არ არსებობს თამაში მხოლოდ თამაშისთვის, ბავშვებიც კი, რომლებიც ერთობიან, მიზანს ისახავენ და ეს მიზანი არის ფინალი, ხოლო ფინალში - გამარჯვება და ჯილდო, ანუ პრიზი, რომელიც შეიძლება იყოს ნაყინი - ბავშვისთვის, ხოლო მოზრდილებისთვის - „კაი სახინკლე“ ან, სამწვადე და ღვინო. წასაგებად არავინ თამაშობს. თამაშობ, რათა გაიმარჯვო და ეს ლოგიკურია. ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს: როდესაც სპექტაკლის პირველ მოქმედებაში კედელზე თოფს ხედავ, ზუსტად იცი, რომ მეორე ან მესამე მოქმედებაში ის აუცილებლად გაისვრის. როდესაც კედელზე ხედავ ცოცხს, ხვდები, რომ სპექტაკლი, ბოლოსკენ მაინც, პოლიტიკური დატვირთვას შეიძენს.
ეგ კი არა, ამას წინათ, შუადღის რომელიღაც გადაცემაში, ხერხემლის გამრუდებაზე საუბრობდნენ და ვანო გამახსენდა.
როდესაც უცქერ ანონსს „საქართველოს პრეზიდენტი სტუმრად „ნანუკას შოუში“ და ისმენ, რომ ეს იქნება „პრეზიდენტის ბოლო აპოლიტიკური ინტერვიუ“, რა თქმა უნდა ხვდები, რომ კვერცხებით და შლოპანცებით დაიწყება, ველოსიპედით გაგრძელდება და ბოლოს აუცილებლად იქნება ის მთავარი, რისთვისაც ის მასთან სტუმრად მიდის, მით უმეტეს, რომ „ნანუკას შოუში“ „პრეზიდენტი“ სულაც არ არის სტუმრად, ის, უფრო, მასპინძლია და უფრო მეტიც - იგი მასპინძელია იმ სამაუწყებლო კომპანიაშიც, რომელიც შოუს აჩვენებს.
საერთოდ კი, ყველანი წუთისოფლის სტუმრები ვართ, მაგრამ ბევრს ეს რატომღაც ავიწყდება ხოლმე და აქედან იწყება ყველაფერი.
მართლაც კვერცხით დაიწყო - კვერცხი რეზიდენციაში, კვერცხი სახლში, კვერცხი ქუჩაში, კვერცხი ველოსიპედზე, კვერცხი ვერტმფრენში... აი, კვერცხი კოშკზე ადის, კვერცხი კაფეშია, კვერცხი სამახსოვრო სურათებს იღებს სხვა კვერცხებთან... მოკლედ, კვერცხი არის ყველგან, გარდა მაცივრისა. ის ვადაგასული კვერცხია.
რაღა ბევრი ჩამოვთვალო, მაგრამ ვუყურებდი სააკაშვილს ნანუკაში, ანუ ნანუკას სააკაშვილში, და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი?“ პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, სამაგიეროდ არსებობს პასუხი კითხვაზე, რატომ და რისთვის ესტუმრა მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟლიანს იქ, სადაც თვითონ არის უპირობო მასპინძელი - „რუსთავი 2“-ის ეთერში.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ყველაფერი ბოლოს გაირკვა.
„ბიძინა ივანიშვილი?.. ჩვენ არასოდეს ვმეგობრობდით, სულ ოთხჯერ მყავს ნანახი. პოლიციის დაფინანსება?.. რას ამბობთ, განათლებაში და წესრიგის უზრუნველყოფაში ფული არასოდეს ჩაუდევს, რამდენიმე მერხი იყიდა და რამდენიმე მსახიობი დააფინანსა. პატარკაციშვილის ეშინოდა. სანამ ბადრი ცოცხალი იყო, ივანიშვილი ცდილობდა ვანოსთან ახლოს ყოფილიყო, შემდეგ კი, დაიკარგა, აორთქლდა, ვანოსთან აღარც მოსულა“.
