აშშ-ში, ტენესის შტატში ხუთ პოლიციელს წარედგინა ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით, მას შემდეგ რაც მათ მიერ დაკავებული სავარაუდო დამნაშავე დაკავებისას მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
შტატის ხელისუფლება შესაძლო საპროტესტო აქციებისა და არეულობებისთვის ემზადება, როგორც ეს 2020 წელს მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ მოხდა.
7 იანვარს ქალაქ მემფისის პატრული ცდილობდა, დაეკავებინა 29 წლის ტაირი ნიკოლსი ავტომობილის სახიფათო ტარების გამო. მან პოლიციის ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პატრული მას დაედევნა და დააკავა.
შემდეგ, როგორც ნიკოლსის ოჯახის ადვოკატების განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულს პოლიციამ „სასტიკად სცემა“. ტაირ ნიკოლსი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის 10 იანვარს გარდაიცვალა.
შიდა გამოძიების შედეგად ხუთივე პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვენ, გუშინ კი მათ ბრალი წარუდგინეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის, თავდასხმის და დამამძიმებელ გარემოებებში მოტაცების, სამსახურებრივი მოვალეობების გადამეტების მუხლებით.
სხვა მსგავსი საქმეებისგან ამ საქმის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ხუთივე ყოფილი პოლიციელი, ისევე როგორც ტაირ ნიკოლსი აფროამერიკელები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებებს შორის არ არსებობს რასისტული შემადგენელი, ნიკოლსის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ პრობლემა უკავშირდება ქალაქ მემფისის პოლიციელთა ქცევის კულტურას, რომელიც, მათი აზრით, გაჟღენთილია აფროამერიკელების მიმართ რასიზმით.