გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა სულ მცირე 35%-ით შემცირდა

გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა სულ მცირე 35%-ით შემცირდა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა სულ მცირე 35%-ით შემცირდა. როგორც გაეროს ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის შეჭრის გამო უკრაინის ბიუჯეტის ყოველთვიური დეფიციტი 5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გაეროს ეკონომისტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ევროკავშირი უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერის ფარგლებში 18 მილიარდ ევროს გამოყოფს, ეს შეიძლება არასაკმარისი იყოს.

„2023-2024 წლებში უკრაინის ეკონომიკის პერსპექტივები ძალიან გაურკვეველია და დამოკიდებული იქნება ბევრ ფაქტორზე, მათ შორის საბრძოლო ქმედებების შეწყვეტასა და აღდგენითი სამუშაოების დაწყებაზე. 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა სულ მცირე 35%-ით შემცირდა ინფრასტრუქტურის განადგურების გამო, მათ შორის რკინიგზის, საავტომობილო გზებისა და ხიდების განადგურების გამო. დარღვეულია საწარმოო და სავაჭრო საქმიანობა, აღინიშნება სამუშაო ძალის სერიოზული კლება მიგრაციისა და ჯარში გაწვევის გამო“, - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, უკრაინის ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს რუსეთის იერიშები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, პორტების ბლოკირება და თავდასხმები მეტალურგიულ ქარხნებზე.