მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოლდოვაში მიმდინარეობს მსჯელობა ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმასა და „უფრო დიდ ალიანსში“ გაწევრიანებაზე. ამის შესახებ სანდუმ Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა მიმდინარეობს სერიოზული დისკუსია... ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე, შევძლებთ თუ არა ამის დამოუკიდებლად უზრუნველყოფას, უნდა გავხდეთ თუ არა უფრო დიდი ალიანსის წევრები. თუ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ნეიტრალიტეტი უნდა გადაიხედოს, ეს დემოკრატიული გზით უნდა მოხდეს“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მოლდოვის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება არ წარმოადგენს პროვოკაციას, როგორც ამას რუსეთი აფასებს.
„მოლდოვა მშვიდობიანი ქვეყანაა. მოლდოვას არ დაუწყია ომი საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ. რუსულმა პროპაგანდამ დაარწმუნა მოსახლეობის ნაწილი, რომ ნეიტრალიტეტის შემთხვევაში არაა საჭირო ინვესტიციები თავდაცვით სექტორში, რომ ნეიტრალიტეტი უმოქმედოდ ყოფნას და თავდაცვაზე უარის თქმას ნიშნავს, რაც ასე არაა“, - აღნიშნავს მაია სანდუ.