რამდენად რეალურია რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენა და რა შედეგები ექნება ამას - ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ პერჩინსკი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში საქართველო რუსეთის პირდაპირი ფრენების განახლების საკითხს ეხება და ამბობს რომ საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს ევროკავშირის პოზიციებს და არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას ევროკავშირთან უფრო დააშორებს. პოლიტოლოგები გია აბაშიძე და კორნელი კაკაჩია პერჩინსკის განცხადებას ეხმიანებიან და რეზონანსთან ფრენების განახლების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობენ.
„რაც შეეხება პირდაპირი ფრენების განახლებას რუსეთის მიმართულებით და პირიქით - უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკიდურესად სასტიკი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ რუსეთში და რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვა ერთსულოვნად გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, არამედ ბევრი სხვა თანამოაზრე ქვეყნის მიერ. საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა, ჩვენი თვალთახედვით, საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს პოზიციასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მესმის ვითარების სენსიტიურობა, მაგრამ ველით, რომ საქართველო მიჰყვება ჩვენს პოზიციას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია",
„ქართველები რუსებს ძალიან კარგად იცნობენ. მე არ მჭირდება თქვენთვის იმის შეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არ ექვემდებარება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს, არ მჭირდება არც იმის შეხსენება, რომ რუსეთის ჯარი არის განთავსებული დედაქალაქიდან 40 კილომეტრში. შესაბამისად, ცხადია, რომ ეს არის საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ჩამოგდების კლასიკური გზა. ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მისწრაფებებისთვის ხელის შეშლის, გადადების ან კურსიდან გადახვევის. სულაც არ მიკვირს, რადგან ეს არის რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კლასიკური მაგალითი",- განაცხადაელჩმა.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია რეზონანსთან განმარტავს, რომ პირდაპირი რეისების აღდგენა რუსეთთან უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე დასავლეთთან მიმართებით, თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება გაუმჯობესდეს ტურიზმის სექტორი, მაგრამ რუსი მოქალაქეების მოზღვავებაც კი საფრთხის შემცველია საქართველოსთვის.
„პირველ რიგში დავიწყოთ უარყოფითიდან - ეს უფრო შეგნებულ პროვოკაციას ჰგავს რუსეთის მხრიდან, ვიდრე გააზრებულ პოლიტიკის ნათქვამს. ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთმა თვითონ დააწესა, ასე ვთქვათ, ემბარგო ფრენებთან დაკავშირებით და ეხლა როდესაც,რუსეთი არის იზოლირებული საერთაშორისო თანამეგობრობისგან, არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ, მან მოინდომა რომ რაღაცნაირად გააფუჭოს სფოილერი, სფოილერის როლი ითამაშოს საქართველოსა და დასავლეთს შორის.
„მიაღწიოს იმას, რომ გაუარესდეს, ისედაც კონფლიქტური ურთიერთობები, საქართველოს, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი" - ამბობს პოლიტოლოგი.
მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვევს საქართველოს ცივილური მსოფლიოსგან გამოყოფას და ურთიერთობების გაუარესებას
„რა თქმა უნდა, იმ ფონზე რომ მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოაქციოს და მისი იზოლაცია მოხდეს, ამ პერიოდში, ასე ვთქვათ, ასეთი სახის განცხადება, როდესაც ევროკავშირმა სანქციების მეათე ტალღა დაანანონსა, საქართველოდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა რა თქმა უნდა სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს და დიდი რისკია რომ გააუარესოს ჩვენი ურთიერთობა როგორც ევროკავშირთან, ასევე შეერთებულ შტატებთან" - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.
პოლიტოლოგმა „რეზონანსთან" აღნიშნა ის პლუსები, რაც შეიძლება საქართველომ მიიღოს მაგრამ ამასაც კი შეიძლება მოჰყვენს უარყოფითი შედეგი.
„რაც შეეხება პლუსებს, პლუსები შეიძლება ხელისუფლების მხრიდან უფრო იყოს, რომელიც არის უფრო მნიშვნელოვანი და უფრო მოკლევადიანი, ამან შეიძლება გაზარდოს ტურისტების რაოდენობა, ვთქვათ, პირდაპირ, მაგრამ ეს ასევე, ზრდის ამ ტურისტებთან შემოსვლის რისკებს.
