„ჯერ-ჯერობით, თავისუფლად დადის და სიმყრალეს აფრქვევს. ან შსს-მ და გარემოს დაცვის სამინისტრომ შექმნან ერთობლივი კომისია, თუ არა და, ალტერნატიული კომისია უკვე შექმნილია და მისი უმოქმედობა მხოლოდ ერთი ადამიანის დამსახურებაა. ალალად ვიტყვი - ამ ადამიანს ძეგლი უნდა დავუდგათ ყველამ, განსაკუთრებით კი მათ, რომლებზე ნადირობის სეზონსაც უკვე დიდი ხნის წინ გახსნიდა ქართველი ხალხი, რომ არა ეს ადამიანი. „რომ არა პირველი ოქტომბერი... რომ არა პირველი ოქტომბერი... რომ არა პირველი ოქტომბერი“ - გაუთავებლად იმეორებს ვადაგასული. რომ არა ეს პირველი ოქტომბერი, ერთი ან ორი წლის შემდეგ აუცილებლად იქნებოდა სხვა პირველი ოქტომბერი, იქნებოდა სისხლით, და მაშინ შლოპანცები კი არ იდებოდა კვერცხებზე, არამედ კვერცხი იქნებოდა შლოპანცის ქვეშ“ - ასე დავასრულე წინა სვეტი და შლოპანცით გაჭყლეტილი კვერცხი წარმოვიდგინე. ეგეთი ერთი ჩაუშესკუ მყავს ნანახი, მაგრამ 1989 წელს ნანახ ჩაუშესკუს დახვრეტაზე უმალ 19 წლით ადრე წაკითხული ლევან „გმირთა ვარამი“ გამახსენდა - გაცოფებულმა კახელებმა ცხენქვეშ, წიხლქვეშ და ხმალქვეშ რომ გაიგდეს კონსტანტინე-მირზა.
2003 წლის მთელი სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი ყვირილში გავატარე - მტრები მოდიან-მეთქი, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ კი ვთქვი: „რაც რუსთაველზე ჭადრებია, ყველაზე სათითაოდ უნდა ჩამოკიდო ესენი, ორმოცი დღე მზეზე უნდა ხმებოდნენ, ქარზე შრებოდნენ“.
ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა ასეთი რამ თქვა: „რაც კი თბილისიდან ქუთაისამდე ხეებია...“
ისე, რამდენი ხეა თბილისი-ქუთაისის ტრასის გაყოლებაზე? და, ყვარლიდან ბათუმამდე რამდენი იქნება?
რომ არა პირველი ოქტომბერი, ხეთა რაოდენობა აუცილებლად გვეცოდინებოდა, დავთვლიდით. ეს მოხდებოდა ერთი, ორი, სამი ან მეტი წლის შემდეგ, მაგრამ აუცილებლად მოხდებოდა. შერლოკ ჰოლმსი ამბობდა, წვეთ წყალზე დაკვირვებით ნიაგარას ჩანჩქერს და წყნარ ოკეანეს აღმოაჩენო, მაგრამ რას აღმოაჩენ იმ ბოლო წვეთზე დაკვირვებით, რომელიც მოთმინების ფიალას ავსებს? აღმოაჩენ გაცოფებულ ადამიანებს, ლინჩის სასამართლოს, ძალადობას, სისხლს, ქაოსს...
რომ არა პირველი ოქტომბერი, ეს აუცილებლად მოხდებოდა. პირველი ოქტომბერი იმისთვისაც მოხდა, ეს რომ არ მომხდარიყო. საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის მოხდებოდა და რა იქნებოდა ის ბოლო წვეთი, ან ბოლო წვეთები. როდის მოხდებოდა და რა იქნებოდა მანამდე.
ორი სიტყვით რომ ვთქვათ, პრეზიდენტის რეზიდენცია გადაეცემოდა პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ მინისტრი გახდებოდა ის, ვინც ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ანუ, არაფერი შეიცვლებოდა - იქნებოდნენ პოლიტმატიმრები, იქნებოდა ცოცხი, ციხიდან ყოველდღე გამოასვენებდნენ პატიმრის ცხედარს, გაგრძელდებოდა ბიზნესის დაყაჩაღება, უფრო აყვავდებოდა ელიტარული კორუფცია, გაკეთდებოდა მეტი ფარული ჩანაწერი, იქნებოდა ტოტალური თვალთვალი, საყოველთაო შანტაჟი, მიწების ჩამორთმევა და გასხვისება, სიმბოლურ ფასად ერთმანეთისთვის ქონების დარიგება, ცვედანი სასამართლო გაამართლებდა და მეძავი მედია გააპრავებდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იქნებოდა კოკი იონათამიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ბოლო-ბოლო, მაინც დალევდა სკოლის დირექტორების სისხლს, თეა თუთბერიძე გახდებოდა უნივერსიტეტის რექტორი, ხოლო როლანდ ახალაია აისრულებდა დიდი ხნის ოცნებას - ერთდროულად იქნებოდა სამეგრელოს გუბერნატორიც და სამხარეო პროკურორიც.
