გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული ელგუჯა შ. ნარკოდანაშაულის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დარგული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“-ს შემცველი 17 ძირი კანაფი. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 2 კილო და 700 გრამი ნედლი „მარიხუანა“.
სამართალდამცველებმა ელგუჯა შ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „გეკო“-ს ტიპის მცირეკალიბრიანი შაშხანა 19 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).