Deep Purple-ს “ოქროს შემადგენლობა“, რომელმაც როკ სამყაროს თავი ოთხი საოცარი სტუდიური და ერთიც საკონცერტო ალბომით დაამახსოვრა, დღემდე როკ მუსიკის სამი თაობის მსმენელთა სადისკუსიო ნიადაგს ჰქმნის და არ არსებობს როკ მუსიკასთან შეხებაში მყოფი ადამიანი, ვინც გულგრილი იყოს როგორც ჯგუფის, ასევე განსაკუთრებით მისი ამ პერიოდის მოღვაწეობის მიმართ.
დღეს 1972 წლის შედევრ Machine Head-ზე გავამახვილებთ მკითხველის ყურადღებას. ამისათვის მოდით კიდევ ერთხელ გავიაროთ 37 წუთიანი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც მისდამი დამოკიდებულების მიუხედავად, ბევრმა ზეპირად ვიცით და ნებსით თუ უნებლიედ, კვლავაც ვაგრძელებთ მის მოსმენას, თუნდაც მსოფლიო მნიშვნელობის ჰიტის - Smoke On The Water-ის გამო.
დავიწყოთ იმით, რომ ამ ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი საოცარი უბრალოების მიღმა, ბევრი რამ არის დაფარული, ორაზროვანი და საკამათო. Machine Head საოცარი სიდინჯით გადმოგვცემს ჰარდ როკისათვის დამახასიათებელ დრაივს, ტემპერამენტს, ენერგეტიკასა და როკ’ნ’როლის უკვდავ სულს, რასაც ხელს უწყობს თითოეულ სიმღერაში მუსიკოსების საოცარი შეკრულობა, ერთსულოვნება და შესრულების ზეთავისუფალი ხელწერა, რაც ჰარდ როკ - ჰევი მეტალისათვის არასოდეს ყოფილა დამახასიათებელი. ასეთი ხელწერისთვის ლეგენდარულ ჯგუფს არც In Rock-ში არც Fireball-ში არ მიუღწევია. იყო კი ამის მცდელობა? სავსებით დასაშვებია, რომ Fireball-ში კი, მაგრამ შესაძლოა ოდნავ დაღვინება დააკლდათ, 1972 წლისათვის კი ჯგუფის ერთბაშად სამ მუსიკოსს უწია როკისათვის საკრალური - 27 წლის ასაკი. ასევე მეტი გამოცდილება შეიძინა დიდებულმა ხმის ინჟინერმა მარტინ ბირჩმა და ჯგუფმაც მიაღწია ეტალონურ სასიამოვნო ჟღერადობას, რაც ალბათ სანიმუშოა არა მარტო Deep Purple-თვის, არამედ ზოგადად 1970-იანი წლების როკ სტუდიისათვის.
ჟღერადობის უბრალოებით გამორჩეული Machine Head-ის ალბომის გარეკანზე ხუთეული ავანგარდულ მხატვრულ სტილშია გამოსახული და ნაწარმოების მუსიკალური შიგთავსის ფერებადაა მოხატული, რადგან აქ არცერთი მყვირალა ფერი არ შეინიშნება. უკანა გარეკანი იმავე ხასიათით გიტარას წარმოგვიჩენს, ხოლო შიდა გვერდები კი მთლიანად შავთეთრი ფოტოებითაა აღვსილი და შეძლებისდაგვარად გადმოგვცემს იმ დაუვიწყარი დღეების განწყობას, როდესაც იქმნებოდა სიმღერები, მომავალში ჰარდ როკის ანბანად და ოქროს ასოებით რომ ჩაეწერებოდნენ როკ საგანძურში. ფოტოებზე მოყვანილი პიროვნებებიდან ორი - ჯონ ლორდი და კიდევ მონტერეის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი - კლოდ ნობსი, უკვე ამ ქვეყნად აღარ არიან, რაც უფრო მეტად ამძაფრებს ალბომ Machine Head-ის მიმართ ქვეცნობიერ სიყვარულს...
