რუსული არმიის ნაწილებმა, თითქმის ექვსთვიანი გააფთრებული ბრძოლის შედეგად, ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთის და სამხრეთის კვარტლები დაიკავეს. ფრონტის ხაზი ამჟამად ქალაქის ცენტრზე გადის. სხვადასხვა წყაროების ცნობით, თითოეული შენობის დასაკავებლად სისხლისმღვრელი ქუჩის ბრძოლა მიდის. ამის პარალელურად ვრცელდება ცნობები რუსების მხრიდან ახალი მასშტაბური შეტევისთვის მზადების შესახებ, რომელიც შესაძლოა ომის წლისთავზე - 24 თებერვალს დაიწყოს.
5 თებერვლის დილიდან რუსი სამხედრო მიმომხილველები „ტელეგრამ" არხზე აქტიურად აქვეყნებენ ცნობებს ქალაქ ბახმუტიდან უკრაინული ჯარის გასვლის შესახებ. ამასთან, რუსული წყაროებით ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც, მათი ინფორმაციით, ბახმუტში მიმდინარე ქუჩის ბრძოლებია ასახული. კვირას რუსების კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა ასევე განაცხადა, რომ უკვე ბრძოლა უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე მიდის და მის მებრძოლები თითოეული სახლისა და ქუჩის დაკავების მცდელობისას უკრაინელთა გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდებიან.
როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, ბრძოლა ბახმუტისათვის ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა სიტუაცია კრიტიკულია და იმასაც არ გამორიცხავენ, რომ უკრაინელებმა ქალაქიდან გეგმაზომიერი გამოსვლა დაიწყონ.
რაც შეხება შესაძლო რუსების გეგმებს, გამოცემა „მასკოვსკი კამსამოლეცი" წერს, რომ ომის დაწყების წლისთავზე, 24 თებერვალს რუსული არმია ახალ მასშტაბურ შეტევას წამოიწყებს. ამასთან, ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანალიტიკოსებიც ადასტურებენ, რომ რუსები ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის კონცენტრირებას ახდენენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში და ეს ყველაფერი მასშტაბური შეტევისთვის მზადებაზე მიანიშნებს.
ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ რუსეთის მხრიდან რაღაც ახალისთვის მზადება არ შეინიშნება და ისინი სტრატეგიული შეტევის წამოწყებას ასე მალე, 24 თებერვლისთვის ვერ მოახერხებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ დაწოლა გაიზარდოს ფრონტის იმ მონაკვეთებზე, სადაც უკვე მიდის სისხლისმღვრელი ბრძოლები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ მომენტისთის რუსეთის ფედერაცია ყურადღებას ამახვილებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლივკას მიმართულებებზე. თუმცა, მათი თქმით, შეტევების დროს რუსები ძალიან სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან.
გამოაცხადეს თუ არა უკრაინელებმა ბახმუტის ევაკუაცია
გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, სამხედრო თვალსაზრისით, ბახმუტის შენარჩუნებას უკრაინელებისათვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ბოლომდე გააგრძელებენ ქალაქისათვის ბრძოლას.
„თუ ქალაქში ბრძოლები მიდის, მაშინ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება. არაა გამორიცხული, რომ უკრაინელებმა ქალაქიდან გეგმაზომიერი გამოსვლა დაიწყონ.
„დიდი ხანია ვიძახდი და მიმაჩნია, რომ უკრაინელები რესურსს ტყუილად ხარჯავენ, უნდა გამოვიდნენ და მომზადებული თავდაცვის ზღუდეები დაიკავონ, რომელიც მათ გააჩნიათ. ეს თავდაცვის მხოლოდ პირველი ხაზია. ასეთი სულ სამი ხაზი აქვთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ამოცანები და მიზნები იყო, რომ რუსებისთვის „გამარჯვების" პრეცედენტი არ მიეცათ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცადებს, რომ ბახმუტში სიტუაცია რთულია, რუსებმა ქალაქის ჩრდილოეთი და სამხრეთ ნაწილი დაიკავეს და ბრძოლები ქალაქის ცენტრში მიდის, თუმცა ბრძოლები ქალაქის დასაცავად კვლავ გრძელდება.
„ბახმუტთან რთული სიტუაციაა. ეტყობა რუსებმა ამ ქალაქის აღებაზე დიდი ფსონი დადეს, რადგან სერიოზულად უტევენ. მსგავსი რამ უგლედარშიც უნდოდათ გაეკეთებინათ, მაგრამ არაფერი გამოსდით.
„ბახმუტში სიტუაცია კრიტიკულია, რუსებმა ქალაქის ჩრდილოეთი და სამხრეთ ნაწილი დაიკავეს და გააფთრებული ბრძოლა ცენტრში მიდის, მაგრამ უკრაინელები ქალაქს მაინც ბოლომდე იცავენ და ბახმუტის დატოვება ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ. უკრაინულიც და რუსული მხარეც აცხადებს, რომ ბრძოლები მიდის.
„თუ უკრაინელებმა ქალაქის ევაკუაცია გამოაცხადეს და შემდეგ რუსებმა სევერსკი-ავდეევკა და მარიინკა დაიკავეს, მაშინ ითვლება, რომ რუსები თავდაცვის მეორე ეშელონს გაარღვიეს, ბრძოლები თავდაცვის მესამე ხაზზე გადავა და დონეცკის რეგიონის სრულ ოკუპაციისთვის გადამწყვეტი ბრძოლები იქნება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ემზადება თუ არა რუსეთი დიდი შეტევისთვის
ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ რუსეთის ფედერაცია ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრირებას ახდენს „გადამწყვეტი შტევისთვის" დონეცკის ოლქში ბახმუტის მიმართულებით და ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილში. როგორც ანგარიშში აღნიშნულია, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ოკუპანტების სამიზნე ზაპოროჟიე იყოს.
