იურიდიული ცუგცვანგი გვიანი სააკაშვილის პერიოდში

იურიდიული ცუგცვანგი გვიანი სააკაშვილის პერიოდში

დღეს, 2013 წლის 1 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი დარახველიძემ ბაჩო ახალაიას და სხვა ბრალდებულების (მათ შორის გენერალ გიგი კალანდაძის) მიმართ სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ამას ნაციონალების და მათ მხარდამჭერთა რიგებში იმაზე მეტი ფურორი და აღტყინება მოჰყვა, ვიდრე ბანკომატებიდან წარმატებით გამოტანილი ბანკნოტების ხილვას! ზეიმობენ როლანდ ახალაია, ბოცო წიკლაური, აკო მინაშვილი, ირმა ნადირაშვილი… ფრთა შეისხა გენერალმა კალანდაძემ, რომელიც უკვე თეა წულუკიანის და ირაკლი ალასანიას მიმართ ცილისწამების გამო სარჩელის შეტანაზე ალაპარაკდა, და რომელიც სასწრაფოდ მიემთხვია პრეზიდენტის კალთას, ხოლო ამ უკანასკნელმა თენგიზ გუნავას საკვირველი „აღდგინება“ დღესვე ბოლომდე მიიყვანა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორადაც სწორედ დღეს აღადგინა!

აი, რას წერს ბაჩანა ახალაიას გულმხურვალე მხარდამჭერი, “თავისუფლების და დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი (Sic!) თეა თუთბერიძე – “სასამართლოს დღევანდელი გამარჯვება არამხოლოდ ბაჩო ახალიასი, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებაა. როგორც იქნა, სასამართლომ გაბედა მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა. მე ეს გამეხარდა დღეს ყველაზე მეტად, თორემ დარწმუნებული ვიყავი, რომ ბაჩო ახალაიას მიხეილ სააკაშვილი მაინც შეიწყალებდა, რადგან მან ყველაზე უკეთ იცის, ვინ არის ბაჩო ახალაია და რა უკეთებია”.

ნაცების კლანში ლამის ერთადერთი, ვინაც აღფრთოვანება არ გამოხატა და ფეისბუქში მხოლოდ ახალ ამბად გაიზიარა თავის კედელზე, უშიშროების საბჭოს მდივნის მოტივირებული თანამეცხედრე ქ-ნი თამარა ჩერგოლეიშვილი იყო! ამას მიზეზი აქვს – ნაციონალების გუნდიდან სწორედ მან „ჩაუშვა“ ყველაზე ადრე ბაჩო ახალაია, როცა ციხის კადრების გავრცელების შემდეგ მისი გადადგომა მოითხოვა და ძმები ახალაიების მანიაკობაზე ალაპარაკდა, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ თამარას დღევანდელ ინდიფერენტულ „სიდინჯეს“ სხვა მიზეზიც ჰქონდა… რაც არ უნდა კრიტიკულად ვიყო მის მიმართ განწყობილი, ისევ გავიმეორებ, რომ საკმაოდ ჭკვიანია…

შეიძლება გაოცდნენ როგორც ბაჩანა ახალაიას მომხრეები, ასევე მისი მოწინააღმდეგეებიც, ხოლო მავანნი იმაზეც აიმრიზონ, ნუ გაგვიწყალე გული მაგ შენი ჭადრაკითო, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ დღევანდელ შემთხვევა ცუგცვანგის საკმაოდ შთამბეჭდავი მაგალითია, როცა „გამარჯვებაც“ და „მარცხიც“ საკმაოდ პირობითი/დროებითი შეიძლება აღმოჩნდეს! და როცა, რაოდენ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ახალაიას მომხრეებს სწორედ გამამტყუნებელი დანაშაული უნდა გახარებოდათ, და არა – გამამართლებელი!

ამ ცუგცვანგის ამოხსნის გასაღები კი მიხეილ სააკაშვილის უფლებამოსილებებში და თენგიზ გუნავას აღდგინებაში ძევს. და იგი თეა თუთბერიძემაც ახსენა, თუმცა ლოგიკურ დასკვნამდე პროფესორი თუთბერიძე ვერ მივიდა…

საქმე იმაშია, რომ გუნავას შეწყალება და ბრალის გასუფთავება პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწორედ იმიტომ შეძლო, რომ გუნავას ბრალი დაუმტკიცდა და მას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება – 4 წლით პატიმრობა შეუფარდა!

