რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივ სანქციებზე მიერთება საქართველოს ეკონომიკას მძიმედ დააზარალებდა. ნაცვლად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა, მაღალი ალბათობით ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, - ამის შესახებ ეკონომისტმა და „ჯეოქეისის“ ეკონომიკურმა მრჩეველმა, ვახტანგ ჭარაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამას ადასტურებს კვლევა, რომელმაც შეისწავლა, თუ რა შედეგს მოიტანდა საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების უშუალოდ, ინდივიდუალურად, ერთი ერთზე დაწესება.
პრესკონფერენციაზე კვლევის დეტალები ეკონომისტმა, ნოდარ კაპანაძემ წარადგინა.
„3 სხვადასხვა სცენარი განვიხილეთ. უარესი შემთხვევა:
2022 წელს მივუერთდებოდით მთლიანად სანქციებს, მთლიანად დაიკეტებოდა რუსეთთან საგარეო ვაჭრობა და განულდებოდა მიღებული გზავნილები.
ოპტიმისტური სცენარი იყო, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა დაიკეტებოდა, მაგრამ რაღაც გზებით, შემოვლითი გზებით, ლოგისტიკური ჯაჭვების გადაწყობით და ა.შ. სანახევროდ მაინც შენარჩუნდებოდა ის ნაკადები, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა.
ასევე, შუალედური სცენარი, რომელიც ამ ორი უკიდურესი სცენარის საშუალოა. აქედან გამომდინარე მივიღეთ ასეთი შედეგი: 2022 წელს ეკონომიკის რეალური ზრდა მოსალოდნელია 10, 8 %. თუ მთლიანად მივუერთდებოდით სანქციებს, დაახლოებით 11 %-იანი ზრდის ნაცვლად, უარეს შემთხვევაში მივიღებდით 11, 4 %-იან ეკონომიკურ ვარდნას, რაც დაახლოებით არის 9, 2 მილიარდი 2015 წლის ლარის ზარალი. მიმდინარე ფასებში 2022 წლის ფასებში ესაა 14, 5 მილიარდი ლარი“, - განაცხადა კაპანაძემ.