აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უკრაინამ თავისი ყურადღება უნდა გაამახვილოს არა ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლებზე, არამედ ფრონტის სამხრეთ ნაწილში კონტრიერიშისთვის მომზადებაზე. ამის შესახებ თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით სააგენტო Agence France-Presse წერს.
ანონიმურობის დაცვის პირობით თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პრიორიტეტი, რომელსაც ოფიციალური კიევი ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლებს ანიჭებს, უშლის ხელს უკრაინას „მის ძირითად ამოცანაში - სამხრეთში სტრატეგიული იერიშის მომზადებაში“.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, „დრო მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ, რომელსაც საარტილერიო და ადამიანური რესურსის მხრივ უპირატესობა აქვს“. ამასთანავე, მისი განცხადებით, რუსეთის მიერ ბახმუტის აღება არ გამოიტანს რაიმე ხელშესახებ შედეგს, ვინაიდან უკრაინული ძალები კარგად დაცულ პოზიციებზე დაიხევდნენ უკან.
თეთრი სახლის მაღალჩინოსნის აზრით, კიევისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, უკან დაეხია საკუთარი ძალები, გადაემზადებინა ისინი აშშ-ის ხელმძღვანელობით და ჩამოეყალიბებინა „კარგად შეიარაღებული ქვედანაყოფები, რომლებიც სამხრეთში იერიშის დაწყებას შეძლებენ“.