ადამიანის უფლებების გავრცელების საფრთხე

ადამიანის უფლებების გავრცელების საფრთხე

როდესაც თავისუფლებას იცავ, სჯობს ნაკლები დაიცვა და უკეთ

ადამიანის უფლებები რომ ვალუტა იყოს, მისი კურსი დღეს თავისუფალი ვარდნის რეჟიმში იქნებოდა, იმ მრავალრციხოვანი უფლებადაცვითი შეთანხმებებისა და არასავალდებულო საერთაშორისო ინსტრუმენტების ინფლაციის პირობებში, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მთელმა რიგმა ორგანიზაციებმა მიიღეს. დღეს ამ ვალუტით, როგორც ჩანს, მოქალაქეებისთვის დაცვაზე მეტად, დიქტატურებისთვის დაზღვევის ყიდვა უფრო შეიძლება. ადამიანის უფლებები, რომელიც ოდესღაც ადამიანთა თავისუფლებისა და ღირსების მთავარი პრინციპების კვარცხლბეკზე აიტანეს, დღეს შეიძლება ყველაფერს მოიცავდეს – საერთაშორისო სოლიდარობის უფლებიდან მშვიდობის უფლებამდე.

დაფიქრდით, რა კოლოსალური გახდა კანონთა კრებული ადამიანის უფლებებზე, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა. ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულმა კვლევითმა ჯგუფმა „თავისუფლებათა უფლებების პროექტმა“ (Freedom Rights Project) აღრიცხა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული 64 შეთანხმება, რომელიც მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ევროპის საბჭოს ეგიდით. ორივე ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველა ეს შეთანხმება რატიფიცირებული აქვს, ვალდებულია შეასრულოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული 1377 დებულება (თუმცა, ზოგიერთს უფრო ტექნიკური ხასიათი აქვს, ვიდრე შინაარსობრივი). ამას დაუმატეთ ასობით ინსტრუმენტი, რომელიც შეთანხმება არ არის, მაგალითად გაეროს გენერალური ასამბლეის და ადამიანის უფლებების საბჭოს (HRC) რეზოლუციები. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კანონების ერთობლიობა საგადასახადო კანონმდებლობაზე მეტად ხელმისაწვდომი და გასაგები არ არის.

ადამიანის უფლებების მხარდამჭერებს, ასეთი კანონშემოქმედებითი სიუხვე უნდა აშფოთებდეთ. თუკი ხალხი მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას, დასაწყისისთვის მათ ეს უფლებები უნდა ესმოდეთ – ეს კი ძალიან რთული ამოცანაა ადმინისტრაციული რეგულირების ბიუროკრატიული ხლართების გათვალისწინებით.

პრობლემას ართულებს ადამიანის კონკრეტულ უფლებებთან დაკავშირებული წინააღმდეგობრივი ნორმების მიღება. მაგალითად, 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია განსაკუთრებული განმარტებების გარეშე აცხადებს, რომ „თითოეულს აქვს აზრის თავისუფლების და გამოხატვის უფლება“. მაგრამ ცივი ომის ეპოქაში კომუნისტური სახელმწიფოების წაქეზების დროს ზოგიერთი შეთანხმება, მაგალითად საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, კრძალავდა „სიძულვილის ენის“ ზოგიერთ ფორმებს ისე, რომ არ განმარტავდა, როგორ უნდა გადაწყვეტილიყო გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობა, რომელიც გარდაუვლად წარმოიქმნებოდა. გაეროს ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მათ შორის ეგვიპტე და პაკისტანი, ამტკიცებენ, რომ რელიგიის შეურაცხმყოფელი განცხადებები რელიგიური შუღლის გაღვივებაა, რაც აკრძალულია საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.

რით შეიძლება აიხსნას ადამიანის უფლებების ასეთი გამალებული გავრცელება? ამგვარ პროცესს ნაწილობრივ ხელს უწყობენ განსაკუთრებული ინტერესჯგუფები, რომლებსაც დიდწილად ძალიან კეთილი განზრახვები აქვთ. მათ გარკვეული უპირატესობების მოპოვება სურთ, რათა მათი უფლებადაცვითი საქმიანობა აღიარებულ იქნას. ამ საქმეში თავის როლს თამაშობენ საერთაშორისო უფლებადამცველები, ზოგიერთი ნაციონალური მთავრობა და ტექნოკრატები, რომლებიც უფრო მეტი ბიუროკრატიული ბერკეტების მოპოვებისკენ მიისწრაფვიან.

