დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის რეზოლუციას მიხელ სააკაშვილის შესახებ მმართველი გუნდისთვის ჩალის ფასი ექნება. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„რასაც თვალს ვადევნებთ ევროპარლამენტის სიბრტყეში, იმ მოცემულობაში, როდესაც, სამწუხაროდ კორუფციას აქვს საკმაოდ მაღალი თამასა, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია თუ რა დონეზე არიან კორუფციულ გარიგებებში ჩართულები ევროპარლამენტარები სხვადასხვა ქვეყნებთან, ცხადია, ამ ყველაფრის ფონზე რეზოლუცია, რომელშიც მეცენატი ივანიშვილი წარმოდგენილია ოლიგარქად და დამნაშავე სააკაშვილი დემოკრატიისთვის მებრძოლ შუქურად, ჩალის ფასის მატარებელია ჩვენთვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატმა ამ რეზოლუციასა და ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დავასთან კავშირზეც ისაუბრა.
„ერთი მხრივ, წარმოდგენილია გარკვეული გლობალური ძალა, რომელიც ყველაზე მდგრადი საბანკო სისტემით გამორჩეული ქვეყნის საბანკო სისტემას პირდაპირ ანგრევს და მეორე მხრივ, ევროპარლამენტი ცდილობს შეიტანოს ისეთი შინაარსის რეზოლუცია, რომელიც ტყუილია, არასწორ ინფორმაციას შეიცავს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და ერთადერთი, ვის ინტერესშიც ეს შედის, არის ის ერთი მუჭა რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოში ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს. ეს არის სიმართლე და ჩვენმა საზოგადოებამ ეს კარგად იცის“, - აღნიშნა მან.