ეს არის დაცვა ადამიანისა ცილისწამებისგან და არავითარ შემთხვევაში არ არის თავისუფალი აზრისა და სიტყვის შეზღუდვა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების კომენტირებისას.
„ქართული საზოგადოება სწორედ ითხოვს, რომ ვიცხოვროთ იმ კანონებითა და სტანდარტებით, რა კანონი და სტანდარტიც მოქმედებს ევროპის ქვეყნებსა და დემოკრატიულ სახელმწიფოებში. ამიტომ, ეს კანონიც ცილისწამებასთან დაკავშირებით სრულად შესატყვისია ევროპულ სტანდარტთან. აქამდე იყო ასე - მე შენ დაგაბრალებ და მერე შენ თავი იმართლე. დღეს უკვე ეს მოცემულობა ასე არ იქნება, ანუ ადამიანი საქართველოში იქნება დაცული. თუ ვინმე ვინმეს ცილს სწამებს, მაშინ ის ვალდებულიც ხდება, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი მტკიცებულებაც წარადგინოს. ასე, რომ ეს არის დაცვა ადამიანისა ცილისწამებისგან და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის თავისუფალი აზრისა და სიტყვის შეზღუდვა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილება და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები მიიღო.