მაგრამ უფლებების დამცველი კანონების კრებულის გაფართოვების უკან, საკმაოდ ცუდი ჩანაფიქრია. მარტივად რომ ვთქვათ, შეუწყნარებელი და შეზღუდული სახელმწიფოები ცდილობენ ამ კანონთა ერთობლიობის იმგვარად შემოტრიალებას, რომ მათზე ამოფარება იოლი იყოს. ისინი მას თავისუფალ და ლიბერალურ სახელმწიფოებზე თავდასხმისთვისაც კი იყნებენ. ამ მხრივ, ძალიან ყურადსაღებია კრიტიკული შეხედულება გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოზე, რომელიც ფაქტობრივად უფუნქციოა. ამ საბჭოს არ შეუძლია შეთანხმებების დამტკიცება და შესრულებისთვის სავალდებულო რეზოლუციების მიღება, თუმცა ის მნიშვნელოვანი ფორუმია ადამიანის უფლებების ახალი სტანდარტების შემუშავებისა და საერთაშორისო უფლებადაცვითი დისკურსის ჩამოყალიბებისთვის. მის წევრებს შორის იმ სახელმწიფოთა ძალიან ფართო წრეა, რომლებსაც აფასებენ იმით, თუ როგორ იცავენ ისინი ადამიანის უფლებებს – დაწყებული დემოკრატიიდან დამთავრებული ტირანიამდე.

სახელმწიფოები, რომლებსაც Freedom House თავის ინდექსში „თავისუფალთა“ კატეგორიაში აქცევს, ჩვეულებრივ ძალიან საქმიანად და აქტიურად უდგებიან ადამიანის უფლებებს, და კონცენტრირებას ახდენენ ეგრეთ წოდებულ პირველი თაობის უფლებებზე, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლება, წამებებისგან თავისუფლება. მართალია, არ არის აუცილებელი ეს ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ ეგრეთ წოდებულ მეორე თაობის უფლებებს, რომელთა შორისაა, ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებული უფლებები, მაგალითად საცხოვრებლის და ჯანმრთელობის უფლება, თუმცა ხშირად ძალიან სკეპტიკურად უყურებენ იმას, რასაც მესამე თაობის უფლებები ჰქვია. ბოლო კატეგორიას განეკუთვნება სუსტად განსაზღვრული უფლებები კოლექტიური და არა ინდივიდუალური ინტერესების დაცვის შესახებ, მათ შორისაა განვითარების უფლება, საერთაშორისო სოლიდარობისა და მშვიდობის უფლება.

და პირიქით, „ნახევრად თავისუფალი“ და „არათავისუფალი“ სახელმწიფოები არინ მესამე თაობის უფლებების მთავარი მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობისათვის ასეთი ვალდებულებები დიდს არაფერს ნიშნავს, რადგან ის ქვეყნები, რომლებიც არ იცავენ კანონის უზენაესობას საკუთარ ქვეყნებში, იშვიათად უდგებიან სერიოზულად საკუთარ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს. მაგრამ, წარმოაჩენენ რა საკუთარ თავს ადამიანის ასეთი ახალი უფლებების დამცველებად, ისინი ცდილობენ ლიბერალურ სახელმწიფოებზე ზნეობრივი უპირატესობის მომოვებას და საკუთარი პოლიტიკური ლეგიტიმურობის განმტკიცებას.

დაფიქრდით იმაზე, რაც ივნისში, ადამიანის უფლებების საბჭოს ბოლო სხდომაზე მოხდა, როდესაც კუბამ მესამე თაობის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ორი რეზოლუციის მიღებას მიაღწია. საუბარია, რეზოლუციაზე ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სოლიდარობის შესახებ და რეზოლუციაზე მშვიდობის უფლების შესახებ. პირველი მათგანი, რომელიც ნაწილობრივ მიმართულია იმისკენ, რომ განვითარებისკენ მიმართული დახმარება „ადამიანის უფლებად“ იქცეს სახელმწიფოებისთვის, მიღებულ იქნა უმრავლესობით, 32 ხმით „მომხრე“ და 15 „წინააღმდეგი“. 32 ქვეყნიდან, რომელმაც ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, მხოლოდ ათი ქვეყანაა „თავისუფალი“ (მათ შორის არცერთი დასავლური სახელმწიფო არ არის), 15 – „ნაწილობრივ თავისუფალი“, ხოლო შვიდი, მათ შორის ეთიოპია და მავრიტანია, „არათავისუფალი“. იმ 15 ქვეყნიდან, რომელმაც დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, ყველა, „ნაწილობრივ თავისუფალი“ მოლდავეთის გამოკლებით, „თავისუფალი“ სახელმწიფოებია (ესენია ევროპული ქვეყნები, აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა).

ანალოგიური რამ ხდება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესში. ეს უფლებადაცვითი გამოცდაა, რომელსაც გაეროს ყველა წევრი ქვეყანა ოთხნახევარ წელიწადში ერთხელ გადის. 2009 წელს, ადამიანის უფლებების დამრღვევმა ისეთმა ქვეყანამ, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა კუბის, ირანის, რუსეთის და სირიისგან შექება დაიმსახურა მისი საქმიანობის გამო „სოციალისტური და სამართლიანი საზოგადოების კონსოლიდაციის მიმართულებით, რაც თანასწორობის და სოციალური სამართლიანობის გარანტიებს ქმნის“. 2013 წლის მაისში, ჩრდილოეთ კორეამ და სუდანმა, თავის მხრივ, კუბა წაახალისეს ემუშავა „პროგრესულ განვითარებაზე გაეროს მესამე თაობის ადამიანის უფლებების მექანიზმების საშუალებით, კერძოდ საერთაშორისო სოლიდარობის მიმართულებით“