მათივე შეფასებით, იმისთვის, რომ რუსებმა ერთდროულად მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს და დაიკავონ ზაპოროჟიე, ჯერ მტერმა უკრაინელთა ბევრი დიდი შეტევა უნდა გადალახოს.
„რუსეთს არ გამოუჩენია შესაძლებლობები გაუძლოს მრავალრიცხოვან ძირითად შეტევით ოპერაციებს, რომლებიც საჭირო იქნება ერთდროულად დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მისასვლელად და ქალაქ ზაპოროჟიეს დასაკავებლად", - აცხადებენ ანალიტიკოსები.
უკრაინელი სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი ალექსანდრე კოვალენკო მიიჩნევს, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ოკუპანტების დაჯგუფება გაცილებით სუსტი და დაუცველია, ვიდრე ლუგანსკის ან დონეცკის ფრონტზე. ამიტომაც ზაპოროჟიეზე შეტევის ნებისმიერი რუსული მცდელობა წარუმატებელი იქნება.
მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში რუსეთის ახალი ძირითადი შეტევა შესაძლებელია.
იანვარში კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალე მტერი შეეცდებოდა დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლას და ზაპოროჟიეს ოლქის მარცხენა სანაპირო ნაწილის დაკავებას.
გენერალ ვახტანგ კაპანაძეს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი 24 თებერვლისთვის სამხედრო დაპირისპირებაში ოპერატიული სიახლის შესატანად მზად იყოს და რაღაც ახალს ამზადებდეს. მისი თქმით, შესალოა ოკუპანტებმა დაწოლა იმ მიმართულებაზე გააძლიერონ, რაც უკვე აქტიურია.
„რუსებს შეტევა დაწყებული აქვთ და რამდენიმე თქვეა უკვე გრძელდება. რაღაც ახალი გადაჯგუფება-გადმოჯგუფებები არ ჩანს. რუსებს კონკრეტული მიმართულება აქვს არჩეული და აქ უტევენ. უბრალოდ, არსებულ მიმართულებებზე ხალხი შეჰყავთ და შეჰყავთ. ესაა ძირითადად ბახმუტი-სოლედარის და სამხრეთისკენ უგლედარის მიმართულება.
„ეს ორი მიმართულებაა, სადაც რუსები შეტევას ახორციელებენ, თუმცა ზაპოროჟიეშიც ბრძოლით დაზვერვა აქვთ, უფრო მეტად ცდილობენ, რომ უკრაინელები სხვა მიმართულებებზე შეზღუდონ და თავად მთავარი დარტყმა ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაზე განახორციელონ.
„ვერ გეტყვით ომის წლისთავთან დაკავშირებით რუსეთი დიდ შტევას აპირებს თუ არა, როგორც სჩვევია, შესაძლოა, მასიური სარაკეტო და საარტილერიო დარტმები განახორციელოს, თუმცა მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ დაპირისპირებაში ოპერატიული სიახლის შეტანისთვის და ახალი შტევებისთვის ახლა რუსეთი მზად იყოს.
„რუსებს გაცხადებული აქვთ, რომ დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა სურთ. არ მგონია, რომ რაღაც ისეთი გეგმები იყოს, რომელიც ოპერატიულ სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის.
„ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე რუსებს ახლა სუსტი დაჯგუფება ჰყავთ. პირიქით, ამ მიმართულებას მაქსიმალურად აძლიერებენ. უბრალოდ იქ უტევენ, სადაც გარკვეული უპირატესობა გააჩნიათ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსების მხრიდან გარკვეული მზადებები არის, თუმცა არა იმ ინტენსივობის, რომ დაახლოებით 2-3 კვირაში ახალ შეტევა იგეგმებოდეს.
„რუსეთის მხრიდან გარკვეული მზადებები არის, უკრაინის გენშტაბიც ამას ადასტურებს, მაგრამ შეტევა შეიძლება იყოს შუა გაზაფხულისთვის და არა ომის დაწყების წლისთავზე და ეს იყოს ზაპოროჟიე-ხარკოვის მიმართულება.
„რუსებმა ბელარუსი გამოიყენეს, როგორც მომზადების მთავარი ცენტრი და აქ მომზადებული დანაყოფები ფაქტიურად უკვე გადაისროლეს. როგორც ჩანს, გაზაფხულის შეტევას ამ ძალით აპირებენ.
„ახლა რუსებისგან არ შეინიშნება არც გადაადგილება და არც რაიმე მსგავსი. ასეთი ტიპის სტრატეგიული შეტევის მომზადება ასე მალე ვერ ხერხდება და 24 თებერვლისთვის არა მგონია რაიმე ახალს აპირებდნენ. როგორც ჩანს, ამ პერიოდისთვის ნავარაუდევია, რომ რუსული დაჯგუფებები იმ ლოკაციებზე უფრო გააქტიურდნენ, სადაც ცხელი ბრძოლები უკვე მიდის.
„რუსები ჩქარობენ, რომ გაცხადებული გეგმების შესრულება მანამდე მოასწრონ, სანამ უკრაინელებს დასავლეთისგან სამხედრო ტექნიკა მიეწოდება და ყველაფერი ამისკენაა მიმართული, მათ შორის რუსული მედიის მიერ გავრცელებული ცნობები და ა.შ.", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.