ალბომის ერთგვარი მისტიკური და დაფარული მხარე მის ჟღერადობაში გამოიხატება. უცნაურია, მაგრამ იმავე პერიოდის ვერცერთ ალბომში (და ვერც შემდგომ), ვერ ვისმენთ აგრერიგად ჰაეროვან და მსუბუქ ჟღერადობას ჰარდ-როკული დრაივის ფონზე, რაც სათავეს საოცარი დინამიზმით იღებს გამხსნელი Highway Star-ის პირველივე ნოტებიდან. უნისონში მწყობრად დამწყებ გლოვერსა და ბლექმორს მალე გილანი მაფრენ ძალას ანიჭებს და ავტოსტრადის ვარსკვლავს პრიმიტიული და ბანალური ტექსტით მსმენელი ჯერ ჯონ ლორდის ბახნაზავ კასკადურ, ხოლო შემდგომ კი რიჩი ბლექმორის ქრესტომატიულ სოლოში გადაჰყავს, რომელიც მის შემოქმედზე უფრო ხშირად, Deep Purple-ს დღევანდელ გიტარისტს აქვს დაკრული, რადგან იგი ჯგუფში უკვე 17 წელიწადია, რაც იმყოფება...
მოგვიანებით დაიწერა, რომ ჯგუფმა Machine Head-ით სტუდიაში საკონცერტო ჟღერადობის მიღწევა განიზრახა. ჩვენ კი ეს ალბათ ისე უნდა გავიგოთ, თითქოს მათ თითოეული ინსტრუმენტის გაცოცხლება, მისი ამეტყველება გადაწყვიტეს და მარტინ ბირჩის პროფესიონალიზმისა და მონტროს სასტუმროს ჰოლის (სადაც იწერებოდა ალბომი) აკუსტიკის შერწყმის შედეგად, მათ ამას შესანიშნავად მიაღწიეს. შედეგად როკ სამყარომ იხილა სტუდიური ალბომი, რომლის სიმღერებიც ყველაზე ხშირადაა დაკრული კონცერტზე, დროთა განმავლობაში არასოდეს დაუკარგავს ეფექტი და ჟღერადობის თანამედროვეობაც მის განუყოფელ ნაწილად დარჩება, სანამ Deep Purple სცენაზე იქნება და იარსებებენ მისი საქმის გამგრძელებელი სხვადასხვა როკ ჯგუფები.
ალბომის პირველ გვერდზე კიდევ სამი სიმღერა Maybe I’m A Leo, Pictures Of Home და Never Before შევიდა. დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით სტივ მორსის პერიოდიდან მოყოლებული, პირველი ორი მათგანი ხშირ საკონცერტო ნომრებად იქცნენ, რაც Machine Head-ს უკვე მთლიანობაში საკონცერტო ალბომის მნიშვნელობას ანიჭებს. ამგვარ სტატუსს, ხომ ალბომის მეორე გვერდის ოდითგანვე სრული საკონცერტოობა განამტკიცებს...
ულამაზესი ბგერის სოლოებით აღჭურვილი Maybe I’m A Leo და Pictures Of Home (სოლოები ბლექმორი-ლორდი 2:1 + გლოვერის სოლო Pictures Of Home-ში), უაღრესად გემოვნებიანი ყურით, უნატიფესადაა არხების მიხედვით გადაწყობილი და ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც რომელიღაც პროდიუსერის ხელში, განუმეორებელი ბალანსი დარღვეულია Machine Head-ის კომპსაქტ დისკის 1997 წლის საიუბილეო გამოცემაში.
