მეოცე საუკუნის მუსიკა რომ ინგლისურენოვანია, ალბათ ისედაც ცნობილია, მაგრამ ეს რომ შემთხვევით არ მომხდარა და იქამდე სავალი გრძელი და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა Long And Winding Road–ისა არ იყოს, ახალი მუსიკალური იდეებისა და მომავალში უკვე საათივით აწყობილი შოუ–ბიზნესის შედეგია, ესეც დასაჯერებელია.
მაგრამ ზემოთქმულს თავისი შემოქმედნი ჰყავდა, ვინც განსაკუთრებით ინგლისური ხელწერა მიანიჭა ახლადდამკვიდრებულ მოდას და ბუმერანგივით დაუბრუნა ამერიკელ საზოგადოებას მისივე შექმნილი ხელოვნება, დაჩრდილა რა იქაურ როკ’ნ’როლ ვარსკვლავთა ვინილის დისკები პირველივე ნამუშევრებით.
მოგვიანებით ამ მოვლენას „ბრიტანული შეჭრა“ დაერქვა, 1967 წლისთვის კი, როდესაც ჩვენს მიერ დღეს განხილული ნაწარმოები მოევლინა სამყაროს, Please Please Me, Rubber Soul თუ Revolver უკვე ლამის ლეგენდარულის სტატუსით სარგებლობდნენ და მათ წინაშე ქედს გამოჩენილი ჯაზმენებიც კი იხრიდნენ, ვისი დაკვრის ოსტატობა და იმპროვიზაციული თვალსაწიერი, გაცილებით აღემატებოდა ლივერპულელი ბიჭებისას...
მუსიკალურ გურმანთ, კი ისღა დაგვრჩენია, რომ გავსინჯოთ ესა თუ ის ხილი, რომელსაც აკრძალულის სტატუსიც ჰქონდა მინიჭებული ერთხანს ჩვენში, მაგრამ იმდროინდელმა ვინილის ფირფიტებმა დღემდე მოაღწია, არაერთი ჩვენი მელომანი სათუთად ინახავს მათ კარადებში და მზადაა, რომ იგივე ალბომი კომპაქტ–დისკზე ან ინტერნეტში მოისმინოს, ოღონდაც არ გაცვდეს და ღმერთმა დაიფაროს რომელიმე ბილიკი არ დაუზიანდეს, თორემ თანამედროვე ტექნოლოგიით გამოშვებული ვინილის დისკები, თურმე ძველებური ჟღერადობით ვერ დაიკვეხნიან და მათ შეძენას ისევ კომპაქტ–დისკი სჯობს...
ასეთი მოსაფრთხილებელი Beatles–ის Sargent Pepper’s Lonely Hearts Club Band გახლავთ, რომელიც როკ მუსიკის ისტორიაში შევიდა, როგორც მარადიული ღირებულებების მქონე ალბომი განუმეორებელი რეპერტუარით, გარეკანის გაფორმებით, ჩაწერის ტექნოლოგიითა და კიდევ მრავალი სიახლით აღსავსე, რადგან მისი გავლენის გარეშე არ დარჩენილა უახლოეს მომავალში განვითარებული არცერთი მუსიკალური მიმდინარეობა.
გაივლის წლები და პოლ მაკარტნი მაინც არ აღიარებს ამ ალბომის რომელიმე სიმღერაში მოყვანილი ორაზროვანი ტექსტის ნაკვალევზე ნარკოტიკებზე მინიშნებას. იტყვის, რომ ასეა Day Tripper–სა თუ Got To Get You into My Life–ში, მაგრამ Sgt. Pepper’s – ის ნებისმიერ ტექსტს ისეთი სიფრთხილით მოეკიდება პრესის მხრიდან დასაცავად, როგორც ეს თავის დროზე ჯონ ლენონმა გააკეთა Lucy in the Sky with Diamonds–თან მიმართებაში.
უცნაური შეგრძნებაა, როდესაც ამ დისკს საკუთარი ხელით დადებ ფირსაკრავზე და ვინილის ოდნავი ტკრციალის ფონზე შენს გონებაში აღწევენ Sargent Pepper’s Lonely Hearts Club Band –ის მარტოხელა პერსონაჟთა მრავალგზის მოსმენილი ხმები. მათ შესახებ ალბომის გარეკანი მიგვითითებს, რომელზეც აღბეჭდილნი არიან მარლენ დიტრიხი, ბობ დილანი, ელისტერ ქროული, ედგარ პო, კარლ მარქსი, ოსკარ უაილდი, ალბერტ აინშტაინი და სხვანი და სხვანი და რაც მთავარია Beatles –ის პირველი ბას–გიტარისტი – სტიუარტ სატკლიფი. ესეც სიმბოლურია, რადგან სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა პოლ მაკარტნის ავტოკატასტროფაში დაღუპვისა და ალბომ Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band–ში მისი ორეულის მონაწილეობის ვერსია...