„ჩვენ არ ვიცით მოვლენები როგორ განვითარდება უკრაინაში და თუ, ვთქვათ, რუსეთის ომი არ წავიდა და დიდხანს გაგრძელდა, არ არის გამორიცხული რომ საკუთარი მოქალაქეების მასობრივი მობილიზაცია გამოაცხადოს რუსეთმა. და ამ დროს კიდევ უფრო მოაწყდება კიდევ უფრო დიდი რაოდენობა საქართველოს, იმ ფონზე რაც ხდება რუსი მოქალაქეების მოზღვავებასთან დაკავშირებით, ასი ათასეულობით რუსი მოქალაქის მიღება უსაფრთხოების რისკებს უფრო ზრდის საქართველოსთან მიმართებაში, ვიდრე უფრო ბენეფიტებს იღებდეს ამით ჩვენი ქვეყანა.
„ბენეფიტებს ვიღებთ მოკლევადიანს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსთვის შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ დასავლეთთან ინტეგრაციული პროექტების ნაწილი და გავწევრიანდეთ, ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ცივილიზებულ მსოფლიოს" - აცხადებს პოლიტოლოგი.
პოლიტოლოგი გია აბაშიძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას ფლიდობად და თვალთმაქცობად აღიქვამს და რუსეთთან პირდაირი ფრენების რეისების აღდგენაში უარყოფითს ვერაფერს ხედავს.
„რუსეთთან ფრენები საქართველოს არ გააუქმებებია. გვახსოვს ჩვენ როდესაც ეს მოხდა, ეგრედ წოდებული გავრილოვის ღამის შემდეგ, ჩვენ დღემდე გვაქვს უვიზო მიმოსვლა, რუსეთის მოქალაქეებისთვის, განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებიდან.
„მაგრამ აქ არის მთავარი პრობლემა, პერჩინსკი იტყვის თუ ვინ იტყვის, აქ არის ორმაგი სტანდარტების უდიდესი და უმწვავესი პრობლემა, როდესაც ერთს ამბობენ მეორეს აკეთებენ.
„უკაცრავად, გადავხედოთ სტატისტიკას, ევროკავშირი როგორ ურთიერთობს სავაჭრო თვალსაზრისით რუსეთთან, უფრო მეტი შემოსავალი შეუვიდა რუსეთს, ვიდრე უკრაინაში აგრესიამდე. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ არ შეიძლება რომ იყო ფლიდი, არ შეიძლება რომ იყო თვალთმაქცი.
„შევხედოთ ახლა სხვა სტატისტიკას, რასაც ჰქვია ასე ვთქვათ, რუსეთის გავლენები მსოფლიო ასპარეზზე. ამიტომ ჩვენი გამუნათება არ შეიძლება. რაც შეეხება ავია გადაზიდვებს, ავიამიმოსვლას, რატომ არაფერს ეუბნებიან ისრაელს, ჩინეთს, თურქეთს, რომლებსაც დღემდე აქვთ ავიამიმოსვლა რუსეთთან, იმიტომ რომ საქართველო პატარა ქვეყანაა? და ასე ვთქვათ, გრანტებზე ვართ დამოკიდებული? აი ეს არის ფლიდობა, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. პერჩინსკი იმეორებს იმას რაც დაუწერეს ბრიუსელში, რაც არის ოფიციალური ხაზი, ეს ოფიციალური ხაზი კატეგორიულად მიუღებელია.
„რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაში არანაირი უარყოფითი მხარე არ იქნება, ლოგიკურად ჩავხედოთ სიტუაციას - რა ხდება ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, თვითმფრინავზე მეტი მგზავრი შემოდის ყოველდღიურად. ამაზე რატომღაც თვალს ხუჭავენ ეგრედ წოდებული დემოკრატიის დამცველები, რატომღაც თურმე ფრენები გახდა პრობლემა. ამ ფლიდობას ვერ მივიღებთ" - განაცხადა გია აბაშიძემ.