Never Before გამოცანაა, რადგან თითქოს შვიდ მუსიკალურ ნაწარმოებიან კრებულში, იგი ერთგვარი ამოვარდნა და „ჩვეულებრივი სიმღერაა“. სინამდვილეში ამგვარი სისუსტე მუსიკოსებმა სრულიად შეგნებულად დაუშვეს, განაწყვეს რა მსმენელი „კისრისტეხით“ ვინილის მეორე გვერდზე გადატრიალებისთვის. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბლექმორის შედარებით უფერულ სოლოს, სიმღერის ბოლოს ჯონ ლორდი შესანიშნავად ეპასუხება. იქამდე კი ძალზედ უცნაური და უფრო „ბიტლური“ მისამღერია, რომლის ხასიათით ორკესტრულ ნაწილს, მხოლოდ ბლეკმორის გიტარა აფორმებს...
ალბომის სრულიად საკონცერტო მეორე გვერდს Smoke On The Water ხსნის. ლეგენდის მიხედვით, სიმღერის სათაური ახლად გაღვიძებულმა როჯერ გლოვერმა იან გილანს ნახევრად ბურანში აუწყა, საბოლოოდ კი იდეამ რიჩი ბლექმორის ერთ-ერთ სახელგანთქმულ გიტარ რიფში ჰპოვა განხორციელება. სიმღერას საფუძვლად ფრენკ ზაპას კონცერტი დაედო, რომელსაც გლოვერი და პეისი ესწრებოდნენ. დარბაზს ცეცხლი მოეკიდა.ზაპამ მშვიდად განაცხადა, რომ „ჩვენთან ხანძარია“ და ზემოთხსენებული კლოდ ნობსის თაოსნობით, საზოგადოებამ დარბაზის დატოვება დაიწყო. როჯერ გლოვერი კი იმდენად მშვიდად გრძნობდა თავს, რომ ცეცხლის თანდათანობით მომძლავრების მიუხედავად, იგი კვლავ დაბრუნებულა დარბაზში ფრენკ ზაპას ახალი მოდელის სინთეზატორების დასათვალიერებლად...
მომდევნო Lazy და Space Truckin’ კი თურმე ჯგუფის ათწლეულების განმავლობაში საკონცერტო იმპროვიზაციულ ქვაკუთხედად უნდა ქცეულიყვნენ. ჯონ ლორდის კლასიკური ორღანით და რიჩი ბლეკმორის ბლუზ როკ ენერგეტიკით გაჯერებულ მრავალფეროვან ინსტრუმენტულ სოლოებს, კონცერტზე The Mule-ს არშესრულების შემთხვევაში სხვადასხვა დროს, Lazy-ში ხომ დრამ სოლოც ემატება ხოლმე.
სრულდება 37 წუთიანი ალბომი, რომელიც საოცრად მშვიდ და ამაღლებულ განწყობას გვიტოვებს. მთავარ შეკითხვას კი ვერასოდეს გავცემთ პასუხს. მაინც რომელი ალბომია გამორჩეული In Rock, Fireball თუ Machine Head. ფაქტი ერთია, რომ Machine Head ერთგვარად თუნდაც სულ ცოტა ხანში გამოსულმა უდიდესმა საკონცერტო ალბომმა Made In Japan დაჩრდილა, იმდენად ეფექტურად ჟღერს Machine Head-ის 4 სიმღერა ამ ნაწარმოებში.
მომდევნო ათწლეულების განმავლობაში კი Never Before-ის გამოკლებით, 1972 წელს ალბომში დაწუნებულ When A Blind Man Cries-თან ერთად, დანარჩენი სიმღერებიც Deep Purple-ის მუდმივ საკონცერტო ნომრებად იქცნენ. რა იქნებოდა, ვთქვათ, რომ ჯგუფი Machine Head-ის გამოსვლისთანავე საბოლოოდ დაშლილიყო? ამ ნამუშევრის მასშტაბებზე საუბარი „კონკურენტ ალბომებთან“ შედარებით მაშინ ხომ ერთის მხრივ უფრო ობიექტურად მოგვიწევდა, მაგრამ მეორეს მხრივ ვერასოდეს შევიცნობდით ალბომის იმ უდიდეს იმპროვიზაციულ გასაქანს, რომელმაც იგი არამარტო Deep Purple-ს, არამედ ზოგადად ბრიტანული როკის მამოძრავებელ მექანიზმად აქცია.