აი ასე, ფიქრში განვლო პირველმა სიმღერამ, რომლის რეპრიზაც ჩვენ ალბომის მეორე ნაწილში დაგვხვდება... იქამდე კი ულამაზესი გადასვლაა With A Little Help From My Friend –ში, რომლის განუმეორებელი გადამღერება ჯო კოკერს ეკუთვნის ვუდსტოკის ფესტივალზე. ალბომი ეშხში შედის ჯონ ლენონის Lucy in the Sky with Diamonds–დან დაწყებული. მართალია ჯონი უარყოფდა სიმღერის სათაურის LSD–თან რაიმე კავშირს, ფაქტია, რომ Lucy in the Sky with Diamonds მსმენელზე ისედაც გამორჩეულად მოქმედებს და საბოლოოდ მისტერ კაიტისადმი მიძღვნილ მეჯლისზე, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, მას საზეიმოდ განაწყობს.
ამასობაში ალბომის პირველი გვერდიც დასრულდა და დისკის გადმობრუნების შემდეგ, უეცრად ჯორჯ ჰარისონის სამყაროში აღმოვჩნდით. ინდური კულტურით გატაცებულმა ჯორჯმა Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band–ში რომ თავი ეკზოტიკური Within You Without You–თი დაგვამახსოვრა, ახლა მშვენივრად ვიცით, მაგრამ თავდაპირველი მოსმენისას? მოდით ამ სიმღერის შემდეგ ცოტა ხნით გავაჩეროთ ნემსი და გადავავლოთ თვალი აქამდე მოსმენილთ. ანუ ჩამოთვლილს დავამატოთ Getting Better, Fixing In A hole, She’s Leaving Home და რა გამოვა? ალბათ სიმღერათა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სპექტრი, რაც კი ოდესმე გვსმენია ერთ ალბომში...
მერე კი უკვე ალბომის დასკვნითი ნაწილი იწყება, რომლის ჭეშმარიტი მშვენება დამაბოლოებელი A Day In A Life გახლავთ – ლენონ/მაკარტნის ტანდემის უკვდავი შედევრი საოცარი მისამღერით, გრანდიოზული ფინალითა და ულტრაბგერით დაჭერილი მცირეოდენი პაუზის (რომელზედაც გარკვეული ჯიშის ძაღლები წკმუტუნებენ ან ყეფენ) შემდეგ, აბსტრაქტულ-გაურკვეველ-პროგრესივ The End-ით...
იქამდე კი ცხოველთა და ფრინველთა ხმები, საყვარელი რიტა და ზემოთხსენებული რეპრიზა, რომლისკენაც ჯორჯ ჰარისონის ჰარდ როკულ–შეუპოვარი გიტარა მიგვაფრენს.
საბოლოოდ შთაბეჭდილებებით აღსავსენი ვინილის დისკს ვაბრუნებთ კოლოფში და კიდევ ერთხელ ვიაზრებთ, თუ რას ვისმენდით მთელი 37 წუთის განმავლობაში. შედარებისათვის კარადაში იმავე ეპოქის სხვა დისკებსაც ვათვალიერებთ და... ვხვდებით, რომ ესაა უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ნაწარმოები და აქედან იწყება ახალი ერა როგორც პროგრესივ–როკ ჟანრის დაარსების, ასევე ხმის ჩაწერის ტექნოლოგიის განვითარების თვალსაზრისით.
Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band–ში ხომ თუნდაც ფირის შენელება–აჩქარების ეპიზოდია აღსანიშნავი, რამაც ალბომის მონო და სტერეო ვერსიებს შორის განსხვავება განაპირობა.
ექსპერიმენტის წარმატებით განხორციელებაში, უდიდესი წვლილი მიუძღვის პროდიუსერ ჯორჯ მარტინს, რომელსაც თავის დროზე როდესაც ურჩიეს, სიმღერებს შორის პაუზებს ნუ მოსპობო, მან ასეთი პასუხი გასცა: „ალბომი ისეთი იქნება, რომ მსმენელი ერთი ამოსუნთქვით მოისმენს მთელ დისკს ნემსის გადასასვლელი საწყისი ბილიკიდან სულ ბოლომდე პაუზების არსებობა-არარსებობის მიუხედავად“.
ჩვენც ხომ ასე მოვიქეცით და ერთი წამითაც არ გვიფიქრია, რომ რომელიმე სიმღერა ამოგვეგდო ალბომიდან, რომელიც ჟურნალ Rolling Stone–ის გამოკითხვის მიხედვით, ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის პირველ ადგილზეა და ალბათ ძნელია იმის დაჯერება, რომ ოდესმე მას რომელიმე სხვა ალბომი ჩაანაცვლებს.
Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band-ის შექმნაში მთავარი როლი პოლ მაკარტნის მიუძღვის. მან გარდა იმისა, რომ ალბომის სიმღერების უმეტესი ნაწილი დაწერა, რომელთაგან When I’m Sixty Four ჯერ კიდევ The Beatles-მდე, 16 წლის ასაკში მამისადმი ჰქონდა საჩუქრად მიძღვნილი დაბადების დღეზე, ოთხეული ბოლომდე მაქსიმალურად შეინარჩუნა და Abbey Road-მდე მიიყვანა...