ქართული იურიდიულ-პოლიტიკური სისტემის დღევანდელი ცუგცვანგური მდგომარეობის პარადოქსი სწორედ იმაშია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სწორედ მაშინ იღებს შეუზღუდავი, აბსოლუტური იუპიტერობის უფლებამოსილებებს, როგორც კი სასამართლო რომელიმე ნაცმოძს დამნაშავედ ცნობს! თავის დროზე სააკაშვილის მიერ ახალაიას, შაშკინის და ადეიშვილის დაბრუნებაზე დაპატიჟებას ხომ სწორედ ეს სარჩული ჰქონდა – დაბრუნდით, და ან კუბლაშვილის სასამართლო გაგამართლებთ, ან, თუ სასწაული მოხდა და გაგამტყუნეს, აგერ ვარ „ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელით, მოუღალავი მკლავითაო“! ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სააკაშვილის მიერ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების მიზეზი სწორედ ის იყო, რომ დარწმუნებული იყო პატიმრის შეწყალების განუზომელი უფლებებით აღჭურვილს თავისი მომხრეებისათვის და ხალხისათვის მოახერხებდა, დაემტკიცებინა – ახალი ხელისუფლება ვერცერთ ჩემიანს ვერ დაიჭერს (სასამართლოს ხომ მე ვაკონტროლებ!), და თუ მაინც დაიჭერს, მაშინვე გამოვუშვებო! ხოლო შემდეგ, ქართული ოცნების მიერ ქვეყანაში სამართლის აღუდგენლობით გულგატეხილობის ფონზე ისევ მოახერხებდა ნაცმოძრაობის ძველი დიდების მობრუნებას – საქართველოში ხომ დამარცხებულების მიმართ სიმპატია მომენტალურად იცვლება და სამართლის აღდგენის სფეროში მარცხი და ქუჩაში ლაღად მოსეირნე ახალაიების და ადეიშვილის ფენომენი „ქართული ოცნებისათვის“ მართლაც ძალიან სერიოზული სილა იქნებოდა!
მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილის ეს უფლებამოსილებები და იუპიტერის გრგვინვა ვერაფრით დაიწყება, სანამ სასამართლოს საბოლოო სიტყვა არ უთქვამს.

ასე რომ, ბაჩო ახალაიასთვის ნანატრი თავისუფლების მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა, რაოდენ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, სწორედ სასამართლოს მიერ მის დამნაშავედ ცნობაში და სააკაშვილის მიერ „გალაზარებულ“ აღდგენაში უნდა ყოფილიყო, და არა – თბილისის სასამართლოს მიერ გამართლებაში!

ახლა პროკურატურა ამ განჩინებას გააპროტესტებს სააპელაციო სასამართლოში… თუ დაახლოებით 1,5-3 თვის შემდეგ (თუ არ ვცდები, 1,5 თვე მინიმალური ვადაა, რაც აპელაციის დასჭირდება) სააპელაციო სასამართლოც გაამართლებს ბაჩო ახალაიას, სავარაუდოდ, პროკურატურა უზენაეს სასამართლოშიც შეიტანს სარჩელს… მანამდე კი მიხეილ სააკაშვილის იუპიტერობაც, ფაფუ და, დასრულდება!.. არ დაგვავიწყდეს, რომ კიდევ ორ საქმეზე (რეინჯერების წამების და ციხის ბუნტის საქმეებზე) სასამართლოს განაჩენი ჯერ გამოუტანია…

ასე რომ, თბილისის განვითარების ფონდის მაღალჩინოსნების სასამართლოს მსგავსად, როცა შუადღეზე ნაცები ზეიმობდნენ დარბაზიდან ბრალდებულების განთავისუფლების გამო, ხოლო საღამოს რამდენიმე საათით ზეიმი გამამტყუნებელი განაჩენის მოსმენისას მწარე იმედგაცრუებით შეეცვალათ, დღევანდელი დღის ემოციებიც შეიძლება სრულად ამოტრიალდეს…

ბაჩო ახალაიას საქმეში გაურკვეველი სიტუაციით ნაცმოძები ბევრს ვერაფერს მოიგებენ, თავიანთი გაპარტახებული იმიჯის გამო, ხოლო, თუ პროცესი მართლაც ძალიან გაჯანჯლდა, ამით მოგებული შეიძლება ნინო ბურჯანაძე გამოვიდეს!

ხოლო რამდენად „მოგებული“ იქნებიან ნაცმოძრაობის ლიდერები ნინო ბურჯანაძის შესაძლო გაპრეზიდენტებით, ამაზე სიტყვას ამჯერად არ დავხარჯავ…