ბრაზილიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის თხოვნა, გამოიძიოს ქვეყნის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს როლი დედაქალაქში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებში. ამის შესახებ CNN Brasil-ი იტყობინება.
ბოლსონარუ გამოძიების ერთ-ერთი ფიგურანტი გახდა. გამოძიების ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება იყოს ქვეყნის დედაქალაქ ბრაზილიაში გამართული ძალადობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი წამქეზებელი და იდეოლოგი.
დანაშაულში ბოლსონარუს თანამონაწილეობის მტკიცებულებად პროკურორები სოციალურ ქსელებში მის განცხადებებს მიიჩნევენ. 10 იანვარს ბოლსონარუმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კიდევ ერთხელ შეიტანა ეჭვი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სამართლიანობაში, მოგვიანებით კი ვიდეო წაშალა.
ამჟამად ბოლსონარუ აშშ-ში იმყოფება. მან ბრაზილია 2022 წლის ბოლოს, თავისი უფლებამოსილების ამოწურვამდე 48 საათით ადრე დატოვა.
ბრაზილიაში დემონსტრაციების ტალღა საპრეზიდენტო არჩევნებში ჟაირ ბოლსონარუს დამარცხებამ გამოიწვია. ეს უკანასკნელი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ისევე, როგორც მისი მხარდამჭერები. ბრაზილიის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლულა და სილვას ინაუგურაციის შემდეგ ბოლსონარუს მხარდამჭერებში პროტესტი გამძაფრდა, რაც ბოლო დღეებში არეულობაში გადაიზარდა. დედაქალაქში დემონსტრაციის დროს ბოლსონარუს მომხრეები პრეზიდენტის სასახლეში, ასევე კონგრესისა და უზენაესი სასამართლოს შენობებში შეიჭრნენ.