შევარდნაძე-დემირელის კონფლიქტი

შევარდნაძე-დემირელის კონფლიქტი

დღეს, დილის 11 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი გაფრინდება ანკარაში,  სადაც უნდა გაიმართოს მისი მეორე ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. ეს ვიზიტი რამოდენიმეჯერ გადაიდო, მაგრამ დღემდე არავის უთქვამს – რატომ.

ნამდვილი მიზეზი კი, როგორც ჩანს, 1998 წლის აპრილ-მაისის მოვლენებში უნდა ვეძიოთ

მაშინ შევარდნაძე სტამბულში უნდა ჩასულიყო, რათა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ალბერტ გორთან ერთად მონაწილეობა მიეღო ორდღიან კონფერენციაში კასპიის აუზის საკომუნიკაციო მარშრუტებთან დაკავშირებით.

მაგრამ სულეიმან დემირელმა, ქართველ ელჩთან ერთ-ერთი შეხვედრისას, ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ტონით თქვა: ამერიკელები თავხედურად იქცევიან, ჩემს დაუსწრებლად ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე რაღაც „კონფერენციებს“ მიწყობენ და შევარდნაძე მაინც ნუ ჩამოვა - პატივი მცესო.

როგორ კი ამ სიტყვებმა ედუარდ შევარდნაძის ყურამდე მიაღწია, მან მალევე უარი განაცხადა სტამბულის კონფერენციაში მონაწილეობაზე. მისმა დემარშმა გვარიანი აურზაური გამოიწვია თურქეთშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

ამით ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობაც კი დაიძაბა. ალბერტ გორმა მკვახე წერილი გაუგზავნა დემირელს. დიპლომატიურ ფრაზეოლოგიას თუ მოვაშორებთ, წერილის არსი შემდეგი იყო: ისეთი რა მოხდებოდა, სტამბულში კონფერენცია რომ ჩაგვეტარებინაო.

დემირელი უმალვე მიხვდა - გადააჭარბა, ამიტომ ედუარდ შევარდნაძეს ბოდიშებით აღსავსე წერილი გაუგზავნა და თავად მიიწვია - „პირადად მე დაგხვდებით აეროპორტში, როგორც ჩემს ძმას..“, მაგრამ უკვე გვიან იყო. თუ გახსოვთ, შევარდნაძე სტამბულის კონფერენციაზე მაინც არ წავიდა და მხოლოდ გამოსვლის ვიდეოჩანაწერი გააგზავნა.

ეს ინციდენტი თურქეთის დიპლომატიურ წრეებში დღემდე ახსოვთ. ამიტომ ოფიციალური ვიზიტისათვის გულმოდგინედ ემზადებიან. ანკარაში იმასაც კარგად ხედავენ, რომ მათი გეოპოლიტიკური პრიორიტეტი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში „ბეწვზე ჰკიდია“. საკმარისია, საქართველოსთან ურთიერთობა გაუფუჭდეთ და მთელი გეოპოლიტიკური ძალისხმევა წყალში გადაეყრებათ. მაგალითად, საკმარისია ოფიციალურმა თბილისმა ერთხელ თქვას: პრიორიტეტს ბაქო-სუფსას ვანიჭებო (ბაქო-ჯეიჰანის საპირისპიროდ) და გეოპოლიტიკური კონსტრუქცია მთლიანად დაიშლება. დასავლურ ნავთობკომპანიებს ოღონდ ეს გააგონე - უმალვე მოიმიზეზებენ „საქართველოს პოზიციას“ და საკუთარ ადმინისტრაციაზე ზეწოლას გააძლიერებენ.