და, თავისი ჭკუით, მაყურებელი გაოგნებულია - „ვანოს კალთას ეფარებოდა? ეს ვინ ყოფილა?!“ თავისი ჭკუით, მაყურებელი საგონებელშია ჩავარდნილი: „მაშ, პატარკაციშვილის ეშინოდა? რატომ ეშინოდა? რაღაცაშია საქმე! ბადრიც ხომ საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა?! რაღაცაშია საქმე!“
ბოლოს, როდესაც ტიტრები მიდიოდა, თვალებად ვიქეცი და ერთი-ორი ისეთი გვარი დავინახე, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგა - უნიჭობა შობს უნიჭობას და როდესაც სპექტაკლის პირველ მოქმედებაში შლოპანცებზე ლაყე კვერცხი დევს, სპექტაკლის ბოლოს მას აუცილებლად სუნი აუვა.
უნიჭო სპექტაკლი: „ეს პატარა წიგნი უძველესი ბიბლიაა, მაჩუქეს და ხელნაწერთა ინსტიტუტს უნდა გადავცე“ - ამბობს კვერცხი და ქათამი გამჭვირვალე ლიფტით კაბინეტში აყავს. „ამ რუკაზე ქართული ძეგლებია. სულ დავყურებ, რა არის აღსადგენი - ამბობს კვერცხი და ომს იხსენებს - განგაში რომ გამოცხადდა, პრეს-ცენტრის გოგოები ჩავიყვანეთ, ყველა რაკეტა აქ იყო დამიზნებული“. კვერცხი და ქათამი რეზიდენციის აივანზე გადიან. ისმის ნაღვლიანი მელოდია. სწორედ ასეთი მელოდია უხდება ასეთ სიტყვებს: „ბოროტსა სძლია კეთილმან“ - ეს იყო ჩემი პრეზიდენტობის დევიზი“.
რეპორტაჟის თბილისური ნაწილი სრულდება. პროდიუსერებს ყვარლის ტბაზე გადავყავართ. ბედნიერი ბავშვები აუზში ჭყუმპალაობენ. „150 მეტრი გზა იყო დარჩენილი, ოთხ დღეში დავამთავრებდით, რომ არა პირველი ოქტომბერი...“ - კვერცხი წინადადებას ვერ ასრულებს, რადგან ქათამი აწყვეტინებს: ეს გზა იმიტომ ხომ არ გააკეთეთ, თქვენს სახლამდე რომ მიდის?“
აჰააა... ქათამი ცდილობს, კლანჭები გამოაჩინოს, მაგრამ სად აქვს ქათამს კლანჭები? ქათამს აქვს ნისკარტი და კვერცხი სწორედ ამ ნისკარტში ჩრის პასუხს: „მე გზა რად მინდა, ჯიპითაც შემიძლია“.
ალბათ, თქვენც ნახეთ ეს ვისრამიან-ნანუკიანი და ალბათ თქვენც მიაქციეთ ყურადღება: „35 კილომეტრი ველოსიპედის გზა, მინუს 150 მეტრი... აქ ხალხი დადის, ტევა არ არის“. ალბათ, ყურადღებაც მიაქციაეთ და წარმოიდგინეთ კიდეც 35 კილომეტრი, რომელზეც ველოსიპედზე გადამჯდარი კახელების ტევა არ არის და იმ 150 მეტრს მისტირიან: „ეჰ, სად არის 150 მეტრი და კარგი ცხოვრება...“
თუმცა, კადრში მხოლოდ ორი ველოსიპედისტი ჩანს - კვერცხი და ქათამი. ტკბილად საუბრობენ. პირველობის გვირგვინი ქათამს კვერცხისთვის დაუთმია. წინ კვერცხი მიდის და ქათამს ეუბნება: „ჩამორჩი შენ. ნუ ჩამორჩები საზოგადოებას“.