წელიწადში ერთხელ მივიღებდით „მაპზე უკეთესს“, წელიწადში ორჯერ აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველდღე აგვიხსნიდნენ ნულოვანი ტოლერანტობის სიკეთეს.
არ იქნებოდა 17 მაისი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზუსტად იციან, ვის, როდის, რა და როგორ გაუპროტესტონ.
შემდეგ... შემდეგ, რაღაცა ხომ უნდა გადაიფაროს რაღაცით? სამცხე-ჯავახეთს დაერქმეოდა ჩრდილოეთ ჯავახკი, იქნებოდა კიდევ ერთი ომი - დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული ჯარისკაცების მიტოვებული ცხედრები, ცოცხლად გადარჩენილი გმირების დაპატიმრება, ლაჩრების დაჯილდოება და მეძავ-მასაჟისტის მიერ ნაზად დაკბენილი მიშა-მაგარია სააკაშვილი.
ომის დღეებში კვლავ მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა-გადაფორმებით იქნებოდა დაკავებული თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბათუ ქუთელია, ან სხვა რომელიმე ბათუ ქუთელია. ეგეთები ბევრნი არიან. „შეეჩვიე მოგებას“ - გამოგვიცხადებდა ბრძოლის ველიდან გამოძურწული დავით კეზერაშვილი, ან სხვა რომელიმე კეზერაშვილი და დააფუძნებდა ნიკა მემანიშვილის სახელობის ოპერის მოყვარულთა საზოგადოებას, ხოლო თავად მემანიშვილი, ამ დროს ვენაში იქნებოდა, გიგი უგულავას ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე.
იქნებოდა პროტესტი, ჯერ - ჩუმი, შემდეგ - ხმამაღალი. იქნებოდა გამოსვლები, მაღაზიის სახურავზე კვლავ შემოყრიდნენ უკმაყოფილო მოქალაქეების გვამებს... მეორე დღეს ღირსების ორდენებს მიიღებდნენ ნინო ჩხეიძე და ლაურა ღაჭავა... სამხედრო აღლუმზე მწყობრი ნაბიჯით ჩაივლიდა ჯარი და...
რამდენი წვეთი ჩამოვთვალე, ბევრად მეტი შეიძლებოდა, მაგრამ რომელი იქნებოდა ის, რომელიც საბოლოოდ აავსებდა მოთმინების ფიალას?
გახსოვთ, რა მოხდა 1981 წელს ეგვიპტეში, სამხედრო აღლუმზე? - ჯარისკაცებმა იარაღი გადმოიღეს და ყველას თვალწინ მოკლეს ქვეყნის პრეზიდენტი, ანვარ სადათი. რუმინელებმა დახვრიტეს და დეკემბრის სუსხში ტალახში დაყარეს ჩაუშესკუ და მისი ცოლი. სურათებიც გადაუღეს. სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩეს, მუამარ კადაფი საწყალობლად იხვეწებოდა, არ მომკლათო. მოკლეს. გაცოფებულმა კახელებმა ცხენქვეშ, წიხლქვეშ და ხმალქვეშ გაიგდეს საკუთარ რძალზე მოძალადე, მამისმკვლელი კონსტანტინე-მირზა.
პირველი ოქტომბერი რომ არ ყოფილიყო, ერთ, ორ ან სამ წელიწადში აუცილებლად იქნებოდა ყოველივე ის, რაც ზემოთ ორი სიტყვით და რბილად ჩამოვთვალე - გაცოფებულ ადამიანები, ლინჩის სასამართლო, ძალადობა, სისხლი, ქაოსი...
ზუგდიდში ქვები დაუშინეს, ქუთაისში - დამპალი პომიდვრები, ბათუმში - ლაყე კვერცხები, გორში დედა აგინეს, თბილისში შემოულაწუნეს. იოლად გადარჩნენ. კირჩხიბი რომ მართლად არა ვალს, ძაღლის კუდი რომ არ განიმართების, მხოხავად შობილს ფრენა რომ არ ძალუძს და ღორი ერთი რამის ჭამას რომ არ მოიშლის - ეს ყველამ იცის. ვინც არ იცის, ჩართოს ტელევიზორი და მისი აღმატებულების, საქართველოს ვადაგასული ჯერ კიდევ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შემხედვარე, პირადად დარწმუნდება, რომ შუა თითისგან სალამური არ გაკეთდება.
მადლობა თქვან, რომ ქუჩაში დააბიჯებენ. მადლობა თქვან, რომ არსებობს ისეთი სიტყვა, როგორიც არის „კოაბიტაცია“. მადლობა უთხრან იმ ერთადერთ ადამიანს, რომლის ხათრითაც საქმე მსუბუქად შემოლაწუნებას არ გასცდენია, თორემ თელავში, თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ჯერ კიდევ ცხოვრობენ იმათი შთამომავლები, ცხენქვეშ, წიხლქვეშ და ხმალქვეშ რომ გაიგდეს საკუთარ რძალზე მოძალადე, მამისმკვლელი კონსტანტინე-მირზა.