ისინი ისედაც წუწუნებენ: ბაქოდან ჯეიჰანამდე ძვირადღირებული ნავთობსადენის გაყვანა რა უბედურებაა, როდესაც სუფსამდე გაცილებით იაფი ჯდებაო. ანკარას ამ შემთხვევაში საქართველოს „მეგობრული“ პოზიცია შველის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული იქნებოდა გამოეყენებინა უკანასკნელი კოზირი და „ეკოლოგიური მოსაზრებით“ ბოსფორის სრუტეში ნავთობმზიდთა გასვლა აეკრძალა, რასაც უეჭველად მოჰყვებოდა საერთაშორისო დიპლომატიური გართულებანი - თურქეთი ამით დაარღვევდა „მონტრეს“ კონვენციას - შეიქმნებოდა მეტად საშიში პრეცედენტი, რასაც უეჭველად გამოიყენებდა რუსეთი. თვით ამერიკაც კი იძულებული გახდებოდა დაეტუქსა თავისი მოკავშირე, ვინაიდან „მონტრეს პრეცედენტი“ ეჭვქვეშ დააყენებდა საერთაშორისო ურთიერთობათა საფუძველს - საერთაშორისო სამართალს. ამის დაშვება კი ამერიკელთათვის, რომლებიც „ამერიკულ მსოფლიოს“ აშენებენ, კატეგორიულად მიუღებელია.

თურქეთთან ურთიერთობა მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ საერთაშორისო სამართალი ეჭვქვეშ დააყენონ. აქედან გამომდინარე, თურქეთი თვალისჩინივით გაუფრთხილდება საქართველოსთან ურთიერთობას. სანამ საქართველო მხარს უჭერს „ბაქო-ჯეიჰანის“ მარშრუტს, ანკარას არ სჭირდება „ბოსფორის კოზირის“ ამოქმედება - ნავთობსადენი ისედაც ამ მარშრუტით გაივლის, ვინაიდან სხვა გზა უკვე არ არსებობს.

ამიტომ, არ დაიჯეროთ, თითქოს თურქეთი, ნებისმიერი მესამეხარისხოვანი პრობლემის (ვთქვათ, „თურქი-მესხების“, ან აფხაზების) გამო, საქართველოსთან ურთიერთობას გაიფუჭებს. შესაძლოა, შევარდნაძის ვიზიტის დროს რომელიმე ჟურნალისტმა ასეთი კითხვა კიდეც დასვას, მაგრამ ანკარის პოლიტიკა ამ თვალსაზრისით უკვე გარკვეულია.

რაც შეეხება თურქეთიდან აფხაზეთში ტვირთების გაგზავნას (საზღვაო გზით), ქართულმა დიპლომატიამ ამ შემთხვევაში მეტი სიმკაცრე და გაბედულება უნდა გამოიჩინოს. ირაკლი მენაღარიშვილის უწყება ერიდება ანკარაში პროტესტების გაგზავნას, არადა ასეთი დემარშები უთუოდ გამოიღებდნენ სათანადო შედეგს და თურქეთი კერძო კომპანიებს ტვირთების აფხაზეთში გაგზავნას აუკრძალავდა.

გაუგებარია, რატომ არ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა დავიცვათ საკუთარი ინტერესები?! შესაძლოა, დემირელთან კონფიდენციალური შეხვედრის დროს ედუარდ შევარდნაძე შეეხოს კიდეც ამ თემას. ზოგადად კი, თურქეთი (რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს) დიდწილად დამოკიდებულია საქართველოზე ყველა იმ პროექტის განხორციელებისას, რომლებმაც ეს ქვეყანა XXI საუკუნეში რეგიონულ ზესახელმწიფოდ უნდა აქციოს.

რა თქმა უნდა, შევარდნაძის ვიზიტს სხვა ასპექტებიც აქვს. აბდულა ოჯალანის დაპატიმრების შემდეგ, ანკარას განსაკუთრებით სჭირდება საერთაშორისო კონტაქტები, - მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერა.

თურქებმა, ოჯალანის დაპატიმრებით, ერთი მხრივ, თითქოს სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ მეორე მხრივ, დიდ რისკზე წავიდნენ, ვინაიდან სატუსაღოში მყოფი ოჯალანი „ქურთთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოდ“ იქცევა.

თუ იგი არ მოინანიებს თავის მოღვაწეობას, ამით საკუთარი ხალხისა და მსოფლიოს თვალში „წამებულის გვირგვინს“ დაიდგამს.

