ლევან ხაბეიშვილს ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებზე 25 000-მდე კაცმა ხმა მისცა, თუმცა მის საპროტესტო აქციებზე უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი გამოდის. ამან კი პარტიაში არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა. მიუხედავად ამისა, ხაბეიშვილი ამბობს, რომ მოქმედება ჯერ ახლა დაიწყო, ბევრი რამ მენეჯმენტის თვალსაზრისით გასამართია და სულ მალე აქციების კულმინაცია დედაქალაქში იქნება.
ხაბეიშვილმა 11 თებერვალს აქცია შეკვეთილში გამართა. „ნაცმოძრაობამ“ დასავლეთ საქართველოში მხარდაჭერების მობილიზაციაც გამოაცხადა, თუმცა არც შეკვეთილში გამართული შეკრება აღმოჩნდა ხალხმრავალი, მას 500-მდე ადამიანი ესწრებოდა.
ენმ-ში დაპირისპირება მწვავდება
მოქმედი თავმჯდომარის გუნდისთვის პროტესტის ეს ფორმა მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან დახსნის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია, თუმცა პარტიის ყოფილი მენეჯმენტი ასე არ ფიქრობს. ნიკა მელიას გუნდს, რომელსაც არჩევნების შემდეგ პარტიულ გადაწყვეტილებებსა და გეგმებზე აზრს აღარ ეკითხებიან, მიაჩნია, რომ აქციებს რეალური შედეგი არ ექნება და უფრო აქტიური მობილიზებაა საჭირო. ყოფილი თავმჯდომარის ფლანგი ახლა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ლევან ხაბეიშვილისგან ელის.
რას ფიქრობს ყოფილი თავმჯდომარე და მისი ფლანგი, პარტიის ახალ ხელმძღვანელს არ აინტერესებს. ლევან ხაბეიშვილი უკვე რამდენიმე დღეა თავისი წინამორბედის მხარდამჭერების ბრალდებებს აღარ პასუხობს. მისი თანამოაზრეები კი დარწმუნებული არიან, რომ აქციებს შედეგიც ექნება და საბოლოოდ ფართომასშტაბიან სახესაც მიიღებს. ხაბეიშვილის გუნდი თანაპარტიელებს ურჩევს არჩევნების შედეგებს შეეგუონ.
რამდენად ერთიანია პროტესტი მაშინ, როდესაც საპროტესტო აქციები ყოფილი თავმჯდომარისა და მისი გუნდის გარეშე მიმდინარეობს? ნიკა მელიას თანამოაზრეთა ნაწილი ამბობს, რომ ახალი მენეჯმენტი გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად, მათთან შეუთანხმებლად იღებს და გეგმების შესახებ ინფორმაციას ბრიფინგებიდან იგებენ. ფაქტს უარყოფენ ლევან ხაბეიშვილის გუნდში.
ხელისუფლების პოზიცია ხაბეიშვილის აქციებზე
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისთვის არ არის საინტერესო, თუ რას გეგმავენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ენმ-ს აქციებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა მათ „კომიკური ორგანიზაცია“ უწოდა. ამის შესახებ პრემიერმა, ბაკურიანში განაცხადა, სადაც მან მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა.
„რადიკალური, ექსტრემისტული პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა. მათ აირჩიეს ახალი თავმჯდომარე. მათი ეს ყველა უსუსური მცდელობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ყოვლად გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა. ჩემთვის არ არის საინტერესო არც მათი აქციები, არც მათი უაზრო განცხადებები. ჩვენ უნდა ვაკეთოთ მხოლოდ ის საქმე, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება. ასე რომ, ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო, თუ რას გეგმავენ ისინი. ჩემთვის მთავარია ის, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ყველა საკითხი მოვაგვაროთ და კიდევ უფრო ძლიერი და მაგარი ქვეყანა გვქონდეს, ვიდრე არის დღეს“, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რატომ ვერ ახერხებს ხაბეიშვილი ხალხის ქუჩაში გამოყვანას
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილსა და მის მის მხარდამჭერებს ჰქონდათ ილუზია, რომ თითქოს ხალხი ქუჩაში ნიკა მელიას გამო არ გამოდიოდა. მისივე აზრით, თუკი ხალხს ქუჩაში გამოსვლის სურვილი არ აქვს, მას ვერავინ გამოიყვანს და ამაში დამნაშავე მელია კი არა, თავად „ნაციოანლური მოძრაობაა“.
„არ ვიცი ლევან ხაბეიშვილს მართლა სჯეროდა თუ არა, რომ ხალხის ქუჩაში გამოყვანას შეძლებდა, თუ უბრალოდ ეს წინასაარჩვენო პიარისთვის კარგად იყიდებოდა, მაგრამ ფაქტი ერთია - დღეს ხალხს ქუჩაში ეს პოლიტიკური სპექტრი ვერ გამოიყვანს. მითუმეტეს ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც სერიოზულად მისსავე პარტიაშიც არ აღიქვამენ.
„ხაბეიშვილს არჩევნებში 25 ათასმა კაცმა დაუჭირა მხარი, მაგრამ 5 ათასი კაციც კი არ აღმოჩნდა ამ მხარდამჭერებიდან მზად, რომ აქციაზე გასულიყვნენ. მისი აქციები 1000 კაცზე ზემოთ ვერ ადის. ამას კი ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში ხალხი „ნაციოანლურ მოძრაობაში“ საფრთხეს ხედავს და გვინდა თუ არა, ოპოზიციურ ამომრჩეველსაც კი მიხეილ სააკაშვილი არ უყვარს.