ადამიანის უფლებების გაფართოებული და შერეული განმარტება, ნეოლიბერალურ ქვეყნებს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ მთავარი თავისუფლებებიდან ყურადღება გადაიტანონ ბუნდოვან და კონცეპტუალურად გაუგებარ უფლებებზე, რაც სახელმწიფოებს კონკრეტულ ვალდებულბებს არ აკისრებს. ასეთი რიტორიკის მხარდაჭერისას ადამიანის უფლებების დარღვევები თავისთავად არ განიხილება. ამის ნაცვლად, მსგავსი დარღვევები იძენს რელატივისტურ და ფარდობით ხასიათს, ინტელექტუალურად ნაწევრდება და ნაგავსაყრელზე იყრება, როდესაც ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ასეთ სამყაროში განვითარების დახმარების შემცირებას შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევა ეწოდოს – როგორც წამებებს ჩრდილოეთ კორეაში. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი უპრინციპო პოლიტიკა ადამიანის უფლებების სფეროში ეხმარება ავტორიტარულ სახელმწიფოებს კრიტიკა აისხლიტონ. 2007 წელს კუბამ, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია კატასტროფულია, ადამიანის უფლებათა საბჭო დაარწმუნა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის საკუთარ მანდატზე უარი ათქმევინა. შესაბამისად, ქათინაურები, რომელსაც ავტორიტარული სახელმწიფოები არ იშურებენ ერთმანეთისთვის, თითქოსდა ახალი, გაურკვეველი და აბსტრაქტული უფლებების დაცვის გამო, ეს ცარიელი ლაპარაკი არ არის, არამედ რიტორიკა, რომელსაც რეალური პოლიტიკური სარგებელი მოაქვს.

სამწუხროდ, უფლებადამცველთა თანამეგობრობის მნიშვნელოვან ნაწილს, არამხოლოდ ერიდება საკუთარი ეჭვების და შიშების გამოთქმა ადამიანის უფლებების გავრცელებაზე, არამედ ლიდერია ამ პროცესში. მაგრამ ასეთი მიდგომა ხელს არ უწყობს იმ მთავარი თავისუფლებების დაცვას, რომელიც ლიბერალური და არალიბერალური სახელმწიფოების სხვაობის ნიშანია. როგორც Freedom House აღნიშნავს, ძირითადი სამოქალაქო და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია ზედიზედ მეშვიდე წელია უარესდება. ბუნებრივია, არათავისუფალი სახელმწიფოები ცდილობენ სწორედ ამ ძირითადი უფლებების წამოწევას წინა პლანზე. როდესაც, ადამიანის უფლებების კატეგორიაში ყველაფერი ექცევა, მათი დარღვევის გამო სასჯელი ყოველთვის მსუბუქი იქნება. ფსონების აწევის და ადამიანის უფლებების ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის, მისმა დამცველებმა უნდა აღიარონ, რომ ზოგჯერ სჯობს ნაკლები დაიცვა, და უკეთ.

როგორც ჩანს პატივისცემა ადამიანის უფლებების მიმართ მეტი იქნებოდა, რომ კანონები მის შესახებ უფრო ვიწროდ და უფრო მკაფიოდ განსაზღვრავდეს უფლებათა ჯგუფს. ადამიანის უფლებების დამცველთა და საერთაშორისო ინსტიტუტების ძალისხმევა და რესურსები შეიძლება უფრო მიზანმიმართული და კონკრეტული იყოს. კონკრეტიკა უზრუნველყოფდა ასევე კონტროლისა და უფლების გამოყენების გაძლიერებას. შეზღუდულ და შეუწყნარებელ სახელმწიფოებს ვერ ექნებოდათ ვერანაირი პრეტენზია ადამიანის უფლებებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ასეთი უფლებების გამოყენებაზე ლიბერალური ქვეყნებისთვის ლეგიტიმურობის ჩამორთმევის მიზნით. ლიბერალურ სახელმწიფოებს შეუძლიათ ასევე საკუთარი ძალისხმევის კონცენტრირება უფლებადაცვით ინსტიტუტებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების საბჭოსგან განსხვავებით, გვთავაზობენ გაუმჯობესების პერსპექტივებს რეფორმების განხორციელების გზით. მაგალითად, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ავტორიტეტს და ნდობას კარგავს ზოგიერთ მნიშვნელოვან წევრ ქვეყანაში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, რადგან ის ზედმეტად ფართოდ განმარტავს ცნებებს, ქმნის რა ახალ უფლებებს და აფართოებს უკვე არსებულ უფლებებს. ევროპელი ქვეყნები არასაკმარისად იღწვიან იმისთვის, რომ დაარეგულირონ კრიზისი ევროპის ამ უძველეს უფლებადამცველ ინსტიტუტში.

ადამიანის ახალმოდური უფლებების გამალებით დაცვას, იქნება ეს მოხუცების თუ გლეხების დაცვა, ლიბერალურმა დემოკრატიებმა იმ ინსტიტუტებს და შეთანხმებებს უნდა დაუჭირონ მხარი, რომლებიც სწორედ იმ იდეალების განსახირებაა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა უფლებადაცვით მოძრაობას.

foreignpress.ge