„სახელმწიფო - ეს მე ვარ“ - ამბობდა მეფე-მზე, „საზოგადოება - ეს მე ვარ“ - მიაჩნია კვერცხს. „ესეც ჩემი სახლი“ - ამბობს და იქვე ნანობს: „ჯერ ეს მიწა უნდა მეყიდა და გზა და წყალი მერე უნდა გამეკეთებინა, გამიძვირდა და იმიტომ“. კადრში წიგნების თარო ხვდება, არც ერთი არ არის ქართული. „დავიწყოთ?“ - ეკითხება ლაურას რძალი და, იწყებენ.
„საქართველო იყო ბანძი, ახლა ისევ გაბანძების მცდელობაა“ - ამბობს მასპინძელი საყვედურით დასძენს: „ქართველმა ამომრჩეველმა საყვარელი საქმე წამართვა - ქვეყნის აღმშენებლობა“. მისი თქმით, ცათამბჯენებიანი ქვეყნის დაბომბვა უფრო ძნელი საქმეა ვიდრე უცათამბჯენოსი. „ავრანეთი ავიღოთ... უცებ დაცხრილავ, დაბომბავ, გადაუვლი“ - თვალები უბრწყინავს, სამხედრო სტრატეგია კარგად იცის.
პირადად მე, ის მომეწონა, ხათუნა კალმახელიძეზე რომ ყვებოდა - მონაკოში მილიონერი ბიძა ყავსო, მაგარი განათლება მიიღოო და იცით როგორ აღმოვაჩინეო? „გია (გრიგოლ) ვაშაძე ამაყობდა, ხომ მაგრად გამოვედი, ხომ მაგარი სტყვა ვთქვიო, მერე აღმოჩნდა, რომ ხათუნა უწერდა ტექსტებს“.
ის თუ გახსოვთ, ვაშაძემ ერთი-ორჯერ როგორ შეინავარდა? ხომ გახსოვთ? ნინო ანანიაშვილს უსწავლებია...
ძველი ანეკდოტია: გიჟმა სქელტანიანი წიგნი დაწერა. თავში წერია: „წავედი მამიდასთან სტუმრად ცხენით“, ბოლოში წერია: „მივედი მამიდასთან“. იმასა და ამას შორის კი, მთელი წიგნი არის ჭენება: „დინგი-დინგი“.
ეს ნანუკიანიც ეგრე იყო - ქათამი მიაჭენებდა კვერცხს. ლაზიკაში ჩაიქროლეს: „აქ ჭაობები უნდა ამოგვეშრო. არ დაგვცალდა. აქ სასტუმრო უნდა ყოფილიყო. არ დაგვცალდა. ამ გამგეობას მილიონები უნდა შემოეტანა. არ დაგვცალდა. მილიონობით ტურისტი უნდა ჩამოსულიყო. არ დაგვცალდა...“
ბათუმამდე ჩააღწიეს. „ეს ფასადი ვენაში ვნახე და გადმოვიტანე. ეს გუმბათი ვენეციაში ვიხილე და გადმოვიტანე. ეს შადრევანი ინსბრუკში ვნახე და გადმოვატანინე... მსოფლიო არქირექტურული პრემია მაქვს მიღებული“ - ქაქანებს და კოშკზე არბის. ქათამი ვერ ეწევა. „მეცოდებით“ - ეუბნება დაცვას. „რამდენი შეგძლებიათ! თქვენზე ამბობენ, დღეში ათჯერ ამოფიოდაო“ - ეუბნება კვერცხს. „სულ თავზე ვადექი“ - უხარია კვერცხს და აგრძელებს: „ეს დისკოთეკა სტამბულში ვნახე და აქაც გავაკეთეთ. ამას ხომ ხედავთ? აქ სტუდენტი იყიდიდა ბუტერბროდს და მთელი მსოფლიო მასზე ილაპარაკებდა. აქ შეიყვარებდნენ ერთმანეთს სტუდენტები. ჩემზე ამბობენ, გიჟიაო...“
ამბობენ, ნამდვილად ამბობენ, მაგრამ ცდებიან, ო, რა მწარედ ცდებიან. მოლა წისქვილში შევიდა და სხვისი ტომრიდან თავის ტომარაში ფქვილს ყრის. „რას აკეთებ, მოლა?“ - ეკითხება მეწისქვილე. „გიჟი ვარ“ - თავს იმართლებს მოლა. „თუ გიჟი ხარ, შენი ტომრიდან ამოიღე და სხვის ტომარაში ჩაყარე“ - ურჩევს მეწისქვილე.
