებოდით.

ბაქრაძე ქლიბია. რომ არა ბაქრაძე, იქნებოდა სიბნელე და უკუნი, ვერ ამოვიდოდა მზე და ვერ ამოანათებდა, ვერ გაიხარებდა მუშა, წამებული!

„ძალა ერთობაშია“ - ეს დევიზი ამ შვენებს საქართველოს ღერბს და ძალა მართლაც ერთობაშია. ის კი არა და, მადაც ერთობაშია - მარტო კაცი ჭამაშიდაც ბრალიაო. რა და როგორ ჭამეს ერთად და როგორ მოუვიდათ მადა ამ ჭამაში, ამის შესახებ ბევრი რამ ვიცოდით და ბევრს კიდევ შევიტყობთ - ამისათვის არსებობს დაზარალებულთა მრავალათასიანი არმია, მრავალგამომძიებლიანი პროკურატურა და მრავალჟურნალისტიანი მედია, და სწორედ ამ უკანასკნელს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ნარჩენთა არჩევანი იყო გამჭვირვალე და ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა პროცესი, რომელზეც უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ „ძალა ერთობაშია“, თუმცა მთლად ეგრე არ გამოვიდა. გამოვიდა „ქლიბი ერთობაშია“ ან „ერთობა ქლიბშია“.

აი, სწორედ ეს იყო მთავარი. ბაქრაძეს უნდა მოეგო, მაგრამ უნდა ეჩვენებინათ, რომ „ამოსარჩევი კიდევ ბევრია“.

როგორც ვხვდები, „კონკურენტები“ შესაბამისად შეურჩიეს. ჯაფარიძე განასახიერებდა ეკონომიკურ აღმავლობას და ახალ სამუშაო ადგილებს, ბარამიძე - უსაფრთხოებას და ევროინტეგრაციას, ხოლო მალაშხია - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ლტოლვილთა დაბრუნებას.

ბაქრაძის შესახებ უკვე მოგახსენეთ - ეროვნული თანხმობა და საყოველთაო სიყვარული.

ეს ყველაფერი კარგი იქნებოდა, საუბარი ადამიანებს რომ ეხებოდეს, აქ კი - ცულს მოვიტან ცუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასა. პლუს - ქლიბი.

იქ, სადაც არიან ადამიანები, არის ღირსებაც. ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, გორში, თელავში და თბილისში ჩატარებულ, არცთუ მხიარულად დარჩენილ კრებებში კი ღირსების ნატამალიც არ იყო. საჰარაში თოვლი არ მოდის, ანტარქტიდაში პალმა არ ხარობს.

გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება!!!

ტრასაზე, დანა-ჩანგლიანი საგზაო ნიშნის დანახვაზე ყოველთვის ბაქრაძე მახსენდება. ისეთი საგზაო ნიშანიც არსებობს, რომელიც გზის კონკრეტულ მონაკვეთზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის შესახებ გვაფრთხილებს. ახლა სწორედ ამ მონაკვეთზე ვიმყოფებით - ისე უნდა გავიაროთ, რომ სატრანსპორტო საშუალება არ დაზიანდეს, რომელიც მხოლოდ ერთი გვაქვს და ისიც - სერიოზულად დაკაწრული, ხელოსანი ბევრია, მაგრამ პროფესიონალიზმის გარდა გვარიშვილობასაც ხომ აქვს მნიშვნელობა? რა იცი, რა ხდება!

იქ კი, რა ხდებოდა, პრაიმერიზად წოდებულ უნიჭო სპექტაკლზე? გამოდიოდა ერთი და აქებდა სამს, მხოლოდ იმ სამს, მაგრამ არც ერთხელ არ გახსენებიათ ის ერთი, რომლის ხელშიც იქცნენ წალდებად, ცულებად და ქლიბებად. იქნებ, ნანობენ კიდეც, მაგრამ რაღაც არ ეტყობათ. რა არის სინანული აღიარების გარეშე? ერთადერთი, რაც აღიარეს, იყო უყურადღებობა - რაღაც გამორჩათ, რაღაც გამოეპარათ, რაღაც ვერ გაითვალისწინეს, მაგრამ სამაგიეროდ... „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“, „მეტი სარგებელი ხალხს“, „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“.

ისე, მაინც როგორ წამოცდებათ ხოლმე. ამას წინათ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ზურაბ ჯაფარიძემ (ხელეჩომ) აღნიშნა, მეც და ჩემს გარშემო ყველამ, მშვენივრად ვიცოდით, ციხეებში რაც ხდებოდაო. დიახთ, სწორედ ეს იყო „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ და „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“. მათ ენაზე ცოცხს სარგებელი ქვია.

არა, მაინც როგორ წამოცდა და როგორ მოხდა, რომ არავინ კითხა, დანაშაულს რატომ მალავდიო. რომც ეკითხათ, ჯაფარიძე უპასუხებდა, სამაგიეროდ, კონიაკი გვაქვს კარგიო.

არც ბარამიძეს ეკითხება ვინმე, რა მოხდა სვანეთში და როგორ გონია, შეერგება თუ არა კუბდარი.

არც მალაშხიას ეკითხებიან, როგორ მოხვდა პოლიტიკაში.

არც ბაქრაძე გვეუბნება, როგორ უნდა ებრძოლა დანა-ჩანგლითა და კოვზით იმ ხალხს, ვისთვისაც ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ ცოცხი ემეტებოდა.

ჰოდა, ახლა, ქლიბი ემეტებათ.

ნამდვილად არ შეფერის ჩვენს ეპოქას ქლიბი. არც ცული, ხელეჩო და წალდუნა. არც წინა ეპოქას შეფეროდა, მაგრამ რაც იყო - იყო, რაც არ უნდა იყოს, აღარ უნდა იყოს და რომ აღარ იყოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც უკვე იყო.

ძველი ამბავია, აღარ ღირს მაგის გახსენება, წინ უნდა ვიყუროთ - როგორც კი კუთხეში მიიმწყვდევ, ამ დაზეპირებულ სიტყვებს იმეორებენ.

ისე, სადღაც, ეგეც უნდა გავითვალისწინოთ და ამიტომაც, გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება.

თან, ჩვენ ხომ არ გაგვიყიდია, თვითონ გაიყიდნენ.