იმავდროულად, ევროპული თანამეგობრობა თურქეთს საშუალებას არ მისცემს, ოჯალანის „გასატეხად“ გამოიყენოს წამება და სხვა ასეთი ხერხები - ეს გამორიცხულია. შევარდნაძის ვიზიტს თურქეთის ხელისუფლება უეჭველად გამოიყენებს იმისათვის, რათა დაადასტუროს, რომ ანკარას არ ემუქრება საერთაშორისო იზოლაცია და მეზობელი ქვეყნები თურქეთს მხარს უჭერენ.

„ქურთების“ პრობლემა არ არის ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ ქარაგმულად ყოველთვის უნდა მივანიშნოთ თურქეთს, რომ თუ რაიმე „შეეშლებათ“ - ამ ბერკეტს უეჭველად გამოვიყენებთ.

აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო ნებართვა თბილისში, თურქეთის საელჩოსთან, ქურთთა დემონსტრაციის გასამართად: არა უშავს, იცოდნენ ანკარაში, რომ თბილისი იმდენადვე სცემს პატივს თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას, რამდენადაც თურქეთი აღიარებს (საქმით და არა მხოლოდ სიტყვით) საქართველოს ერთიანობას. სწორედ ამ კონტექსტში, შევარდნაძის მომავალი ვიზიტის დროს აფხაზეთის თემატიკა ალბათ, ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება.

თურქეთი შეეცდება ქართულ პოლიტიკაზე ზემოქმედებისათვის დამატებითი ბერკეტები მოიპოვოს.

მაგალითად, თითქმის უეჭველია, რომ დადებითად გადაწყდება 50-მილიონიანი კრედიტის შემდგომი რესტრუქტურიზაციის საკითხი. უფრო მეტიც, თურქეთმა შეიძლება დამატებითი კრედიტები გამოგვიყოს. ოღონდ არა ისეთი კაბალური პირობებით, როგორც 1992 წელს ვიზიტის მსვლელობისას. დაგეგმილია ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის თაობაზე შეთანხმების მიღწევა. ვგულისხმობ პოლიტიკურ შეთანხმებას, თუმცა ინვესტორები მაინც მოსაძიებელი იქნება, ვინაიდან თურქეთსა და საქართველოს არა აქვთ საშუალება, ესოდენ ძვირადღირებული პროექტი დააფინანსონ.

ამერიკული კაპიტალი შეიძლება ამ საქმეშიც ჩაერთოს, ხოლო „სომხური ლობის“ წინააღმდეგობის დაძლევა კიდევ ერთი პრეცედენტი გახდება ამერიკელებისათვის და საერთოდ, ისინი უნდა მიეჩვიონ იმ აზრს, რომ თუ რეგიონში პოზიციის განმტკიცება სურთ, თუ უნდათ განხორციელდეს „ნავთობპროექტი“ - სომხეთის ინტერესებთან დაპირისპირება გარდაუვალი იქნება.

რა თქმა უნდა, ამერიკელებს ეს დიდად არ ეპიტნავებათ, - მათთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა ნავთობსადენის გატარება სომხეთიდან - თურქეთში და შემდგომ - ევროპაში.

ამ შემთხვევაში „მგლებსაც გააძღობენ და ცხვრებსაც შეინარჩუნებენ“, მაგრამ საბედნიეროდ, ბაქოში ეს ვარიანტი არც კი განიხილეს.

თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი პირველია ახალ, 1999 წელს. როგორც ჩანს, საგარეო პოლიტიკური ვექტორი მყარად იხრება „ჩრდილოეთიდან - დასავლეთისაკენ“ (იაპონიაც დასავლეთია). ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ დსთ-ს საწინააღმდეგო დემარშები, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებში (თურქეთში) ვიზიტამდე ე.წ. „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების“ პროლონგირებაზე უარის თქმა და საქართველოს გამოსვლა ОДКБ-დან.