კადრი კადრს მიყვება, ბათუმის ბულვარში მიაბიჯებენ. შოთას ბიუსტი და, იქვე, ქვაფენილზე წარწერა: „რასაცა გასცემ შენია...“
საღამოს, კაფეში სხედან, ენდშპილი ახლოვდება, ენდშპილში კი ის იყო, რაც დებიუტშივე მოგახსენეთ, ხოლო მიტელშპილში - დინგი-დინგი-დინგი. ქათამს მიაჭენებდა აქაქანებული კვერცხი. თუმცა, ფინიშამდე ჯერ კიდევ არის რამდენიმე მეტრი, სცენაზე მასხარა გამოდის. მასხარა კვერცხის როლს ირგებს, კვერცხი ნაჭუჭიდან ჟონავს და მასხარას კითხვებს აყრის: „რა შეცდომები დაუშვი? რაზე ნანობ?..“ ქათამი აღფრთოვანებულია. „პროდიუსერებს - საღოლ!“ - კაკანებს გულში და მართლაც საღოლ პროდიუსერებს, რადგან პასუხს კვერცხისთვის თავშივე დასმული კითხვაზე - „კიდევ გექნებათ პრეზიდენტობის შანსი?“ - ბოლოში ვიგებთ.
აუცილებლად ექნება - მისმა ჯგუფმა შექმნა ქართული სახელმწიფო, ბევრი ნაგავი მოიშორა, დაბრძენდა... „რუსეთს არ უნდა დავუჩოქოთ, ვიღაცეებს მოკლავენ, ვიღაცეები გადავრჩებით“ - დარწმუნებულია, რომ მას არ მოკლავენ. ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რადგან 9 წელი გავიდა და უკვე ყველა მიხვდა, ვინ ვისია და ვინ რაზე უკრავს.
„მალე აღარ იქნებით პრეზიდენტი...“ - ქათმის მხრიდან ასეთმა რეპლიკამაც გაიჟღერა. „ბევრი მყავს ასეთი მეგობარი, ყოფილი პრეზიდენტი. ბევრმა ამოისუნთქა, რომ თავისუფალია“ - უთხრა ამან და...
სწორედ ამაშია საქმე - თავისუფლად სუნთქვას დამსახურება უნდა.
დაიმსახურა? დაიმსახურეს?
ჯერ-ჯერობით, თავისუფლად დადის და სიმყრალეს აფრქვევს. ან შსს-მ და გარემოს დაცვის სამინისტრომ შექმნან ერთობლივი კომისია, თუ არა და, ალტერნატიული კომისია უკვე შექმნილია და მისი უმოქმედობა მხოლოდ ერთი ადამიანის დამსახურებაა.
ალალად ვიტყვი - ამ ადამიანს ძეგლი უნდა დავუდგათ ყველამ, განსაკუთრებით კი მათ, რომლებზე ნადირობის სეზონსაც უკვე დიდი ხნის წინ გახსნიდა ქართველი ხალხი, რომ არა ეს ადამიანი.
„რომ არა პირველი ოქტომბერი... რომ არა პირველი ოქტომბერი... რომ არა პირველი ოქტომბერი“ - გაუთავებლად იმეორებს ვადაგასული.
რომ არა ეს პირველი ოქტომბერი, ერთი ან ორი წლის შემდეგ აუცილებლად იქნებოდა სხვა პირველი ოქტომბერი, იქნებოდა სისხლით და მაშინ შლოპანცები კი არ იდებოდა კვერცხებზე, არამედ კვერცხი იქნებოდა შლოპანცის ქვეშ.