ენმ-ში ნიკა მელიას ჯგუფის დარჩენაც და ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობაც დროებითი მოვლენაა - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა. გარდა ამისა, მისივე შეფასებით, ხაბეიშვილის ზოგიერთი მხარდამჭერის განცხადებებში უკვე შეიმჩნევა გარკვეული უკუსვლა ხაბეიშვილის წინასაარჩევნო დაპირებებიდან.
„ამ პროცესს მთლად ასე მარტივად არ ვუყურებ. მგონია, რომ შემოდგომისთვის ენმ-ს მელიას გუნდი დატოვებს. ერთად ისინი ვერ იმუშავებენ და არც ეფექტური არ იქნება. ახლა სწორად მიმაჩნია მათი გადაწყვეტილება, რომ ჯერჯერობით პარტიაში რჩებიან, რადგან დრო სჭირდება იმის შეფასებას, თუ რა მოხდა და ხაბეიშვილი 2-3 თვის განმავლობაში რას გააკეთებს. ახლა მელიას და მის გუნდს არსად საჩქარო არ აქვს, პარტიის შიგნიით თანამდებობებზე უარი სწორად თქვეს და ახლა ელოდებიან რა გადაწყვეტილებებს მიიღებს და რამდენად მძლავრ აქციებს გამართავს ხაბეიშვილი.
„ხაბეიშვილს დაპირებების შესრულება მოუწევს. თუმცა, თუ ცისკარიშვილის გამოსვლას გავიხსენებთ, საპროტესტო აქციებზე მან რაღაც ახალი თეორია წამოაყენა - როგორ უნდა გამოცვივდეს ხალხი სახლებიდან და პროტესტი დაიწოს პარტიული მოწოდებების და დაგეგმვების გარეშეო. ამ გამონათქვამში პირადად მე უკვე დავინახე (და მგონია ასეც არის) გარკვეული უკუსვლა იმ დაპირებებიდან, რაც პარტიის ამ ნაწილმა თავიდან გასცა.
„ენმ-ს, რა თქმა უნდა, სურს, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ითანამშრომლოს და გარკვეული იმედებიც კი გაუჩინოს, რომ ერთიანი სია იქნება და ა.შ., მაგრამ როცა სიის შედგენაზე მიდგება საქმე, იქ უკვე პრობლემებს დაინახავს და შეიძლება უარი თქვას.
„მეორეც, კი ვამბობ, რომ „ნაცმოძრაობას" მელიას გუნდი გამოეყოფა, მაგრამ აქ კიდევ ერთი განვითარება შეიძლება იყოს - თუ ხაბეიშვილმა დანაპირების შესრულება ვერ შეძლო, შეიძლება მანაც დაკარგოს პოსტი და ვიღაც სხვა მოვიდეს.
„მაინც მგონია, რომ ხაბეიშვილი გარდამავალი ფიგურაა და დროებითი თავმჯდომარეა, სხვის მოსაყვანად. არ მგონია, რომ მის უკან მდგომ პირებს ის თავმჯდომარედ აწყობდეთ. რა თქმა უნდა, ამის არანაირი ფაქტობრივი მასალა არ გამაჩნია, მაგრამ ამ პროცესიდან მოვლენათა განვითარების ეს ვერსია შეიძლება დავინახოთ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".