„უმეტესობა მათგანი ფიქრობს, რომ ის ციხეში ტყუილად არ ზის. მეორეც, ენმ ამ დაპირისპირების ფონზე სრულად გაშიშვლდა. ხალხმა გაიგო, რომ პრეზდენტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ არაფერი მოუპარია და გაჭირვებაში ცოხვრობს, ჯერ მარტო ლობისტურ კომპანიებს მილიონებს უხდის. მერე მის დედას მილიონობით ქონება აქვს და ა.შ. ხალხმა დაინახა, რომ სააკაშვილი ციხეშიც კი ვერ ძლებს. ადამიანი, რომელიც საქართველოს მთავარსარდალი იყო, ამბობს, რომ ჩემი გული უკრაინაში დამარხეთო. მისი არაადეკვატური განცხადებები ხალხში კიდევ უფრო გაღიზიანებას იწვევს.
„რაც შეეხებ ხაბეიშვილის პრობლემას, მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა ის პარტიის თავმჯდომარედ იმიტომ გახადეს, რომ პარტია თავად მათ სჭირდებათ. მათ უნდათ, რომ პოლიტიკაში შემოვიდნენ და ეს უკვე შეძლეს. ისინი სააკაშვილს არც არაფერს დაპირებიან. ამიტომ არჩევნების შემდეგ გაუჩინარდნენ. ხაბეიშვილს გამოიყენებენ იმისთვის, რომ 2024 წელს პარლამენტში შევიდნენ. თუნდაც ნიკა მელიას გუნდმა პარტია დატოვოს, 5%-იან ბარიერს დარჩენილებითაც გადალახავს. სააკაშვილის ბედი მისმა ოჯახმა უნდა ინაღვლოს. მისი დარდი აღარც პარტიას და აღარც ხალხს აღარ აქვს. უკვე გაჩნდა მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის, ლეგიტიმაციის პრობლემა“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
მერაბიშვილი-კეზერაშვილის მთავარი პრობლემა
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის აქციებზე ხალხის სიმცირეს სამი მთავარი მიზეზი აქვს. ანალიტიკოსის აზრით, ამის პირველი სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ რეალურად ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები გაყალბდა და ხაბეიშვილისთვის ამდენ ხალხს ხმა არ მიუცია. მეორე მიზეზი ისაა, რომ ხაბეიშვილს საკუთარ პარტიაშივე არ აქვს ავტორიტეტი. ხოლო მესამე მიზეზი მერაბიშვილის და კეზერაშვილის ამ პროცესისგან დისტანცირებაა, თავად ხაბეიშვილს კი მარტო რაც შეუძლია, უკვე გამოჩნდა.
„ფაქტია, რომ ლევან ხაბეიშვილს იმდენი მხარდამჭერებიც კი არ ჰყავს, რამდენმაც არჩევნებში დაუჭირა მხარი. დიდი ალბათობი ჩნდება ეჭვი, რომ არჩევნები გაყალბებულია. ან გარკვეული ფინანსების სანაცვლოდ არჩევნებში ხაბეიშვილის გაყვანა შეძლეს. ამის პარალელურად კი მისი პარტიაშიც არავის სჯერა და ის ავტორიტეტს არ წარმოადგენს. მას არ აქვს არანაირი გეგმა და შესაძლებლობა, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს.
„დღეს ქვეყანაში სრულიად სხვა რელობაა. ხალხი არ გაჰყვება ლიდერს, რომლიც ავტორიტეტი საკუთარ პარტიაშიც არაა. ის ახალგაზრდა არც პოლიტიკოსია და არც იმ ავტორიტეტის ადამიანი, რომელსაც ქართველი ხალხი გაჰყვება. მეორეც, „ნაციონალური მოძრაობის“ დაძახებულზე ხალხი უკვე წლებია არ გამოდის. სააკაშვილის არასწორმა მანევრმა მის ამომრჩეველშიც კი განხიბვლა მოახდინა. ქართველებს არ უყვართ მშიშარა, მოწუწუნე და მხდალი მთავარსარდალი. მითუმეტეს კაცის კაც ხაბეიშვილს არავინ არასად გაყვება. ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლება რაღაცეებს აკეთებს. უკრაინის ომის ფონზე საკამოდ სწორი პოლიტიკა აქვს. ამიტომ მოსახლეობა ფიქრობს, რომ თუ ამ ხელისუფლებას გაუშვებს, ოპოზიცია უკეთესს ვერც ვერაფერს სთავაზობს.
„კეზერაშვილსა და მერაბიშვილს პარტია სრულიად სხვა რაღაცისთვის სჭირდებათ. ხაბეიშვილი, როგორც დამჯერი ადამიანი, ამისთვის შეირჩა. თუმცა, თუკი პარტია დასუსტდა და დაშლის პირას იქნება, ეს რაში აწყობთ, ამას ვერ ვიგებ. თუმცა, ვფიქრობ, დილემის წინაშე არიან. ახლა ფიქრობენ როგორ შეძლონ, რომ პარტიის სხვა წევრები მათ მიერ მხარდაჭერილ თავმჯდომარეს დაემორჩილონ. მგონია რომ სიტუაცია მალე აფეთქდება და მერაბიშვილ-კეზერაშვილს პრობლემები პარტიაში კიდევ უფრო გაუმწვავდებათ. ამიტომ ახლა მათი პრობლემა სააკაშვილი კი არა, ამბოხებული „ნაციონალების“ დამორჩილება ან პარტიიდან გაყრაა“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.