პერუში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქ ლიმაში პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც სამართალდამცველებს ქვებს და შუშის ბოთლებს ესროდნენ.
პერუს სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ილავეში 1500-მდე დემონსტრანტი პოლიციის განყოფილებას დაესხა თავს და შენობას ცეცხლი წაუკიდა. ილავეში შეტაკებების შედეგად საავადმყოფოში 8 ადამიანი მოხვდა. ქვეყნის მასშტაბით, დაშავებულთა რაოდენობა 58-ს შეადგენს.
პერუში შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკემბერში კონგრესის დათხოვნის მცდელობის გამო პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტი პედრო კასტილიო დააკავა.