ყოფილი დიპლომატი, ბრიტანელი ექსპერტი იან პრაუდი მოუწოდებს ქართულ ოპოზიციას, გაითვალისწინოს მისი აზრი იმის შესახებ, რომ ხმების მოპოვების საუკეთესო საშუალება საკუთარ ამომრჩეველთან და არა უცხოელებთან მეტი დროის დახარჯვაა.
ამასთან პრაუდი საკუთარ სტატიაში ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა ქვეყნის თუ კონკრეტული პირების მიმართ ევროპის მიერ გამოყენებულ სანქციებზე.
სტატიის ავტორი იხსენებს, რომ ევროპამ, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით შოკირებული იყო და უკრაინისა და აშშ-ის მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, 2014 წლის 17 მარტს ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ პირველად შემოიღო სანქციები და 21 რუს ჩინოვნიკს შეზღუდვები დაუწესა. უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროპამ რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ 2 ათასზე მეტი სანქცია შემოიღო.
„მაგრამ თქვენ გაგაოცებთ, როცა გაიგებთ, რომ ბევრი გვარი სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფის მიერ იყო შემოთავაზებული, მათ შორის უკრაინის მთავრობისა და აწ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მიერ.
რა თქმა უნდა, ლობისტები ბრიუსელისა და ლონდონის პოლიტიკური სტრუქტურის ნაწილი ხდებიან და ისინი საკუთარი ქვეყნების და დევნილობაში მყოფი მთავრობების კანონიერ მმართველებად აღიქმებიან“, - წერს პრაუდი.
„სანქციების შემოღების მოწოდებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურს მიაღწიოს იმას, რომ ის საქართველოს კანონიერ მმართველად აღიარონ, მიუხედავად იმისა, რომ მისმა კოალიციამ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ხმათა 10% მიიღო“, - აღნიშნავს ყოფილი დიპლომატი.
მისივე აზრით, ბრიტანელმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა ანკესზე წამოგებას თავი უნდა აარიდონ და არ აწარმოონ თვითგამანადგურებელი სასანქციო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც უკრაინაში უკვე ჩავარდა.
ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი, იან პრაუდი აქვეყნებს სტატიას, სათაურით - „ევროპული სანქციები ინდუსტრიაა, რომელიც ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად არის“.